პეტიციები ხელვაჩაურში – თვითმმართველობა მოთხოვნებს გაისად დააკმაყოფილებს

ხელვაჩაურის თვითმმართველობას სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ 5 პეტიციით მიმართა. მოთხოვნები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეხება. პეტიციები ხელვაჩაურის საკრებულომ გამგეობასთან ერთად გუშინ განიხილა და მიიჩნია, რომ „ხალხის მოთხოვნები მიზანშეწონილია“.

ამის მიუხედავად, პეტიციების დაკმაყოფილება წელს ვერ მოხერხდება იმ მოტივით, რომ ბიუჯეტი უკვე დაგეგმილია. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას პეტიციებით მოთხოვნილი პროექტების განხორციელებას მომავალი წლიდან დაჰპირდა.

პეტიციებით მოსახლეობამ მოითხოვა: სოფელ ახალსოფელში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა; სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის აშენება; სოფელ მახოში კულტურის ცენტრის აშენება; სოფელ წინსვლაში №20 ქუჩის რეაბილიტაცია და ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბაში, სადაც საჯარო რეესტრის მონაცემებით დამისამართება გაკეთებულია, აბრებისა და ნიშნულების განთავსება.

პეტიციებს მოქალაქეები ამზადებენ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ფარგლებში – „პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობებში“. მოქალაქეები საკრებულოებში სხდომებს ესწრებიან და თავად ასაბუთებენ საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობას. პროექტი სამწლიანია და მისი ავტორები ამ პერიოდში სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან აპირებენ შეხვედრებს. ისინი მოსახლეობას მათთვის სასურველი პეტიციის მომზადებაში დაეხმარებიან.

ფოტოზე: სოფელ მახოში მცხოვრები მიხეილ საფარიძე  ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე. წყარო: „დემოკრატიის ინსტიტუტი“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი