მთავარი,სიახლეები

„მერი ძველ ბათუმში მშენებლობის შესაზღუდად თავისავე პრაქტიკას არ იყენებს”

24.02.2017 • 3826
„მერი ძველ ბათუმში მშენებლობის შესაზღუდად თავისავე პრაქტიკას არ იყენებს”

ბათუმელი სამოქალაქო აქტივისტები ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვს მეორედ შეხვდნენ. მერმა მორატორიუმის სამართლებრივი საფუძვლების მოსამზადებლად ათი დღის ვადა ითხოვა, მაშინ, როცა ბათუმის მერია მსგავს პრაქტიკას 2013 წლამდე, წლების განმავლობაში მიმართავდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტებით გუშინ მერთან შეხვედრაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის წარმომადგენელი ნათია ზოიძე მივიდა.

„პირველი შეხვედრა დასრულდა იმ შეთანხმებით, რომ მერი იურისტებთან ერთად მოძებნიდა სამართლებრივ გზებს – მოქალაქეების ინიციატივა ქალაქის ისტორიულ ნაწილში მშენებლობის ნებართვის დროებით გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო გათვალისწინებული. შეზღუდვა დაწესდებოდა მანამ, სანამ  მერია მოამზადებდა ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას“, – აცხადებს ნათია ზოიძე.

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მიერ გამოცემული განკარგულება #540. 2007 წელი

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მიერ გამოცემული განკარგულება #540. 2007 წელი

სამოქალაქო აქტივისტები ელოდნენ, რომ მეორე შეხვედრაზე გიორგი ერმაკოვი მათ წარუდგენდა ამ საკითხზე თავის ჩამოყალიბებულ ხედვას. შუალედურ  პერიოდში „ბათომმა“ ონლაინპეტიცია მოამზადა, რითაც ისევ დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვდა ქალაქის ისტორიულ ნაწილში. 10-დღიანი პაუზის შემდეგ უკვე მეორე შეხვედრა შედგა მერსა და მოქალაქეებს შორის.

„ჩემი დაკვირვებით, პირველი და მეორე შეხვედრა, შედეგის თვალსაზრისით, არ იყო განსხვავებული. მერმა თქვა, რომ მას სჭირდება კიდევ 10 დღე სამართლებრივი გზების მოსაძებნად. ეს კითხვებს აჩენს: მერს ან პოლიტიკური ნება არ გააჩნია საკითხის გადასაწყვეტად, ან სახეზე გვაქვს კომპეტენციის პრობლემა. ამის თქმის საფუძეველს მაძლევს ის, რომ მერია არ დაეყრდნო თავის პრაქტიკას, რომელსაც იყენებდა 2007-2013 წლებში. ამ წლებში ბათუმის მერია, საკრებულოს თანხმობით, მიმართავდა ქვეყნის პრემიერს ქალაქ ბათუმის ისტორიულ  ნაწილში მშენებლობის ნებართვის შეზღუდვის თაობაზე. ეს თავდაპირველად  იყო ერთწლიანი შეზღუდვა. 2010 წელს კი ბათუმის მერიამ და საკრებულომ მიიღეს 3-წლიანი შეზღუდვის უფლება ისტორიულ ნაწილში. 2013 წლიდან ბათუმის მერიას ეს პრაქტიკა აღარ  გამოუყენებია. შესაბამისად, ბოლო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა მაღალსართულიანი მშენებლობები ბათუმის ისტორიულ ნაწილში. იურისტები, რომლებიც ამ დოკუმენტაციაზე მუშაობდნენ 2007 -2013 წლებში, დღესაც მერიასა და საკრებულოში მუშაობენ. მერს თავის იურიდიულ სამსახურთან კომუნიკაცია არ აქვს? აბა, რით ავხსნათ ეს? თუ ნება გაქვს და დრო არ გაქვს, მერიის არქივიდან  დოკუმენტის ამოღებას და ახალი დოკუმენტის მომზადებას 4 წელი არ სჭირდება“, – ამბობს ნათია ზოიძე.

2007 წელს, ძველი ბათუმის ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდში, ქალაქმშენებლობის რეგულაციების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე განკარგულება, ბათუმის საკრებულოს თხოვნით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გამოსცა.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ „დროებითი შეზღუდვის პერიოდში „ძველი ბათუმის“ ტერიტორიაზე მშენებლობა, რეკონსტრუქცია და დემონტაჟი მხოლოდ ქალაქმშენებლობის დადგენილი რეგულაციების განსაკუთრებული რეჟიმით გათვალისწინებულ შემთხვევებში იქნებოდა შესაძლებელი“. ეს გადაწყვეტილება  ბათუმის მერიის დასაბუთებული წერილობითი წინადადების საფუძველზე უნდა მიეღო აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ დროებით კოლეგიურ ორგანოს – განაშენიანების რეგულირების საბჭოს.

მსგავსი შინაარსის განკარგულება, ბათუმის საკრებულოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ 2013 წლამდე რამდენჯერმე გამოსცა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: