სიახლე

სასკოლო კლუბების ინიციატივების დასაფინანსებლად განათლების სამინისტრო კონკურსს აცხადებს

სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებისთვის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსს აცხადებს.

სამინისტრო “სასკოლო კლუბების ინიციატივების” ფარგლებში აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებს დააფინანსებს.

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა  შეადგენს 1000 ლარს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით  შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში სპეციალური სააპლიკაციო ფორმა უნდა წარადგინონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაციების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან; ასევე აპლიკანტებს, რომლებსაც სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში 2014  – 2016  წლებში არ მიუღიათ დაფინანსება. უპირატესობა ენიჭება ასევე იმ აპლიკანტებს, რომლებიც პროექტის განაცხადს სრული, ორგანიზებული და თანმიმდევრული ფორმით წარადგენენ;  დამაჯერებლად დაასაბუთებენ პროექტის ეფექტურობას; ჩართავენ თავიანთ აქტივობებში საზოგადოების სხვადასხვა ფენებს.

ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან