კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

გამოძიება დამნაშავის სასარგებლოდ – ადამიანის დაჭრისთვის მსჯავრდებული 1000 ლარით დააჯარიმეს

12.12.2016 • 10016
გამოძიება დამნაშავის სასარგებლოდ – ადამიანის დაჭრისთვის მსჯავრდებული 1000 ლარით დააჯარიმეს

აზერბაიჯანის მოქალაქეს, არაზ ზეინიევს ქართულ გამოძიებასთან აქვს პრეტენზია. ის ამბობს, რომ მისი ჩვენება შეცვალეს. არაზი ამ ზაფხულს ქობულეთში, სოფელ ციხისძირის ერთ-ერთ ზღვისპირა კაფეში დაჭრეს. გამოძიების მტკიცებით, არაზს გაუფრთხილებლად ნასროლი ტყვია მოხვდა და მისი ჩვენებაც ამას მოწმობს. სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდებული მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდა. მსჯავრდებულს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა, თუმცა ამით პროკურატურა არ დაინტერესებულა. საქმის პროკურორი, დავით კირჩხელი და მსჯავრდებული იოსებ მინაშვილი თანასოფლელები არიან.

„იმ დღეს ძალიან წვიმდა… მოგზაურებიც და ადგილობრივებიც ლუდის დასალევად პლაჟთან ახლოს კაფეში ვიყავით შეკრებილები,“ – გვიყვება არაზ ზეინიევი. ის საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულა და ციხისძირში კარვებისთვის განკუთვნილ ადგილას რამდენიმე დღე გაჩერებულა. ინციდენტი 8 ივლისს, ღამის თორმეტის ნახევარზე მოხდა:

„კაფეში ვიჯექი ახალგაცნობილ ადამიანებთან ერთად, როცა ის შემოვიდა. ვიცნობდი, კემპინგის ბიზნესში იყო ჩართული, რამდენჯერმე გამომელაპარაკა მანამდე. მოგვიახლოვდა მაგიდასთან და მკითხა, სროლა არ გიყვარსო?

შორტებისკენ წაიღო ხელი, შავი ფერის ცეცხლსასროლი იარაღი დამანახა და მომმართა, მოდი აქ, ბოთლებს და ლოდებს ვესროლოთო. ვუთხარი, რომ ასეთი რამეები არ მაინტერესებდა. გაუკვირდა, რატომო, რეალურ მამაკაცს ეს უნდა მოსწოდეს, კაცი არ ხარო? ისევ უარი ვუთხარი. მარტო ქალებს ეშინიათ იარაღის, ისინი სუსტები არიან და კაცებს უნდა ემორჩილებოდნენო. კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ სროლა არ მინდოდა. მერე მკითხა, მამაკაცებს შორის სექსუალურ კავშირზე რას ფიქრობო. ვუთხარი, რომ ადამიანებმა ის უნდა აკეთონ, რაც მოსწონთ-მეთქი. მკითხა, „პიდარასტი“ ხარო? ვუთხარი, რომ ასეთი თვითონ იყო. იარაღი დამიმიზნა და მარცხენა ფეხში მესროლა… რამდენიმე წამში, როცა გონს მოვედი, სისხლით დასვრილი, საკუთარი ჯინსის შარვალი დავინახე, ძალიან მტკიოდა ფეხი“.

იგივე სცენა სხვაგვარადაა აღწერილი სასამართლო განჩინებაში. გამოძიების მტკიცებით, მათთან სულ სხვა რამ თქვა არაზმა: „არაზ ზეინიევის ჩვენების მიხედვით, ის იმყოფებოდა კაფეში, სადაც შევიდა იოსებ მინაშვილი, რომელსაც ხელში ეჭირა შავი პისტოლეტი და ათვალიერებდა მას. დაახლოებით ორ წუთში მოხდა აღნიშნული პისტოლეტიდან გასროლა. გასროლილი ტყვია მას მოხვდა მარცხენა ფეხში, მუხლთან ახლოს, რის გამოც იგრძნო ძლიერი ტკივილი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანით იქნა გადაყვანილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება“.

არაზის თქმით, შემთხვევას რამდენიმე ადამიანი შეესწრო. „კემპინგის ბიზნესს ვინც უფროსობდა, იმან მითხრა, იქნებ პოლიციას არ მოუყვე ეს ამბავი, ჩვენს ბიზნესზე ცუდად იმოქმედებსო. უარით გავისტუმრე. მერე სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა და გადამიყვანეს. საავადმყოფოში მითხრეს, რომ ოპერაცია მჭირდებოდა…“

მეორე დღეს არაზთან პოლიციელები მისულან. ხუთი-ექვსი იყვნენო, ასე ამბობს. ერთი მისვამდა რუსულად შეკითხვებს და მეორე ხელით იწერდაო. „მხოლოდ ერთ-ერთის სახელი მახსოვს, მირზა მიქელაძე. საავადმყოფოში მოვიდა ჩემთან პროკურორი დავით კირჩხელიც. რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოდან წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და ჩვენების ამობეჭდილ ვერსიას ხელი მოვაწერე. ჩვენება დაახლოებით 4-5 გვერდი იყო ქართულად, ვერაფერი გავიგე. ერთ-ერთმა გამომძიებელმა ჩვენების მოკლე შინაარსი გადმომცა რუსულად. მითხრა, ის წერია, რაც მოგვიყევიო. თარჯიმანი არ იყო, რომ დეტალები გამეგო. იქვე ამოვიცანი ის პირი, ვინც დამჭრა… წამოსვლის დროს კემპინგის ადგილას გამოვიარე ჩემი ბარგის წამოსაღებად. კემპინგის უფროსი დამხვდა, რომელმაც იმ დღეს გაჩუმება მირჩია. 1500 ლარი გადმომცა. მითხრა, ამ ფულს მკურნალობისთვის გაძლევს დაპირისპირებული მხარეო. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. წავედი იმ იმედით, რომ დამნაშავეს საკადრისად დასჯიდნენ“.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჩაქვის რაიონულმა პოლიციამ დაიწყო. იოსებ მინაშვილმა ბრალი დაკავებისთანავე აღიარა და მას მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 3-ათასლარიანი გირაო 4 აგვისტოს შეუფარდა. დაჭრის ფაქტს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით კვალიფიკაცია მისცა, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანების გაუფრთხილებლად მიყენებას გულისხმობს.

„პროკურატურის ვალდებულებაა, უპირველეს ყოვლისა, დანაშაულის მოტივით დაინტერესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, საქმის კვალიფიკაცია არასწორად მოხდეს,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.  ეს ორგანიზაცია არაზ ზეინიევის საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, როცა დაზარალებულს პროკურატურის მიმართ გაუჩნდა ეჭვები. საქმის მასალებს ჯერ გიორგი ხიმშიაშვილი არ გასცნობია. კითხვები გაუჩნდა მასაც, რადგან ის, რაც სასამართლო განჩინებაში წერია, არსებითად განსხვავდება დაზარალებულის მონაყოლისგან: „დაზარალებული აცხადებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა განზრახ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არის გაუფრთხილებლობის კვალიფიკაციით.“

„სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება,“ – ვკითხულობთ სასამართლოს განაჩენში, რომელიც მიმდინარე წლის 22 სექტემბრით თარიღდება და რომელსაც მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი აწერს ხელს.

სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, იოსებ მინაშვილმა „ესკორტ 2008 მაგნუმის“ მოდელის პისტოლეტიდან გაისროლა, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, არაზ ზეინიევს მიადგა სხეულის მსუბუქი დაზიანება. სასამართლომ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისთვის იოსებ მინაშვილი მხოლოდ 1000 ლარით დააჯარიმა. სასამართლო განაჩენში ვკითხულობთ:

„იოსებ მინაშვილს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს იოსებ მინაშვილის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას“.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ განსაზღვრული კვალიფიკაცია სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმას [ჯარიმის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს], ან გამასწორებელი სამუშაოს შეფარდებას მოიცავს, სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ მაინც გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 17 ნოემბერს უცვლელი დატოვა.

რატომ არ დაიწყო გამოძიება, როგორც განზრახ ჩადენილი დანაშაული, რაც ბევრად მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე გაუფრთხილებლობით ჩადენილი? – კითხვა საქმის პროკურორს, დავით კირჩხელს დავუსვით: „დაზარალებული არ ამბობდა მაგას, რომ განზრახ მოხდა გასროლა. ჩვენება ჩაწერილია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. მე პირადად ვესაუბრე დაზარალებულს საავადმყოფოში, მაშინაც იმავეს ამბობდა… სხვა კითხვებზე მერე გიპასუხებთ, როცა შვებულებიდან დავბრუნდები“.

„შესაძლოა, ახლა პროკურატურამ განაცხადოს, რომ ისინი დაეყრდნენ დაზარალებულის ჩვენებას, მაგრამ მხოლოდ დაზარალებულის განმარტება არ არის არსებითად განმსაზღვრელი,“ – განმარტავს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. ის არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულმა შესაძლოა დამალა კიდეც რეალური ინფორმაცია, თუმცა ამას არ უნდა შეეშალა ხელი, სრული სურათი შეესწავლა გამოძიებას: „ხშირ შემთხვევაში დაზარალებულები სხვადასხვა მოტივით ცდილობენ დამალონ რეალური ინფორმაცია. ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს მათი შიშით, დაუცველობის განცდით, სტრესულ მდგომარეობაში ყოფნით… ამიტომ გამოძიების ვალდებულებაა საქმე ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიძიოს და არ მისცეს შესაძლებლობა ბრალდებულებს, თავი აარიდონ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. ამ საქმეზე საია მოკვლევას აგრძელებს და შესაბამისად, ვცდილობთ მივიდეთ იმ დასკვნამდე, თუ რამ განაპირობა საქმის სსკ-ის 124-ე მუხლით კვალიფიკაცია.“

„ბათუმელები“ მსჯავრდებულ იოსებ მინაშვილს ტელეფონით ესაუბრა: „ეს იყო შემთხვევითობა და მაგასაც აქვს ჩვენება მიცემული, სასამართლო პროცესი დამთავრებულია მაგასთან დაკავშირებით და ყველაფერი გაირკვა. ჯარიმა გადავიხადე, მკურნალობის ხარჯი დავუფარე და რა უნდა ბოლო-ბოლო? მაგას ვიცნობდი მე, ურთიერთობა მქონდა და ახლა საით მიერეკება არ ვიცი.  მეტს აღარ გიპასუხებთ, საკმარისი დრო დაგითმეთ…~

საუბრიდან რამდენიმე წუთში იოსებ მინაშვილი თავად დაგვიკავშირდა და ხელახლა გვკითხა, რომელ მედიასაშუალებას წარმოვადგენდით. ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება. პასუხი ასეთი მივიღეთ: „იმ დღეს ვიპოვე ეს იარაღი შემთხვევით, იარაღის ტარება მე არ ვიცი, ძველი იყო და მოხდა მოულოდნელად გავარდნა. ვიპოვე ეს იარაღი და შევედი ბარში, ეგენი იქ იყვნენ. მერე ჩავბარდი პოლიციას და იარაღიც ჩავაბარე.“

დამატებით კითხვებს იოსებ მინაშვილმა ისევ აღარ უპასუხა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის სამთავრობო დაცვაში მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. ამჟამად იოსებ მინაშვილი უმუშევარია. იოსებ მინაშვილთან პროკურატურას არ გასჩენია კითხვები ცეცხლსასროლი იარაღის ტარების გამო.

იოსებ მინაშვილი და დავით კირჩხელი თანასოფლელები არიან. ორივე სოფელ ციხისძირში ცხოვრობს. რატომ არ მოითხოვა პროკურორმა აცილება, როცა საქმე თანასოფლელს ეხებოდა? ამ კითხვაზე პროკურორის, დავით კირჩხელის არგუმენტი ასეთია: „მერე რაა, რომ ერთი კუთხის შვილები ვართ? არაა ასე. მე არც ვიცნობდი მაგას და არანაირი სხვა საფუძველი არ არსებობს. ვთიშავ ტელეფონს, დაკავებული ვარ.“

„მოტივაცია იყო ჰომოფობია – აგრესორი იყო დარწმუნებული, რომ ჰომოსექსუალი ვარ. მე გრძელ თმას ვატარებ და ბლანჟეს. აუცილებლად გავასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას, თუნდაც ევროპის სასამართლო დამჭირდეს,“ – მოგვწერა საუბრის ბოლოს არაზ ზეინიევმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: