გიორგი ერმაკოვი
ფოტო: ლელა დუმბაძე

ბათუმის მერის მივლინებების შედეგი

ბათუმის მერი ყველაზე ხშირად მივლინებით გერმანიაში დადის. გიორგი ერმაკოვი ყოფილა თურქეთში, ბელორუსში, ლატვიაში, ავსტრიაში, სომხეთსა და ეგვიპტეში. რა შედეგი მოიტანა, მაგალითად, ეგვიპტეში, ქალაქ შარმ ელ-შეიხში ვიზიტმა? – გიორგი ერმაკოვი კონკრეტულ შედეგს ვერ გვისახელებს. ამბობს, რომ ტერორისტულმა აქტმა შეუშალა ხელი ურთიერთობების გაღრმავებაში.

„კარგად ნახეთ მაქ, ფული რამდენი დაიხარჯა და როგორ დაიხარჯა…“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა, როცა მას მივლინების თემაზე ტელეფონით ვესაუბრეთ.

ეგვიპტეში გიორგი ერმაკოვს ახლდნენ მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი და ლაშა ნაკაშიძე _ მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის, საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი. ვიზიტში მერიის ბიუჯეტიდან 2061,36 ლარი დაიხარჯა.

„შარმ ელ-შეიხიდან მანამდე იყო ჩამოსული დელეგაცია და გამოხატეს ინტერესი ბათუმის მიმართ. დავგეგმეთ კულტურული ღონისძიებების გაცვლა, მაგალითად, ენვერ ხაბაძის ქორეოგრაფიული ანსამბლი, ჩვენი ქორეოგრაფიული ჯგუფები ჩავიდოდნენ იქ და ეგვიპტელებისთვის ცნობილი გახდებოდა საქართველო, ჩვენი რეგიონი. თავისთავად იყო ტურისტული ინტერესიც. ჩვენ იქ საკმაოდ კარგი პრეზენტაცია გვქონდა, მაგრამ მოხდა ტერაქტები და ეს ურთიერთობები მაინცადამაინც არ გამოგვივიდა. წელსაც გვყავდა დაპატიჟებული ბათუმობაზე, მაგრამ ვერ ჩამოვიდნენ,“ – გვიყვება გიორგი ერმაკოვი.

„ქალაქის მერი ისე დაუმეგობრდა შარმ ელ-შეიხს, რომ საკრებულომ არაფერი იცოდა,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ის კონკრეტულ რეგულაციას იხსენებს, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნის ქალაქებთან დამეგობრების შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულო უნდა იღებდეს, ხოლო მემორანდუმს ხელს აწერს ქალაქის მერი: „მივლინების შედეგი ქალაქზე არ ასახულა. ესაა ჩემთვის მთავარი. საერთოდ უცნობია, სად, რა მიზნით დადის ბათუმის მერი“.

„მხოლოდ კულტურული და სპორტული კუთხით თანამშრომლობა არ უნდა იყოს მერის მივლინების მიზანი,“ – ფიქრობს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ის ადგილობრივი მთავრობის მუშაობას აქტიურად აკვირდება. ნათია მიიჩნევს, რომ მერია დამეგობრებული ქალაქების რესურსს არ იყენებს: „თანამშრომლობის კარგი მაგალითი, რაც მახსენდება, არის, მაგალითად, გერმანიის ქალაქი როსტოკი, რომლის ექსპერტების აქტიური ჩართულობით დაიწერა ბათუმის განვითარების გარკვეული მონახაზი. თავად როსტოკის ხელმძღვანელობამ მოინდომა ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა. ჩვენს შემთხვევაში, არ არის ასეთი აქტიური მუნიციპალიტეტი. სხვა ქალაქებს ასე ვერ ვიხსენებ, სადაც თანამშრომლობას რაიმე კონკრეტული შედეგი მოჰყვა. მხოლოდ ბათუმობაზე მოწვევა სტუმრის სტატუსით, არაა მიზანი. ეს შეიძლება იყოს აქტიური თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტი.“

გერმანიაში ხშირად სტუმრობას გიორგი ერმაკოვი ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას უკავშირებს, რომელიც გერმანული ბანკის KFW-ს პროექტის ფარგლებში ხორციელდება: „ეს არის მუშა შეხვედრები, რომლებიც არის დაკავშირებული ამ პროექტის მიმდინარეობასთან. გვიწევს პერიოდულად გერმანიაში ბანკის სათავო ოფისში შეხვედრა.“

გიორგი ერმაკოვს ასევე ვკითხეთ, მგზავრობისა და დღიური ხარჯის გარდა რას ითვალისწინებდა „სხვა ხარჯი~. მაგალითად, მერმა მიმდინარე წელს ლატვიაში სტუმრობისას 1108,52 ლარი „სხვა ხარჯიდან~ დახარჯა, ხოლო მერის თანმხლებმა პირმა, არჩილ ვანაძემ, გერმანიაში – 1049,79 ლარი. „ზუსტად არ მახსოვს რა იყო. სხვა ხარჯი შეიძლება იყოს დამეგობრებულ ქალაქში რაიმე საჩუქრის ჩატანა, მაგალითად, ნახატი, წიგნი. ეს ყველაფერი აღრიცხულია… სხვათა შორის, დაინტერესდით, რამდენი მოწვევა მქონდა და არ წავედი. ჰკითხეთ საფინანსო სამსახურს და იქ გეტყვიან ზუსტად“.

მერიის საფინანსო სამსახურში გვითხრეს, რომ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ისევ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა იყო საჭირო. აქვე განგვიმარტეს, რომ „სხვა ხარჯებით“ სასაჩუქრე ნივთებს საქართველოში ყიდულობენ და ყველა ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ანგარიშფაქტურა არსებობს.

ბათუმის მერმა მივლინებების შედეგებზე საუბრის დროს განსაკუთრებით ბელორუსი გამოყო: „შარშან ვიყავით ბრესტიში, ეს ჩვენი დამეგობრებული ქალაქია და იქ დავესწარით ქალაქის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. სამწუხაროდ, წელს ვერ მოვახერხეთ ჩასვლა და განაწყენებული დარჩნენ. ბელორუსიდან ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის. ბელორუსი ჟურნალისტებიც მივიღე წელს. ასეთი ვიზიტები პირდაპირპროპორციულად ზრდის ტურისტების რაოდენობას. თუ ადამიანებს არ დაველაპარაკეთ, თავისით არ ხდება არაფერი.“

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, ბელორუსიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ათეულში მერვე ადგილს იკავებს. სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემებით, 2015 წელს ბელორუსიდან 9 860 ადამიანი ჩამოსულა, წელს – 11 965. ეგვიპტიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა კი, 2014 წლიდან დღემდე 213-დან 182-მდე შემცირდა.

რამდენად მიზნობრივია მერის ვიზიტები საზღვარგარეთ – ბათუმის საკრებულოს წევრი, „თავისუფალი დემოკრატი~ ნინო ბერაძე ამბობს, რომ საკრებულო ამ თემით აქამდე არ დაინტერესებულა: „სიმართლე გითხრათ, მეც ახლა გამიჩნდა ამის შესწავლის სურვილი. პირდაპირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს და, საერთოდ, საკრებულოს როლი შესუსტებულია, მაგრამ რადგანაც ბიუჯეტის კონტროლი ჩვენი მოვალეობაა, საინტერესოა, რა მივლინებები აქვს მერს. საკრებულოს წევრებისგან მსმენია საყვედური, რომ ხშირად ინფორმირება არ ხდებოდა თუნდაც იმის, ვინ ჩამოდის ქალაქში. აშკარა იყო კომუნიკაციის პრობლემა გიორგი ერმაკოვსა და საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს შორის. ალბათ ეს გამოსწორდება ახალი თავმჯდომარის დროს.“

გიორგი ერმაკოვის მივლინებების რაოდენობა და ხარჯიც წლების მიხედვით იზრდება. 2014 წელს ბათუმის მერი თანხმლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში, სომხეთსა და თურქეთში, რაშიც ჯამში 979.54 ლარი დაიხარჯა. 2015 წელს მერმა მივლინებებში 7525,46 ლარი დახარჯა და 5 ქვეყანაში იყო. მიმდინარე წელს მხოლოდ გიორგი ერმაკოვის და მისი თანმხლები სამი პირის ხარჯმა – 10703,72 ლარი შეადგინა.

„ახლა, მაგალითად, უნდა წავიდე ლონდონში,“ – გვითხრა ბათუმის მერმა: „იქ დონორთა შეხვედრა გაიმართება, რომელიც შეეხება, მაგალითად, იგივე ავტობუსების შეძენას. შენი თემით, შენი ქალაქით უნდა დააინტერესო დონორი, რომ შემდეგ მათ გასწიონ ეს ხარჯები, მათ შორის, გრანტები…“

ავტორი