კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვინ ჩაიბარებს ყურძენს

23.10.2016 • 2818
ვინ ჩაიბარებს ყურძენს

აჭარის მთაში მოსახლეობის ნაწილმა ყურძენი დაკრიფა და გაყიდა კიდეც, მოსავლის ნაწილი კი დასაკრეფია. აქ ყურძის მიმღები პუნქტები არ არის, მაგრამ არის ღვინის საწარმო, რომელსაც წლის განმავლობაში 500-მდე ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. თუმცა, ქედის საწარმო წელს ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს არ ჩაიბარებს და შესაძლოა არც ცოლიკაური მიიღოს.

აჭარის მთის სოფლებში, ძირითადად, გავრცელებულია ვაზის ჯიშები – ჩხავერი და ცოლიკაური. ამ ყურძენზე მოთხვნა დიდია და ფასიც შესაბამისად მაღალია. იქედან გამომდინარე, რომ ჩხავერი დახრილ ფერდობზე კარგად ხარობს, ვაზის ეს სახეობა აჭარის მაღალმთიან სოფლებში ხშირად გვხდება. ჩხავერი ყველაზე მეტად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისსა და ოქტომბერშია გაშენებული. გარდა ქედისა, ჩხავერი შუახევშიც გამოჰყავთ. რაც შეეხება ცოლიკაურს, ვაზის ეს სახეობა აჭარის მაღალმთიან სოფლებში თითქმის ყველგან გვხდება.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში მცხოვრებ რომან ფუტკარაძეს ყურძენი წლებია გამოჰყავს, თუმცა საკუთარ მეურნეობაში მოწეული ყურძენი თითქმის არასდროს გაუყიდია. ფიქრობს, რომ ყურძნის საბაზრო ღირებულება დაბალია, ამიტომ ურჩევნია ღვინო დაწუროს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ღვინის რეალიზების პრობლემა არ აქვს და უფრო მომგებიანიცაა.

„110 კვადრატზე სულ 300-მდე ძირი ვაზი მაქვს გაშენებული, ცოლიკაურის, ალადასტურის, უსახელაურის, ჩხავერის საადრეო და საგვიანო ჯიშების ყურძენი გამომყავს. ექსპერიმენტის სახით ალექსანდროული და მუჯურეთული ჯიშებიც გავაშენე. ვაზის გაშენება 2005 წელს დავიწყე, ძირითადად, საღვინე ყურძენი გამომყავს. სამომავლოდ სომხეთიდან სასუფრე ჯიშის ყურძნის ჯიშების გაშენებას ვფიქრობ. ადგილობრივ სასუფრე ჯიშის ყურძენს ბევრი წვენი აქვს და ზამთარში თავის შენახვა უჭირს… ჩხავერი გვიან იკრიფება, რაც შეეხება ცოლიკაურს, ნაწილი დავკრიფე, ნაწილი დასაკრეფი მაქვს. რაც დავკრიფე, იმით ღვინო დავაყენე, ღვინო არ ფუჭდება. გასულ წელს ქედაში ქარხანა კი გაიხსნა, მარამ არ ვიცი რამდენად იბარებენ ყურძენს“, – ამბობს რომანი.

რომანისგან განსხვავებით ქედელი ფერმერი მერაბ სურმანიძე ამბობს, რომ მისთვის უფრო მომგებიანი ყურძნის გაყიდვაა, ვიდრე ღვინის.

„მევენახეობას თითქმის 39 წელია ვეწევი. ძირითადად, ჩხავერი და ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი მაქვს გაშენებული. ცოლიკაური ორტონამდე მოვიწიე, ნაწილით ღვინო დავაყენე, ნაწილი კი ადგილზე გავყიდე. რეალიზების პრობლემა არ არის, ქედის ცოლიკაურზე მოთხოვნა დიდია, ერთ კილოგრამში 1,60 ლარი გადამიხადეს, შეიძლებოდა 2 ლარშიც გამეყიდა, მაგრამ ვიჩქარე, რომ გაწვიმებულიყო, ყურძენს გააფუჭებდა. ჩხავერის მოსავალს სამ ტონამდე ველოდები. ვფიქრობ, ჩაბარების ფასი ბაზარზე 3-4 ლარი იქნება. საკუთარი ბაზარი თუ გექნება, შეიძლება მომგებიანი დარჩეს ღვინის დაწურვა-გაყიდვა, მაგრამ ოჯახურ პირობებში დაწურული ღვინო ქარხნულს კონკურენციას ვერ უწევს, საწარმოში ტექნოლოგიურად მუშავდება, ფილტრაცია მეტი აქვს, სტანდარტებიც დაცულია და, შესაბამისად, მოთხოვნაც უფრო მეტია. იყო დრო, როცა წლის განმავლობაში სამ ტონა ღვინოს ვყიდდი – ლიტრა ცოლიკაურის ღვინოს 2 ლარში, ჩხავერისას კი 5-8 ლარში, მაგრამ ახლა მირჩევნია ყურძენი ერთდროულად დავკრიფო და ადგილზე გავყიდო“, – ამბობს მერაბი.

ყურძნის მიმღები პუნქტები აჭარაში არ არის, თუმცა არის ღვინის პირველადი საწარმო ქედაში, რომელსაც წარმადობიდან გამომდინარე წლის განმავლობაში 500 ტონამდე ყურძნის გადამუშავება შეუძლია. ამ საწამოს ყურძენი ჯერ არ მიუღია, მეტიც – აქ ჯერ არც ჩაბარების ფასი აქვთ განსაზღვრული.

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის ღვინის საწარმოს მთავარი მეღვინე ზურაბ გათენაძე ამბობს, რომ წელს ქედაში ყურძნის მოსავალი უხარისხოა, საკმარისი შაქრიანობა არ აქვს და ამის გამო საწარმო ცოლიკაურის მიღებაზე უარს ამბობს. რაც შეეხება ყურძნის ჰიბრიდულ ჯიშებს – ის ამბობს, რომ საწარმო წელს არც ამ ჯიშის ყურძენს ჩაიბარებს, რადგან ჰიბრიდული ყურძენი ცოტაა და მისი მიღება-გადამუშავება საწარმოს არ უღირს. საწარმოს მთავარი მეღვინის თქმით, ისინი აპირებენ ჩხავერის მიღებას, თუმცა რა თანხას გადაუხდიან 1 კილოგრამ ჩხავერში, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

„თითქმის ყველა სოფელში შევედით და ყურძნის შაქრიანობა შევამოწმეთ, ყურძენს თუ შაქრიანობა 17%-ზე მეტი არ აქვს, ასეთი ყურძნისგან ღვინო არ დაიწურება, აქ კი ყურძნის შაქრიანობა 17%-ს არ აღემატება. თან წელს ყურძენი უხარისხოა. ამის გამო ვერ მივიღეთ ცოლიკაური. რაც შეეხება ჰიბრიდულ ჯიშებს – ყურძენი აჭარაში ძალიან ცოტაა, მინიმუმ 5 ტონა მაინც უნდა იყოს, რომ გადავამუშაოთ. ეს რაოდენობა არ არის, ამიტომ უარი ვთქვით მიღებაზე. ცოლიკაურის დიდი ნაწილი კი მოსახლეობამ დაკრიფა და გაყიდა. იქედან გამომდინარე, რომ ცოლიკაურს საკმარისი შაქრიანობა არ ჰქონდა, ჩაბარების ფასი ვერ განვსაზღვრეთ. თუ მომივა განკარგულება, რომ ყურძენი ჩავიბარო, ჩავიბარებ. ჩხავერი მოგვიანებით იკრიფება“, – ამბობს ზურაბ გათენაძე.

ზურაბ გათენაძის თქმით, ქედის ღვინის საწარმომ გასულ წელს ადგილობრივი მოსავლიდან 6 ტონა ცოლიკაური და 52 ტონა ჩხავერი მიიღო.

„გასულ წელს ცოლიკაურის მიღება 20 ოქტომბრიდან,  ჩხავერისა კი 17 ნოემბერს დავიწყეთ. ნებისმიერი ხარისხის 1 კილოგრამ ცოლიკაურში 1,50 ლარი გადავიხადეთ,  ხოლო კარგი ხარისხის ჩხავერში – 3 ლარი. საწარმო მზად არის ყურძნის გადასამუშავებლად, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პრობლემა ყურძნის ხარისხშია. თუ ექნება საკმარისი შაქრიანობა, მზად ვართ ჩავიბაროთ ცოლიკაური, როგორც კი დავადგენთ ჩაბარების ფასს“, – ამბობს ზურაბ გათენაძე.

ქედის ღვინის საწარმოს მთავარი მეღვინის შეფასებას ყურძნის შაქრიანობასა და ხარისხთან დაკავშირებით ცალსახად არ ეთანხმება ფერმერი მერაბ დიასამიძე, რომელიც ამბობს: „წელს ცოლიკაურის კარგი მოსავალი მოვიდა და შაქრიანობაც კარგი იყო – დაახლოებით 20%-მდე და მეტიც. წელს ძალიან ხარისხიანი ყურძენი მოვიდა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: