სარფი, საბაჟო. თორნიკე თავაძის ფოტო

როგორ აისახება თურქეთის „საგანგებო რეჟიმი“ საქართველოზე

„დემოკრატიის დასაცავად“ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თქვა, რომ ამ პერიოდში თურქეთის ჯარს „ვირუსებისგან გაწმენდს“, რადგან სამხედრო გადატრიალების მცდელობის პროცესი შესაძლოა დასრულებული ჯერ კიდევ არ იყოს. ექსპერტების შეფასებებით, „დემოკრატიის დაცვის“ სახელით, შეიძლება თურქეთის პოლიტიკური პრიორიტეტები შეიცვალოს.

თურქეთში მიმდინარე პროცესი ეკონომიკურად ბათუმში უკვე ძირითადად თურქულ რესტორნებზე, ღამის კლუბებსა და სასტუმროებზე აისახა. კომერციული ობიექტების თურქი მესაკუთრეები კლიენტების ნაკლებობაზე ჩივიან. თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ კრიზისი მაქსიმუმ ერთ თვეს შეიძლება გაგრძელდეს.

„ადრე წვიმაშიც ხალხით სავსე იყო რესტორანი. სასტუმროც მაქვს, კიდევ – ჩაიხანა, არსად არაა ხალხი. როგორც ვიცი, დღის განმავლობაში დაახლოებით 5-10 კაცი თუ გადმოდის თურქეთიდან. ათი წელია აქ ვმუშაობ და ასეთი გაჭირვება ჯერ არ მქონია. ერთ თვეში დასრულდება ეს არეულობა და ყველაფერი დალაგდება. ასე გვეუბნებიან“, – გვიყვება რეჯებ აიდილი ქუთაისის ქუჩიდან.

იაშა ერჯენი: „სასტუმრო დღეს დატოვა ოთხმა კაცმა და აღარავინ მიმიღია. სულ ხუთი ნომერი მაქვს, ყველა ცარიელია. თურქეთში გადასვლა არ მიცდია, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და როგორც ვიცი, ჩემთვის არ იქნება პრობლემა საზღვრის გადაკვეთა. მაქსიმუმ ერთ თვეში დასრულდება ეს შეზღუდვები…“

„ერდოღანის პირველი რიგის ამოცანა იქნება ვაჭრობა არ ჩავარდეს. ეს მას საკუთარი თავის გადარჩენისთვის სჭირდება. საგანგებო რეჟიმი ყოველთვის აზარალებს თავისუფალ ვაჭრობას, მაგრამ არ მგონია, რომ ამას ექნება კატასტროფული ხასიათი. ერდოღანის პოლიტიკური სტაბილურობა თურქეთში პირველ რიგში დგას ეკონომიკაზე,“ – ამბობს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია.

შსს-ს საზღვრის პოლიცია ამ ეტაპზე არ ამხელს, რამდენი თურქი ტურისტი გადმოვიდა 15 ივლისიდან დღემდე საქართველოში, მას შემდეგ, რაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაფიქსირდა და შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 29 პროცენტით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2015 წელს ბათუმში ჩამოსული ტურისტების ყველაზე დიდ ნაწილს თურქი ტურისტები შეადგენდნენ – 265 492 უცხოელი ტურისტიდან – 78 633.

საგანგებო მდგომარეობა თურქეთში ქვეყნის დატოვებას პირდაპირ არ კრძალავს, თუმცა ის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. თურქეთში მყოფ პირებს შეიძლება აეკრძალოთ გარკვეული პერიოდით ქვეყნიდან გასვლა, ან უკან დაბრუნება, ქუჩაში გასვლა და გადაადგილება, ხოლო სამართალდამცველებს უფლება აქვთ მათი პირადი შემოწმება, სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულების სახით კონფისკაცია. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები [სარფი, ვალე, კარწახი] მუშაობენ საგანგებო რეჟიმში.

თურქეთში საგანგებო ვითარების გამოცხადებამდე წინა დღით ანკარაში ხუთ ხელშეკრულებას, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ეგიდით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი, ასევე დაფუძნდა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო.

ანა ბეროშვილი, „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სავაჭრო თანამშრომლობას საფრთხე არ დაემუქრება: „მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, საგანგებო ვითარება იქონიებს ნეგატიურ გავლენას, შემცირდება ტურისტების რაოდენობა, შესაძლოა, პრობლემა შეექმნათ იმ თურქ ბიზნესმენებს, ვისაც ბიზნესი საქართველოში აქვთ, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, დღეს ეს საფრთხე არ ჩანს. თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მარტო მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის საერთო ბრუნვის მონაცემებით, თურქეთის წილი ექსპორტში შეადგენს 11 პროცენტს, ხოლო იმპორტში დაახლოებით 14 პროცენტს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“.

პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ თურქეთის მთავარი საფრთხე ეკონომიკაზე მეტად ამჯერად დემოკრატიას ემუქრება, რადგან გაურკვეველია, რა პოლიტიკური რეჟიმის მქონე ქვეყანას მივიღებთ მეზობლად: „არ გამოვრიცხავ რეალურად საგანგებო ვითარება სამ თვეზე მეტი ხნით გაგრძელდეს და „დემოკრატიის დაცვის“ სახელით საბოლოოდ განადგურდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. რეალურად ერდოღანი დემოკრატიის მტერია. ის ძალაუფლებაში მოსვლის დღიდანვე ცდილობდა გაეუქმებია საპარლამენტო რესპუბლიკა და გზა გაეხსნა იმპერიული პრეზიდენტობისთვის. იგი არის ნეოოტომანური დღის წესრიგის მქონე პოლიტიკოსი“.

საგანგებო ვითარება – სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის, თუ პოლიტიკური კონცეფციის შესაცვლელად? – ეს შეკითხვა გაუჩნდა მოვლენების ანალიზის დროს პოლიტიკურ მიმომხილველს, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრს, ირაკლი მჭედლიშვილს. მისი შეფასებით, თურქეთში მიმდინარე პროცესი არ არის კარგი ნატოსთვის: „მასობრივი გათავისუფლებები, დაპატიმრებები და ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ასუსტებს ალიანსის ნდობას თურქეთის, როგორც პარტნიორის მიმართ. თურქეთმა ამ პროცესში უნდა უპასუხოს კითხვას, რამდენად ადეკვატურია მასობრივი კონტრზომები, რასაც ის სამხედრო გადატრიალების მცდელობის დასასჯელად იყენებს. რეაგირების ფორმები, რასაც თურქეთის მთავრობა მიმართავს, აჩენს ეჭვს, რომ თურქეთს პოლიტიკური კონცეფციის შეცვლა სურს.“

პოლიტიკური მიმომხილველის შეფასებით, თუკი თურქეთი არ იქნება ნატოს მყარი წევრი, ეს გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს რეგიონში. გარდა ამისა, თურქეთი საქართველოსთვის დასავლეთთან ურთიერთობაში არის ერთგვარი კარიბჭე, რომლის დანგრევაც კომუნიკაციას გაართულებს: „ასე პირდაპირ ნატოდან თურქეთის გასვლის საკითხი არ დადგება, მაგრამ თუკი ის არ იქნება საიმედო პარტნიორი ალიანსისთვის, დასავლეთი ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. ადრეც იყო გარკვეული წინააღმდეგობები ნატოსა და თურქეთს შორის“.

„თუ თურქეთი გავა ნატოდან, ეს იქნება დიდი დარტყმა საქართველოსთვის. ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან ცუდ ანკლავში, სადაც რუსეთი შეეცდება წარმოაჩინოს თავი, როგორც სტაბილურობის გარანტი. ამ შემთხვევაში, უნდა ველოდოთ პრორუსული ძალებისგან რუსეთის მითოლოგიის გააქტიურებას… მე პირადად პრორუსული დისკურსის გამარჯვებას რეგიონში არ ველოდები,“ – აცხადებს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია.

სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 15 ივლისს დაიწყო და წარუმატებლად დასრულდა. ამბოხებას დაახლოებით 265 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა აკადემიური წრის ათასობით წარმომადგენელი, ასევე მოსამართლეები და საჯარო მოხელეები. 19 ივლისს აკადემიურ პერსონალს ქვეყნის დროებით დატოვებაც აეკრძალა. თურქეთის მთავრობის განცხადებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან ყოფილი იმამი, მუსლიმი კლერკი ფეტულა გულენი და მისი მიმდევრები იდგნენ. მისი ექტსრადაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს თურქეთმა 18 ივლისს მოსთხოვა. 21 ივლისს თურქეთის რესპუბლიკამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაცია დროებით შეაჩერა. თურქეთის ვიცე-პრემიერმა და მთავრობის სპიკერმა ნემა ქურთულმუსმა ამის მიზეზად საგანგებო მდგომარეობა დაასახელა, რომელიც თურქეთში სამი თვით გამოცხადდა.

ავტორი