მთავარი,სიახლეები

ბსუ-ს აკადემიური საბჭოს არჩევნები თითო კანდიდატით

05.07.2016 • 1725
ბსუ-ს აკადემიური საბჭოს არჩევნები თითო კანდიდატით

4 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებიდან უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები [ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი – თამილა ლომთათიძე; აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი – ზურაბ მიქელაძე; ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი – ზოია სიხარულიძე]  აირჩიეს.

არჩევნების თარიღი და კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები 16 ივნისს გამოცხადდა და კანდიდატებს 17-27 ივნისს შეეძლოთ რეგისტრაცია. როგორც ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ოქმებიდან ირკვევა, თითოეულ ინსტიტუტში კანდიდატად თითო სუბიექტი დარეგისტრირდა.

„არჩევნებს თითო კანდიდატით“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი მალხაზ ნაკაშიძე: „კომუნისტები ატარებდნენ ასეთ არჩევნებს, სადაც ერთ კანდიდატს ნიშნავდნენ არჩევნების გზით. ასეთივე წესით არის დანიშნული დანარჩენი წევრების უმრავლესობა აკადემიურ საბჭოში“.

„ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა ბსუ-ს აკადემიური საბჭოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, გიორგი დიასამიძესთან დაკავშირება – მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკადემიურ საბჭოებში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს წელს პირველად ირჩევენ, რაც საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ ცვლილებების შედეგად გახდა შესაძლებელი. ცვლილებების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობების ჩამონათვალს დაემატა სამეცნიერო თანამდებობები.

ამავე ცვლილებებით, 2016 წლის შემდეგ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრული პროფესორები და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები აირჩევიან უვადოდ და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ დაექვემდებარებიან ატესტაციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: