კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ძველი ბათუმის ახალი სიმაღლე – როცა მერია გასაჯაროვების შიშით მოქმედებს

28.02.2016 • 3636
ძველი ბათუმის ახალი სიმაღლე – როცა მერია გასაჯაროვების შიშით მოქმედებს

ბათუმის ძველ უბანში რამდენიმე შენობას ნახავთ, რომელთა სიმაღლეც დასაშვებზე მეტია. რეგულაცია მარტივია: 2013 წლიდან „ძველ ბათუმში“ მოქმედებს ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არც ერთი შენობა 15 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. მაგალითად, კომპანია „ჩემპიონი-2“-მა კანონდარღვევით შენობაზე სართულის დაშენება ისე დაასრულა, რომ მერიას რეაგირება არ ჰქონია. კომპანიებმა, რომლებმაც შენობები სიმაღლეში გაზარდეს, ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება ერთდროულად გასულ კვირას მიიღეს. გასულ კვირასვე საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა შოთა გუჯაბიძემ ამ შენობებს ფოტოები გადაუღო და ინტერნეტით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გაუგზავნა.

„ჩემპიონი 2“ სახლს ზუბალაშვილის 7 ნომერში აშენებს. სანებართვო მოწმობის მიხედვით, შენობის სიმაღლე 14,85 მეტრი უნდა იყოს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, სახლი უკვე 19.70 მეტრია. „საქმის წარმოება წინა კვირას დავიწყეთ. ამ კომპანიამ მიიღო გაფრთხილება,“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების განყოფილების უფროსმა. კითხვაზე, თუ რატომ არ დაჯარიმდა კომპანია, გვიპასუხეს, რომ თავდაპირველად გაფრთხილების უფლება აქვთ და თუ მას არ გაითვალისწინებენ, კომპანიას 1000 ლარით დააჯარიმებენ. მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის განმარტებით, ჯარიმის გადახდა კომპანიას არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, შენობა პროექტით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. „ამ კომპანიას, ისევე როგორც სხვა კომპანიებს, აქვს მანსარდის მოწყობის უფლება, მაგრამ სახურავის დახრილობა არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში 45 გრადუსზე მეტი. ეს ნორმაა დარღვეული,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი ახალაძემ. თავად კომპანია „ჩემპიონი 2“-ში ჩვენს სატელეფონო ზარს ფინანსურმა მენეჯერმა გოჩა ჯაფარიძემ უპასუხა. მან გვითხრა, რომ დარღვევები არ აქვთ და ყველაფერი გაირკვევა.

გარკვევის მოლოდინში არიან კომპანიის „სახლი პიაცასთან“ ხელმძღვანელებიც. ეს კომპანია მაზნიაშვილის 35-37 ნომერში აშენებს სახლს. შენობა ხუთსართულიანია. მეექვსე სართულის მშენებლობა, ანუ იმის, რაც 15 მეტრზე მაღალს გახდის შენობას, ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ უკვე დამონტაჟებული ბოძების ნახვით მარტივად შესაძლებელია იმის დასკვნა, რომ მორიგი სართული ემატება შენობას და არა – მანსარდა 45-გრადუსიანი დახრილობით, რასაც პროექტში შესაბამისი ცვლილება ითვალისწინებს. „ძალიან წაგებაში ვართ. მე მივიღე დაპირება ბათუმის ყოფილი მერისგან – ჯემალ ანანიძისგან, რომ თუკი მოვაწყობდი ავტოსადგომს ამავე შენობაში, მივიღებდი შეღავათს. არ ვაპირებ მშენებლობის გაჩერებას, ვარკვევთ სიტუაციას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვლადიმერ შენგელიამ.

რა იგულისხმება „გარკვევაში“ ან ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, კომპანიის ხელმძღვანელმა ამაზე არაფერი გვითხრა. ყოფილი მერი ჯემალ ანანიძე ასეთ შეთანხმებას ვერ იხსენებს და ამბობს, რომ თუ ასეთი არსებობდა, ის წერილობითი ფორმით უნდა გაცემულიყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით კი, კომპანიას „სახლი პიაცასთან“ სამუშაოების იძულებითი შეჩერების მოთხოვნით მიმართეს. „სახლი პიაცასთან“  შემთხვევაში, სანებართვო მოწმობა არ ჰქონდათ აღებული, ისე მიმდინარეობდა მშენებლობა, ანუ პროექტი დამტკიცებულია, მაგრამ მისი შემდგომი ეტაპი არის სანებართვო მოწმობის აღება, რაც მოსაკრებლის გადახდას და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენას მოითხოვს. გარდა ამისა, რაც შენდებოდა, ისიც პროექტით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამებოდა,“ –  გვითხრა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ.

რატომ ვერ დააფიქსირა კანონდარღვევა ქალაქის ცენტრში მერიამ აქამდე? – არქიტექტურის სამსახურის უფროსი არ მალავს, რომ შენობებით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა ფოტოები ნახა: „სოციალურ ქსელში ამ შენობების ამსახველი ფოტოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრმა, ზაურ ახვლედიანმა  გამომიგზავნა, მისთვის შოთა გუჯაბიძეს გაუგზავნია. მერე მე ზედამხედველობის სამსახურს შევატყობინე,“ – ამბობს ირაკლი ახალაძე.

იმავე კითხვაზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი მოქიამ ასე გვიპასუხა: „თითო კაცი ხომ ვერ გააკონტროლებს თითოეულ შენობას? ძალიან ბევრი მშენებლობაა ქალაქში“.

ამ შენობებზე გაცემული ნებართვები, ასევე მათში ცვლილებები შეთანხმებულია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონალურ საბჭოსთან. სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის განმარტებით, მისი უწყების კომპეტენცია მხოლოდ კონკრეტულ ობიექტებზე ვრცელდება და არა მთლიანად ძველ ბათუმზე: „ძველი ბათუმი არ არის ძეგლი, ძეგლი არის კონკრეტული შენობა. შესაბამისად, ჩვენი მონიტორინგი არ ვრცელდება ყველა შენობაზე, რომლებიც ძველ ბათუმში შენდება“.

ცირა ელისაშვილი, კულტუროლოგი, „ტფილისის ჰამქარის“ წევრი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ რეგულაციები განახორციელოს დროულად  ახალ მშენებლობებზე, რომ ახლის შენება არ გახდეს ძველი ქალაქის განადგურების წყარო: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისედაც ძველ უბანში ერთსართულიანი „ბელეტაჟების“ ნგრევის ხარჯზე ხდება ეს მშენებლობები, რაც ძალიან დიდი დანაკარგია ბათუმისთვის.“

maznishvili

ძველი ბათუმი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: