ბოშები ლიანდაგს მიღმა

  ქობულეთში ასე მიგასწავლიან: ლიანდაგს რომ გადაკვეთ იქ ცხოვრობენ ბოშები. რკინიგზა  ქობულეთის სამხრეთიდან შესასვლელში, ცენტრალურ ავტო და რკინიგზის სადგურთანაა. რკინიგზის უკან ქობულეთის ერთ-ერთი უბანი გელაურია, სწორედ აქ ცხოვრობს ბოშების, დაახლოებით, ასამდე ოჯახი.

რკნიგზის სადგური ქობულეთში. ლიანდაგს რომ გადაკვეთთ იქ ბოშები ცხოვრობენ. ამ უბანს გელაურს უწოდებენ

რკნიგზის სადგური ქობულეთში. ლიანდაგს რომ გადაკვეთთ იქ ბოშები ცხოვრობენ. ამ უბანს გელაურს უწოდებენ

ზოგი მათგანი ნაქირავებში ცხოვრობს, ზოგი – წინაპრების მიერ დატოვებულ სახლებში. რუსლან მელამეტოვსა და მის მეუღლეს, ნანას ექვსი შვილი ჰყავთ, 12 წლის იანიკი, 10 წლის ლოვარკა, 9 წლის ხვიჩა, 8 წლის ერიკი, ხანა – 6 წლის და იურა, რომელიც ორი თვის წინ შეეძინათ. ისინი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ. რუსლანი ბავშვებს უვლის ნანა კი ბათუმში მუშაობს – ყიდის კალგოტკებს, წინდებს, სუნამოებს და გვიან საღამოს ბრუნდება სახლში.
„მე პატარაობიდან აქ ვცხოვრობ, აქ ცხოვრობდნენ ჩემი ბებია და ბაბუაც.  მეზობლები პატივს მცემენ, მეც პატივს ვცემ მათ. როცა დავქორწინდით ნორმალურად ვცხოვრობდით, ყველაფერი გვქონდა. ექვსი წლის მერე სახლი დაგვეწვა. ნახევარი ეზო გავყიდეთ. მეც ვვაჭრობდი, მერე ვაგზალზე ვმუშაობდი დასუფთავების კომპანია „სუფთა ქალაქში”, მაგრამ ბავშვების გამო თავი დავანებე, დრო აღარ მაქვს – ვის უნდა დავუტოვო ბავშვები. მთავრობისგან დახმარებას ვიღებთ ბავშვებისთვის 220 ლარი თვეში და შიმშილით არ ვკვდებით, თუმცა ხანდახან  ისე ვცხოვრობთ, რომ პური და შეშაც კი არ გვაქვს”.
კითხვაზე, როგორ გინდა ცხოვრობდეთ, რუსლანი ამბობს, რომ მშვიდად ცხოვრება უნდა: “არ იყოს ომი, რუსეთი და საქართველო მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთად. საქართველო ჩემი ოჯახია. სიმდიდრე არ მინდა, სიმდიდრეა თუკი ჩემი შვილები მშვიდად იქნებიან”.
რუსლანის შვილები გელაურში მდებარე #5 საჯარო სკოლაში დადიან, თუმცა აცდენენ ხშირად. „უნდათ დადიან, უნდათ – არაო” – ასე პასუხობს რუსლანი. ხვიჩა სკოლაში არ დადის, მას ფეხბურთელი უნდა რომ გამოვიდეს. ხანაც დადიოდა სკოლაში, მაგრამ ტიროდა. ლოვარკა ამბობს, რომ ხანას უნდა კლასში მარტო თვითონ იყოს, ერთი მოსწავლე.
42 წლის  რუსლან ბერესრამი მარტო ცხოვრობს, „ძალიან გაგვიძნელდა ცხოვრებაო” – გვეუბნება ის. „ზამთარია, შეშა გვინდა ვიყიდოთ მაგრამ ძვირია, ვეღარ ვვაჭრობთ უწინდებურად, დახმარება გვინდა მაგრამ არ გვაქვს, ჩემი და იღებდა დახმარებას, მაგრამ ახლა აღარ იღებს”. მისი თქმით დახმარებას სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება იმიტომ შეუწყდათ, რომ ნათესავებთან ერთდ სამშენებლო სამუშაოებზე დაიწყო მუშაობა.
ის დედის მიერ დატოვებულ სახლში ცხოვრობს დედა დიდი ხანია გარდაეცვალა, დაეღუპა და და კიდევ ორი ძმა. დარჩა მხოლოდ ერთი და რომელიც ბათუმში ცხოვრობს და წინდებით, სუნამოებითა და სხვა წვრილმანის გაყიდვით ირჩენს თავს. ჰყავს ორი შვილი და მეუღლე.
18 წლის კოტე მელამეტოვი მისი ძმისშვილია. ამბობს, რომ ისურვებდა სამუშაოს და უკეთ ცხოვრებას: „დიდი სახლი არ მინდა, მანქანა რად მინდა, ნორმალურად რომ ვიცხოვრო, ეს მინდა”.
ქუჩის პირას მდგარ ერთ-ერთ მოზრდილ სახლში მესამე წელია სამი ოჯახი ცხოვრობს. ისინი დღიურად ორ ლარს იხდიან. მანამდე 10 წელი თბილისში ცხოვრობდნენ. მათ არ ისურვეს ვინაობის დასახელება. „რამდენჯერ იყვნენ ჩვნეთან, რამდენჯერ დაწერეს ჩვენზე – რა აზრი აქვს არაფერი არ იცვლება” – გვითხრა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც 5 შვილის დედაა. ისიც სხვების მსგავსად ქალაქიდან ქალაქში – ბათუმში, ქობულეთსა და ოზურგეთში დადის წვრილმანებით სავაჭრობ და საღამოს ბრუნდება შვილებთან.
სავაჭრო საქონელს ისინი ლილოს ბაზრობაზე ყიდულობენ, ან ხოფაზე ეგრეთ წოდებულ “ოფტავშიკებთან”. ბევრი არაფერი გვრჩება, ერთი-ორი ან სამი ლარი დღეშიო, ამბობენ ისინი.
ერთ-ერთი მასპინძელი ქალი ამ სახლიდან გვეუბნება, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ ამ უფლებას არაფერი შეუცვლია მის ცხოვრებაში.
“ეს ცხოვრებაა? ვინ თქვა რომ ეს ცხოვრებაა. არის ისეთი დღეები, რომ ვერაფერს ვვაჭრობთ, ზამთარში მითუმეტეს. სკოლაში დადიან ჩვენი ბავშვები შეიძლება… რაღაცა იქნება…. იქნება მუშაობა. შეიძლება შეიცვლება ცხოვრება, სხვა დრო დადგეს”.

 

P.S. გზაზე 10 წლის ლოვარკამ გამოგვაცილა, რომელიც დაგვეხმარა რამდენიმე ოჯახთან გასაუბრებაში. იგი სიხარულით იმეორებდა, ორშაბათს სკოლაში მივალო. მას უნდა რომ ექიმი გამოვიდეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი