მთავარი,სიახლეები

„ვეღარ წავალთ აქედან“ – გარემოვაჭრეებისა და იპოთეკით დაზარალებულების აქცია მერიასთან

06.06.2019 • 1209
„ვეღარ წავალთ აქედან“ – გარემოვაჭრეებისა და იპოთეკით დაზარალებულების აქცია მერიასთან

„ვეღარ წავალთ აქედან, თუ პასუხი არ მივიღეთ,“ – აცხადებენ გარემოვაჭრეები, რომლებიც ბათუმის მერიის შენობის წინ იპოთეკით დაზარალებულებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ. გარემოვაჭრეების მოთხოვნაა, მათთვის ჯიხურები ავტოსადგურის ეზოში მოეწყოს მაიაკოვსკის ქუჩის მხრიდან, ან 23-ე სკოლის შენობის გამოუყენებელი ნაწილი დაუთმონ. იპოთეკით დაზარალებულები კი ისევ შეღავათიანი სესხის აღებას ცდილობენ.

„ეს მოთხოვნა ჩვენ ერთი კვირის წინ დავაყენეთ. მაშინ ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე შეგვხვდა. პარასკევს უნდა ეთქვა პასუხი და ხუთშაბათს დაიჭირეს,“ – გვიყვება ერთ-ერთი გარემოვაჭრე მზია შავაძე. მისი თქმით, 23-ე სკოლის შენობის ცალკე მდებარე და გამოუყენებელი ფართობის გარევაჭრობისთვის გამოყენება შეიძლება.

„ამ ადგილს უკვე შეჩვეულია ხალხი… იმ მოჭედილ ადგილზე ავტოსადგურში, სადაც ახლა ვართ, არავინ მოდის. ერთი მხრიდან სამშენებლო მასალების საწყობი გვაზის, მეორე მხრიდან „მარშუტკები“ ჩერდება. ავტოსადგურის წინა ხედზე კიდევ უფრო მოძრაობს ხალხი… 104 გარემოვაჭრეა რეგისტრირებული სულ, მაგრამ მგონი 30 დავრჩით. სხვები წავიდნენ, აღარ ღირს მუშაობა,“ – ამბობს ლია შაინიძე.

„კვირა ისე გადის, „სიფთას“ ვერ გახსნი… დღეში ხუთი კაცი არ შემოდის ჯამში. ველოდეთ ამდენი ხანი, რომ მოვიდოდა ვინმე, მაგრამ არ არის მუშაობა,“ – აღნიშნავს მზია შავაძე.

აქციაზე მყოფი იპოთეკით დაზარალებულები ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. აქვე არიან ისინიც, ვისაც მთავრობა ძველი სესხის დაფარვასა და ახალი სესხის აღებაში დაეხმარა.

„მე, პირადად, ზურაბ პატარაძის დროს მომცეს ახალი სესხი, შეთანხმება შედგა და კიდევ 15 ოჯახს დაეხმარნენ. ჩვენ აღარ ვართ მევახშეების ხელში, მაგრამ სხვებმა რა ქნან? მოვედი აქციაზე, რადგან თავის დროზე სწორედ ამ ადამიანებს წარმოვადგენდი, მათმა მხარდაჭერამ გადაარჩინა ჩემი ოჯახი გამოსახლებას. ახლა ასეთი კიდევ დაახლოებით 100 ოჯახია,“ – ამბობს მაია მელიქიძე.

ბათუმის მერია საპროტესტო აქციას ჯერ არ გამოხმაურებია.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: