კვადროციკლების მოძრაობა შესაძლოა უნივერსიტეტის მიმდებარედ და ახალ ბულვარში დაუშვან


„მოლაპარაკება არ დასრულებულა, გადაწყვეტილება არ მიგვიღია ჯერ,“ – ამბობს ჯემალ სურმანიძე, ელექტრომობილების ერთ-ერთი მფლობელი. იგი დღეს, 30 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძე კვადროციკლების ოთხ მფლობელს შეხვდა.

„იყო საუბარი იმაზე, რომ ახალ ბულვარში, ასევე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიშვას კვადროციკლები კონკრეტული პირობებით… დეტალებს ვერ მოგიყვებით,“ – გვითხრა ჯემალ სურმანიძემ.

დეტალებზე არც ნატალია ზოიძე საუბრობს, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი. ისიც ესწრებოდა შეხვედრას მთავრობაში.

„ჩვენ ვთქვით ის, რომ თუკი ისინი დაუშვებენ ალტერნატიულ ფართობზე გადასვლას, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და ის იმსჯელებს კონკრეტულად ამის შესახებ. კონკრეტული ადგილები ჩვენ არ შეგვითავაზებია, თუმცა იყო საუბარი ახალ ბულვარზე… აქამდე ისინი საერთოდ არ განიხილავდნენ არსად გადასვლას და ამბობდნენ, რომ მხოლოდ ძველ ბულვარში სურთ მუშაობა,“ – აღნიშნავს ნატალია ზოიძე.

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების და კვადროციკლების მოძრაობის გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო, ინიციატორი კი, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო. ნატალია ზოიძის თქმით, ჯერ უცნობია, სამართლებრივად როგორ მოგვარდება პრობლემა, თუკი კვადროციკლების მფლობელები ალტერანტიულ ფართობზე შეთავაზებას დათანხმდებიან.

„ჩემი პოზიცია არის უცვლელი… ვიცი, რომ შეთანხმებით დღვანდელი შეხვედრა არ დასრულებულა,“ – ამბობს ირაკლი ჯინჭარაძე, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი. მისივე თქმით, ის აჭარის მთავრობაში დღეს საღამოს გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა და მისთვის უცნობია, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს.

კვადროციკლების მფლობელები საკუთარი გადაწყვეტილების გახმოვანებას ხვალ, დღის 12 საათზე აპირებენ.

ამ დრომდე ბათუმის ბულვარში 1200-მდე კვადროციკლი მოძრაობდა. პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში კვადროციკლებისა და ელექტრომობილების გადაადგილება აკრძალულია.

ამ თემაზე:

„ნუ აგვიკრძალავთ საარსებო წყაროს“ – კვადროციკლების მესაკუთრები აქციას აგრძელებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი