ბათუმში მშენებლობაზე 3 მუშა დაშავდა

ბათუმში, ივანე მესხის ქუჩაზე, სამი მუშა დაშავდა. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ, ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულებს კიდურების მოტეხილობა ჰქონდათ, მათ გონება არ დაუკარგავთ. მათივე ინფორმაციით, მუშები დაახლოებით სამი მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდნენ, კონკრეტული სამონტაჟო სამუშაოების დროს.

მომხდარზე განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების მონაცემებით, მშენებარე ობიექტზე მუშები წყლის მილების გაყვანის დროს დაშავდნენ და მათ მიწის მასა დაეცათ. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.

დაშავებულები მოინახულა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნებათ.

განახლება: მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაშავებულები „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც თხრილში, ძველი წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ. სამივე მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა. 

„ბათუმის წყალი“: დაშავებულმა მუშებმა საავადმყოფო დატოვეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი