მთავარი,სიახლეები

მთავრობამ საქართველოს დროშით მცურავი გემებისა და ნავსადგურების უშიშროების წესი დაამტკიცა

05.01.2019 • 2887
მთავრობამ საქართველოს დროშით მცურავი გემებისა და ნავსადგურების უშიშროების წესი დაამტკიცა

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესი საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა და ძალაში იმავე დღეს შევიდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით „ამ წესის მიზანია დაიცვას და გაზარდოს საქართველოს ნავსადგურების, იქ მყოფი საქართველოსა და უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და ეკიპაჟების, ნავსადგურის პერსონალის, სტუმრების/ვიზიტორების, ტვირთის, აღჭურვილობების და სხვათა უშიშროება საკანონმდებლო დონეზე“.

ახალი წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში და უცხო ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან განზრახული აქვთ გაემართონ საქართველოს იმ ნავსადგურისკენ, რომელზეც ვრცელდება ამ წესის მოქმედება, მათ შორის:

[checklist]

  • სამგზავრო გემები, სწრაფმავალი სამგზავრო გემების ჩათვლით;
  • 500 და მეტი საერთო ტევადობის (GT) სატვირთო გემები, მათ შორის სწრაფმავალი გემი;
  • მცურავი პლატფორმა.

[/checklist]

ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო გემებზე, დამხმარე სამხედრო გემებსა და სახელმწიფო გემებზე, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისთვის.

ნავსადგურის უშიშროების ეროვნული უწყება არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც ახორციელებს ამ წესის დანერგვასა და შესრულებაზე ზედამხედველობას.

ახალი წესის მიხედვით საქართველოს ყველა ნავსადგურში ინიშნება ნავსადგურის უშიშროების ოფიცერი, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების განხორციელებას და ადმინისტრირებას. ამასთან, სანავსადგურე ობიექტში შეიძლება დანიშნული იყოს სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცერი, რომელიც ფუნქციონალურად უნდა ექვემდებარებოდეს ნავსადგურის უშიშროების ოფიცერს. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცერს ნიშნავს ნავსადგურის ადმინისტრაცია ან სააგენტო.

კომპანია [გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია ან პირი, როგორიც არის გემის ოპერატორი ან ბერბოუტ ჩარტერერი], ნიშნავს გემის უშიშროების ოფიცერს მისი ოპერირების ქვეშ მყოფ ყოველ გემზე, რომელზეც ვრცელდება უშიშროების დაცვის მოთხოვნები. გემის უშიშროების ოფიცერი პასუხისმგებელია გემზე ამ წესების მოთხოვნების დანერგვაზე.

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესი გემებზე არალეგალური მგზავრობისა და გემზე მოხვედრის პრევენციის, ასევე მგზავრებზე რეაგირების ზომებსაც ითვალისწინებს:

[crosslist]

  • „ჩაკეტილი კარები, ხუფები, სათავსოები, აღჭურვილობის შესანახი ოთახები, ტრიუმები, სამანქანე განყოფილება და ეკიპაჟისა და მგზავრების კაიუტები; გემის საცხოვრებელ ნაწილში შემავალი კარები ასევე უნდა იყოს უსაფრთხო და იკეტებოდეს ისე, რომ ტოვებდეს მხოლოდ ერთ ღია შესასვლელს. უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩაკეტილი კარების გასაღები უნდა ინახებოდეს ხელმისაწვდომ ადგილას, რათა შესაძლებელი იყოს კარების გაღება საგანგებო მდგომარეობის დროს;
  • სათავსოები, აღჭურვილობის შესანახი ოთახები გემბანზე, სამანქანე განყოფილება და კაიუტები ჩაკეტილი უნდა იყოს გემის ნავსადგურში ყოფნის დროს; დერეფნებზე განხორციელდეს თვალთვალი; იმ ტერიტორიების შემოწმება, რომელთა რეგულარულად დაკეტვა შეუძლებელია;
  • უბილეთო მგზავრის აღმოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის უწყებებს. თუმცა, რადგან ზოგიერთი უბილეთო მგზავრი შეიძლება იყოს საფრთხის წყარო, არ არის რეკომენდირებული პირდაპირი ჩარევა, რათა გემის და ეკიპაჟის უშიშროება არ დადგეს რისკის ქვეშ“.

[/crosslist]

აღნიშნული წესი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აშშ-ს სანაპირო დაცვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში „გემებისა და ნავსადგურების უშიშროების შესახებ“ საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) საფუძველზე მომზადდა. სააგენტოს განცხადებით, ის სრულად პასუხობს დღეს მოქმედ საერთაშორისო მოთხოვნებს გემებისა და ნავსადგურებში უშიშროების უზრუნველყოფაზე.

ამასთან, „მთავრობის მიერ აღნიშნული დადგენილების მიღებით შესრულდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება „გემებისა და ნავსადგურების მოწყობილობების უსაფრთხოების გაძლიერებისთაობაზე“, ასევე ევროპარლამენტისა და საბჭოს შესაბამისი დირექტივები“ – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: