მთავარი,სიახლეები

„დღეს მხოლოდ ჩაი გვქონდა და კიდევ პური“ – ბავშვები ქობულეთიდან (ფოტო)

03.12.2018 • 2768
„დღეს მხოლოდ ჩაი გვქონდა და კიდევ პური“ – ბავშვები ქობულეთიდან (ფოტო)

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ნაკაიძეების დასახლებაში ყველა გეტყვით, სად ცხოვრობს სურმანიძეების ოჯახი. სახლი ქვისაა და ორსართულიანი, თუმცა გზაზე ჩავლის დროს შორიდანვე  შეამჩნევთ, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს უჭირთ – დაჟანგული მოაჯირებით და ბავშვების გამოფენილი ფერადი ტანსაცმლით, ტალახიანი ეზოთი, სადაც ბავშვები დარბიან, ძველი მიყრილ-მოყრილი ნივთებით, ღიად დატოვებული ონკანით და შიშველი თოჯინით, პირქვე ჩამხობილი რომ დარჩენიათ ბავშვებს.

„დღეს ჩაი დავალევიე ბავშვებს და კიდევ პური გვქონდა. გუშინაც ჩაი და პური იყო, მეტი არაფერი… გუშინწინ მეზობელმა კომბოსტო მაჩუქა და ბორში გავაკეთე, ძალიან მოეწონათ ბავშვებს,“ – გვიყვება ქეთევან სურმანიძე, რომელიც სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და მეოთხეს ელოდება.

ქეთევან სურმანიძე აქ მეუღლესთან, შვილებთან, დედამთილთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. ქეთევანის ძმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

ქეთევან სურმანიძე ამბობს, რომ შემწეობა ბოლო რამდენიმე თვეა შეუჩერეს. სარემონტოა სახლიც, სადაც სახურავიდან წყალი ჩამოდის, იატაკი ჩავარდნის პირასაა და ხის დაფებით გაუმყარებიათ.

სურმანიძეები ამორტიზებულ სახლში ცხოვრობენ. სახლი იმდენად ავარიულია, რომ ხუთი წლის ბავშვს იატაკი ჩაუტყდა და მეორე სართულიდან პირველზე ჩავარდა

„ამას წინათ ჩამივარდა აქ ჩემი პატარა… მეორე სართულიდან ჩავარდა პირველზე. კიდევ კარგი, რომ პირველ სართულზე იმ ადგილას რბილი მიწა შეხვდა და დიდად არ დაზიანებულა,“ – გვიყვება ქეთევანი და ოთახებს გვათვალიერებინებს: მაგიდაზე ცარიელი თეფშები და პურის ერთი ნაჭერია დარჩენილი. დედა ბავშვებს სთხოვს, გარეთ ითამაშონ, რადგან იატაკი შეიძლება ჩავარდეს. ქეთევანი შეშის ღუმელს ანთებს, წყალი უნდა გავათბო და დღეს ბავშვები უნდა ვაბანაოო, მიყვება.

„აბაზანა არ გვაქვს, აქვე ვაბანავებ… ეს რა პრობლემაა, შეშა რომ მქონდეს. ვისიც არის ტყე, იმას ვთხოვეთ და გვითხრა, მთავარია, ხე არ მოჭრათ და ფარჩხები წაიღეთო… მაგას ვეზიდებოდი დღეს მთელია დღეა,“ – ამბობს ქეთევან სურმანიძე.

ქეთევან სურმანიძის მოთხოვნა მარტივია – ის მხოლოდ საკვებს ითხოვს ბავშვებისთვის. ქეთევანი, ასევე, ითხოვს ძმის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას – ბესო სურმანიძეს ოჯახში ძალადობას ედავება გამოძიება.

„იმ ღამით ნასვამი მოვიდა და ჩხუბი დამიწყო. მერე სათამაშო თოფი გამომიქნია და მეტკინა, მეტი არაფერი იყო… ბავშვებმა რომ დაინახეს, კივილი დაიწყეს და ისიც შეშინდა, თვითონ დარეკა 112-ზე, ჩემს ფეხმძიმე დას მუცელში ფეხი ჩავარტყი, მოდით და წამიყვანეთო. მოვიდნენ…

მას მერე ჩემი ძმა აღარ მინახავს. ჩემი დედამთილი იყო ასული ხონის ფსიქიატრიულში, იქ არის ჩემი ძმა. ისიც ვერ მუშაობდა ვერაფერს, ავადაა, მაგრამ ხანდახან წავიდოდა და საჭმელს მოიტანდა, აძლევდნენ რაღაცას… მინდა, გამოუშვან გარეთ, მაგას ვითხოვ მე.

.. დედამთილი სოფელშია ახლა წასული, ქმარი თბილისში წაიყვანეს აქციაზე. არავინ მუშაობს,“ – გვიყვება ქეთევან სურმანიძე.

პატარები საბავშვო ბაღში არ დადიან. დედა ამბობს, რომ ბავშვები ბაღში არ გაჩერდნენ. სკოლაში მხოლოდ ნიკა დადის, ის 12 წლისაა და მეხუთე კლასშია, თუმცა დღეს არც ის წასულა სკოლაში.

რატომ არ დადიხარ სკოლაში? – კითხვას დედა-შვილი უპასუხოდ ტოვებს.

ნიკა ამბობს, რომ მან წერა-კითხვა ამ დრომდე არ იცის. თუმცა დარწმუნებულია, რომ ამას შეძლებს და პოლიციელიც გამოვა.

ნაკაიძეების სკოლაში, სადაც ნიკა სწავლობს, გვითხრეს, რომ ნიკა სკოლას იშვიათად აცდენს, თუმცა ბავშვს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ნიკასთან სპეციალიზებული მასწავლებელი მუშაობს. სპეციალიზებული მასწავლებლის, ლიკა კენჭაძის თქმით, ბავშვს აქამდე სხვა ბავშვებთან ურთიერთობაც უჭირდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის ფილიალის ინფორმაციით კი, სურმანიძეების ოჯახს სოციალური შემწეობა მხოლოდ ორი თვით ჰქონდა შეჩერებული, რადგან ოჯახის მონაცემები გადამოწმდა.

„ეს ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას და ყველა პროგრამაში არის ჩართული, თუკი რაიმე არსებობს… რაც შეეხება ნიკას სტატუსს, მშობელმა უნდა მოითხოვს სტატუსის მინიჭება, რასაც მშობლები ამ დრომდე არ აკეთებენ. ბებია დაგვპირდა, მოგმართავთო, მაგრამ არც ის მოვიდა საბოლოოდ“, – აღნიშნავს სოციალური მუშაკი ნანა ჯაფარიძე.

სოციალური მუშაკის თქმით, პრობლემური არიან მშობლებიც. ამის გამო სააგენტომ ბავშვების მინდობით აღზრდაში გაყვანა გადაწყვიტა, მაგრამ დედა ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა. სოციალური მუშაკი მიიჩნევს, რომ ქობულეთის მერია უნდა დაეხმაროს ოჯახს, თუმცა ამ დრომდე მერიამ ამ კონკრეტული ოჯახისთვის ვერ მოიცალა.

ნანა ჯაფარიძე, სოციალური მუშაკი: „ეს ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მერიას… პირველ რიგში, უნდა მოწესრიგდეს ელემენტარული პირობები, რომ იმ სახლში ცხოვრება საშიში არ იყოს სიცოცხლისთვის. ვგულისხმობ იატაკს, ჭერს… ჩვენ ვცადეთ ბავშვების მინდობით აღზრდაში გაყვანა, მაგრამ დედამ წერილი მისწერა მერიას, თუ ასე მოიქცევით, თავს მოვიკლავო…“

სურმანიძეებს სამი დღეა საჭმელად მხოლოდ ჩაი და პური აქვთ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: