მთავარი,სიახლეები

„ივანიშვილისთვის შეიძლება და ჩემთვის არა?“- ბაზიერს მიმინოს დაჭერისთვის აჯარიმებდნენ

24.10.2018 • 6411
„ივანიშვილისთვის შეიძლება და ჩემთვის არა?“- ბაზიერს მიმინოს დაჭერისთვის აჯარიმებდნენ

„რამდენიმე დღის წინ მიმინო დავიჭირე და მოვიდნენ, ეს აკრძალულია, 1000 ლარით გაჯარიმებთო. რაც აკვნიდან გადმოვვარდი, სულ მიმინოებს ვიჭერ, ბაბუაც ამას აკეთებდა. 12 წლის ვიყავი, როცა პირველი ჯილდო მივიღე, როგორც ბაზიერმა. ბოლოს თბილისობაზე მომცეს მედალი,“ – ეს  ბათუმში მცხოვრებმა ზურაბ ბარამიძემ მოგვიყვა სასამართლოს ფოიეში.

30 სექტემბერს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ზურაბ ბარამიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. გარემოსდამცველებმა მიმინოს დაჭერა ბაზიერობისთვის „გარეული ცხოველის დატყვევებად“ შეაფასეს, ხოლო დატყვევებული მიმინო გაუშვეს.

ბაზიერობა, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი„თუ მიმინო არ დავიჭირე, ბაზიერი საიდან ვიქნები?“ – კითხულობს ზურაბ ბარამიძე. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ის მოგვიყვა, როგორ იჭერს და შემდეგ წვრთნის მიმინოს ნადირობისთვის, ასევე ჩემპიონატში მონაწილეობისთვის.

„ხაფანგით მიმინოს დაჭერა მარტივია, მერეა რთული, რომ შეგეჩვიოს… თავიდან პატარა ჩიტს ვიჭერ, მაჭო ჰქვია, იმის ხმაზე მოდის მიმინო, ტყუვდება და ჩემ მიერ წინასწარ დაფენილ ბადეში ეხვევა… მერე მუდმივად ხელზე მიზის და თოკით მყავს გამობმული, სადღაც ერთი კვირა. უკვე სამ დღეში ეტყობა, გეჩვევა თუ არა. სულ უნდა ეფერო, კარგად მოექცე. რამდენიმე დღეში მიხვდები, გიმეგობრდება თუ არა. თუ არაფერი გამოდის, ისევ უკან ვაბრუნებ. ცნობილია, რომ მიმინო საკვებად არ გამოიყენება…

აქამდე არავინ დაუჯარიმებიათ, პირველად მესმის. გარეული ცხოველები ივანიშვილსაც ჰყავს, რა გამოდის, მისთვის შეიძლება და რიგითი ადამიანებისთვის არა?“ – გვითხრა ზურაბ ბარამიძემ.

ბაზიერის ამბავი მოსამართლე ირაკლი შავაძემ განიხილა. სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის სახელმაც გაიჟღერა ზვიგენთან და პინგვინებთან ერთად.

„ბაზიერობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის, რომ კანონმდებლობაში ბაზიერობის რეგულაცია არ არის, ეს ბატონი ზურაბის ბრალი არ არის…. საქართველოში არიან პირები, ვისაც ჰყავს გარეული ცხოველები სახლში. საინტერესოა, რატომ არ მოხდა მათ მიმართ რეაგირება?“ – იკითხა სასამართლო პროცესზე საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემ. ის სასამართლოში ზურაბ ბარამიძის ინტერესებს იცავდა.

„მოგვაწოდეთ ინფორმაცია და მოვახდენთ რეაგირებას,“ – უპასუხა შენიშვნას გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა, ლანა ქიქავამ. მას საია-ს იურისტმა შეახსენა, რომ ასეთი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც ზვიგენი ჰყავს და პინგვინებიც.

„ოფიციალურად შემოიტანეთ და განვიხილავთ,“ – მოკლე რეპლიკით სცადა უხერხული დიალოგის დასრულება დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

საია-ს იურისტმა სასამართლო პროცესზე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბაზიერობა სპორტია, რომელიც იმავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამ კუთხით ცალკე საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობს.

„დადგენილი ფაქტია, რომ მან მიმინო დაიჭირა. ჩვენ არ ვიცით, რისთვის სჭირდებოდა მას ეს. წარმოედგინა მაშინ დოკუმენტი, რომ მიმინო ბაზიერობისთვის სჭირდებოდა,“ – თქვა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა, ლანა ქიქავამ.

„ბუნებაში არის ასეთი უწყება, რომელიც მსგავს ნებართვას გასცემს?“ – იკითხა მოსამართლემ.

„მიემართა სამინისტროსთვის ჯერ. წარმოდგენილი არ არის რაიმე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მოქალაქემ შესაბამისი ნებართვის მისაღებად სამინისტროს მიმართა,“ – აღნიშნა ლანა ქიქავამ. მას საია-ს იურისტმა შეახსენა, რომ მტკიცების ტვირთი მასზეა, როგორც სახელმწიფო უწყების წარმომადგენელზე და მას უნდა წარმოედგინა სასამართლოსთვის ნებართვის ფორმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვერ თქვა დაზუსტებით, კონკრეტულად რა სახის ნებართვა უნდა აეღო მოქალაქეს ბაზიერობისთვის და რომელი უწყებიდან. გარემოს დაცვის სამინისტრო ნებართვებს ნადირობის კუთხით გასცემს.

„მე მაინტერესებს, როდის აქეთაა მიმინო ცხოველი?“ – იკითხა პროცესზე მოქალაქე ზურაბ ბარამიძემ. მას მოსამართლემ განუმარტა, რომ კანონმდებლობის მიხედვით მიმინოც ცხოველთა სამყაროს ეკუთვნის.

მოსამართლემ გადაწყვეტილება მალევე გამოაცხადა. მოსამართლე ირაკლი შავაძემ ზურაბ ბარამიძეს შენიშვნა მისცა, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებაზე კი უარი თქვა. მოსამართლემ განმარტა, რომ მიმინოს დაკავება დადგენილი ფაქტია, რაც სამართალდარღვევად უნდა მივიჩნიოთ.

„გასაგებია, რომ ცალკე რეგულაცია ბაზიერობაზე არ არსებობს, მაგრამ მინისტრის 2013 წლის ბრძანება ნადირობის ნებართვებზე უნდა გავრცელდეს ამაზეც“, – დასძინა მოსამართლემ.

ბაზიერების შეჯიბრი ნოემბერშია დაგეგმილი. ზურაბ ბარამიძემ ჯერ არ იცის, დაიჭერს თუ არა ისევ მიმინოს. წუხს იმის გამო, რომ მონაწილეობას შეჯიბრში ვეღარ მიიღებს. „რომც დავიჭირო, გაწვრთნას ხომ დრო უნდა?“ – გვითხრა მან პროცესის დასრულების შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: