მერისი – ხეობა, რომელსაც ადგილობრივზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს

მერისის ხეობა ქედის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ბათუმიდან 5-6 საათის სავალზეა. მდინარე აკავრეთას ხეობაში მდებარე მერისში ერთდროულად ბევრი რამის ნახვა შეგიძლიათ. ამ ულამაზეს, მწვანეში ჩაფლულ ხეობაში ნახავთ მერისის წყალუხვ ჩანჩქერს, რომელიც ღრმად შეჭრილ, მიხვეულ-მოხვეულ მთებშია ჩამალული, ზენდიდის უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევებს, რომლის კედლებშიც ახლა სოფლის მკვიდრები ცხოვრობენ. აქვეა გუნდაურის სამკურნალო-მინერალური წყლებიც.

მერისის ხეობა / ფოტო: ტურიზმის განვითარების ცენტრი

პიკნიკისთვის თუ გზად შესვენებას გადაწყვეტთ, სოფელ გარეტყესთან ახლოს, გვახას საპიკნიკე ადგილას უნდა შეჩერდეთ – მდინარის ხეობაში აქ წყლის ბუნებრივი აუზი იქმნება. ლურჯ, კამკამა წყალში ბანაობაც შეგიძლიათ და ტყეში პიკნიკის მოწყობაც.

მერისის ხეობა აჭარის ტურისტულ რუკაზე შედარებით ახალი მარშრუტია, რომელსაც დანარჩენი მიმართულებებისგან აჭარის უგემრიელესი, ტრადიციული კერძებისა და ბუნებრივ – ისტორიული ღირსშესანიშნაობების გარდა განსხვავებული საოჯახო სასტუმროები გამოარჩევს.

აქ ჩამოსულ ტურისტებს სასტუმროები ფოლკლორულ მასტერკლასებს სთავაზობენ და სტუმრები ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს სწავლობენ. ავსტრალიელი ლოიდ ოჰონლონი ჯემალ თურმანიძის საოჯახო სასტუმროში ერთი წელია ცხოვრობს და ხალხურ სიმღერებს სწავლობს. ლოიდმა წელს ქედელობის დღესასწაულზე ავსტრალიიდან ფოლკლორისტთა 25-კაციანი გუნდიც ჩამოიყვანა, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ ცეკვა-სიმღერის ადგილობრივ ტრადიციებს. სწორედ ფოლკლორში მასტერკლასების გამო მერისის ხეობა უცხოელი ეთნოლოგების, ფოლკლორისტების საყვარელი ადგილია აჭარაში.

ლოიდ ოჰონლონი, ავსტრალიელი, რომელიც უკვე ერთი წელია მერისის ხეობაში ცხოვრობს და ადგილობრივ, ხალხურ სიმღერებს სწავლობს

მერისის ხეობა გამორჩეული ცეკვისა და სიმღერის ტრადიციითაა ცნობილი აჭარაში. აქ  მოისმენთ სიმღერებს: „მერისული მაყრული“, „თირინი“, „ცაგუნა“, „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“, „ხინწკალა“, „ჩათხრობილი“ და სხვა.


ზენდიდის ციხე

მერისის ხეობაში ჩასვლამდე, ქედის ცენტრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, ზენდიდის ციხის მონახულება შეგიძლიათ. ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა არქიტექტურული დეტალები მიგვანიშნებს, რომ ადრეულ საუკუნეებშია აგებული. ციხე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს, აქედან ქედის სოფლების ულამაზესი ხედები იშლება. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ახლა ადგილობრივები სახლობენ.

ზენდიდის ციხის ნაშთები

                           ქედის ისტორიული მუზეუმი

ქედის ისტორიულ მუზეუმში მერისში ასვლამდე მოხვდებით. აქ ადგილობრივი ყოფის ამსახველი ყოველდღიური ნივთები, სამოსი, შრომის იარაღები და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი. მუზეუმის დირექტორი ცდილობს ექსპონატები გაამრავალფეროვნოს და საქართველოს ახლო წარსულიდან შემორჩენილი ნივთებიც განათავსოს მუზეუმში. აქ საბჭოთა სიმბოლიკის ნიმუშებსაც ნახავთ აჭარული თოფის, მაჭახელასა და ძველებური სკივრების, სამოსის გვერდით.

საკმევლის ჭურჭელი. VII-VIII სს. ქედის ისტორიული მუზეუმი

                        მერისის წყალუხვი ჩანჩქერი

ყველა ჩანჩქერთან ზაფხულში, გაზაფხულზე თუ ადრეულ შემოდგომაზე ტურისტების სიმრავლეა. ხანდახან ასეთი ადგილები, სადაც, წესით, დასასვენებლად და განსატვირთად მიდიან, გადატვირთულია და დასვენებაც არ ხერხდება. მერისის ჩანჩქერი კი დიდი ხანი არ არის, რაც ადგილობრივებმა აღმოაჩინეს., ეს ტურისტული მარშრუტი შედარებით ახალია, ბევრმა ჯერ არ იცის მის შესახებ და ამიტომ აქ ნამდვილი დასვენების მოწყობა შეიძლება. ჩანჩქერზე წყალი გუბდება და ბანაობაც შეიძლება. მერისის ჩანჩქერი 30 მეტრის სიმაღლიდან მოჩქებს და წყალუხვობითაა გამორჩეული.

მერისის ჩანჩქერი

                             გვახას საპიკნიკე

ეს იდეალური ადგილია ბუნებაში დასვენების მოყვარულებისთვის – სუფთა, ლურჯი წყალი, ბუნებრივი აუზი, რომელსაც მდინარის ხეობა ქმნის იდეალურია საბანაოდ და გასაგრილებლად. აქვეა მთის სუფთა წყაროც. მდინარის ხეობა მწვანე ლიანებშია ჩაფლული. ბუნება აქ ყველა პირობას ქმნის სრული განტვირთვისთვის. გვახას საპიკნიკე და საბანაო ადგილებს სოფელ გარეტყის პირველ შესახვევშივე მიადგებით.

გვახას საპიკნიკე ადგილი

მსუყე კერძები

აჭარაში გემრიელი ბორანო და სინორი არავის უკვირს, მაგრამ მერისში ბევრ სხვა ტრადიციულ, აჭარულ კერძსაც საუკეთესოდ ამზადებენ: ყათმერს, ფხალ-ლობიოს, ქალაჯოს და ქათამს ნიგვზით. – ყათმერი ტკბილეულია და ცომში ნიგვზითა და შაქრის გულით ცხვება. ქალაჯოს მოსამზადებლად კი ადუღებულ იაღს, ნადუღს და ნიორს დაფშვნილ მჭადს უმატებენ.

ქათამი ნიგვზით

საოჯახო სასტუმროებში ყველა ოჯახს საკუთარი მეურნეობა აქვს: ბორანოსთვის ოჯახები ძროხის რძისგან ამზადებენ ყველს. სალათებში იქვე დაკრეფილი კიტრი და პომიდორია. ღვინოც ადგილობრივია: თეთრი ცოლიკაური ან ვარდისფერი ჩხავერი.

სწორედ ამ ნაზი, არომატული ღვინოების ზომიერ დოზაზეა დამოკიდებული მხიარულება, რაც მერისულ საოჯახო სასტუმროებში მირთმეულ სადილებს ყოველთვის სდევს თან. მერისში წარმოუდგენელია სტუმრებს გემრიელად მირთმევის შემდეგ  ადგილობრივებმა გულიანად არ უმღერონ – ისე, როგორც მხოლოდ მერისში მღერიან. ამ დროს იგრძნობთ, რომ ადგილობრივებთან ერთად სადილი არ არის მხოლოდ სადილი. ახალგაცნობილ ადამიანებთან ერთად სიმღერაც არ არის მხოლოდ სიმღერა და ასეთ მოგზაურობებში ჩნდება ყველაზე საინტერესო თავგადასავლები და იბადება ამბები.


  საოჯახო სასტუმროები მერისში

თუ გავითვალსწინებთ, რომ ბათუმიდან მერისამდე 5-6 საათის სავალი გზაა, მაშინ ლოგიკურია, რომ აქაურობის მოსანახულებლად ერთი დღე ძალიან მცირე დროდ მოგეჩვენებათ. მერისის ხეობაში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა, სადაც შვებულების სასიამოვნო დღეების გატარებას შეძლებთ.

  • საოჯახო სასტუმრო „მოყვარე”

ჯემალ თურმანიძის ეს საოჯახო სასტუმრო მერისის ხეობის სოფელ გარეტყეში, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს. ოჯახის სამი თაობა, გარდა გემრიელი კერძების შეთავაზებისა, ტურისტებს ხალხურ ცეკვებსა და სიმღერებს ასწავლის. თურმანიძეების საოჯახო სასტუმროში ყოველ წელს ქართული ფოლკლორით დაინტერესებული უამრავი უცხოელი სტუმარი ჩამოდის. ამ სახლიდან ყოველთვის ცეკვის, სიმღერისა და მხიარულების ხმა ისმის.

  • რევაზ სურმანიძის საოჯახო სასტუმრო

სოფელ მერისში მდებარეობს, ჩანჩქერთან ახლოს. აქ თუ რამდენიმე დღით დარჩებით, მერისის ჩანჩქერს მოინახულებთ და სოფლის ირგვლივ ლაშქრობას მოაწყობთ, მდინარეში ითევზავებთ და მერისის ხეობის ულამაზესი ხედებით დატკბებით დილაობით.

  • საოჯახო სასტუმრო „ჯიჯი”

ეს სასტუმროც მერისის ჩანჩქერთანაა ახლოს. აქედან გუნდაურის მინერალური წყლის დასაგემოვნებლად გაემართებით, საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებს სოფლის მეურნეობის პროდუქტები თავად მოჰყავთ და უგემრიელეს, ახალდამზადებულ კერძებს შემოგთავაზებენ ნებისმიერ დროს.

  • გურამ თურმანიძის საოჯახო სასტუმრო

ეს შენობაც ასევე სოფელ მერისში მდებარეობს. სასტუმროსთან ახლოსაა გვახას საპიკნიკე ადგილი, სადაც იბანავებთ, ითევზავებთ, ადგილობრივ აგროპროდუქტებს დააგემოვნებთ და სუფთა ჰაერზე ისეირნებთ ტყეში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი