დედის ისტორია – “ჩემმა შვილმა ყელში ორჯერ გამომისვა დანა”

„ღამის თორმეტი იქნებოდა, როცა მოვიდა. ვუთხარი, სახლში არ გიშვებ-მეთქი და ბოქლომი კიდევ ერთხელ შევამოწმე, ჩაკეტილი ხომ არის-მეთქი. ჯერ ჩუმად იდგა, მერე პირდაპირ ყვირილი დაიწყო, რამდენ ხანს უნდა ვიყო გარეთო… ვუთხარი, პოლიციელებმა ხომ გაგაფრთხილეს, დედას არ უნდა მიუახლოვდეო. მერე უცებ ეს ფანჯარა შემოამტვრია და შემოვიდა, ხელი მიმკრა, გაზქურას წამოვედე და წავიქეცი… მაგინებდა, მაგიდიდან წითელი დანა აიღო და ყელში გამომისვა, ორჯერ გამომისვა დანა ჩემმა შვილმა,“ – გვიყვება 55 წლის ციალა [სტატიაში სახელები შეცვლილია].

რამდენიმე დღის წინ, 28 სექტემბერს, ბათუმში დედა 22 წლის შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა. ციალა საავადმყოფოდან გუშინ გამოწერეს.

პირველ ოქტომბერს დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ბიჭს -კახა კ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ეს არ იყო დედაზე ძალადობის პირველი შემთხვევა. 6 სექტემბერს იმავე სასამართლომ კახას დედაზე ფიზიკური ძალადობისთვის პირობითი მსჯავრი შეუფარდა. მაშინ დედას – ციალა კ.-ს უთხოვია პროკურატურისთვის, შვილი ციხეში არ ჩაესვათ.

დაჭრილი დედა: შვილს ვერაფერი ვუშველე, ვერ გადავარჩინე

„არც სასამართლო მინდა, აღარც კანონები, აღარც ვინმეს ადამიანობა,“ – ამბობს ციალა. იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და გადაადგილება უჭირს. სახლში, სადაც დედა-შვილი აქამდე ცხოვრობდა, მძიმე პირობებია: მიწური, ნესტის მძაფრი სუნი, უწყლობა…

„მერვე წელია აქ ვცხოვრობ… ნაქირავებია, მაგრამ ფული როცა მაქვს, მაშინ ვიხდი, თვეში 50 ლარს. მარტოხელა დედა ვარ ქობულეთიდან. კახა რაც გაჩნდა, მეგონა, დასრულდა წვალება და ცა გაიხსნა-მეთქი. იცით, რა ლამაზი ბავშვი იყო? არსად მასეთი ლამაზი ბაღანა არ დადიოდა, ზღაპარი იყო. ვერ შევძელი მარტო გაზრდა, მიჭირდა, თავშესაფარში მივაბარე. ხშირად ვაკითხავდი, საჭმელი მიმქონდა, ჩემთანაც მომყავდა… სკოლას მალე მიანება თავი, მერე ოჯახური ტიპის სახლში გადაიყვანეს, იქედან რამდენჯერმე გამოიქცა და ჩემთან მოვიდა, აქ მინდა მეო.

არაფერს აკეთებდა, არაფრის გაკეთება უნდოდა. ტოტალიზატორებში თამაშს მიეჩვია და თანდათან, ყოველდღე ფულს მთხოვდა. მე მხოლოდ დაავადების გამო პენსიას მაძლევენ და სოციალურ დახმარებას, უფასო სასადილოდან მოგვაქვს საჭმელი. ხან 10 ლარს მთხოვდა, ხან 20 ლარს. იმ დღესაც 15 ლარი მივეცი ღმერთს გეფიცები.

ხან იგებდა, ხან – აგებდა, როგორც არის. ერთხელ 50 ლარი მაჩუქა. მეორე დღეს მომთხოვა, გინდა თუ არა, უნდა დამიბრუნოო. დახარჯული მქონდა ფული, სად ვნახავდი? ხელი მკრა და სკამიდან გადამაგდო. ახლაც მტკივა ფეხი. ვკიოდი და მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს. დაიჭირეს. ციხიდან დამირეკა, არ გეცოდებიო? მთელი ბავშვობა სად მამყოფე და ახლა კიდევ სად ვარო. მერე მე ვუთხარი პოლიციელებს, არ მინდა მაგის ციხეში ყოფნა, გამოვიდეს და სადაც უნდა იქ იცხოვროს, მე თავი დამანებოს-მეთქი. გამოუშვეს. გამოუშვეს და ეს მოხდა, მაინც არ დამანება თავი.

ჩემ ამბამდე ქუჩაში გაუძარცვავს ვიღაც ქალი, ტელეფონი წაართვა თურმე. მაგაზეც იჯდა ციხეში და მერე გამოუშვეს, ვერაფერი ვუშველე. ვეუბნებოდი, შენ თუ მუშაობა არ გინდა, მე გავალ ქუჩაში, სადმე დავჯდები და ვიმათხოვრებ-მეთქი. მე ეს მირჩევნია ქურდობას… არაფერი აკლდა: საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი. სასადილოდან ჩემთვის საჭმლის მოტანაც ეზარებოდა. ერთი მეგობარი მყავს – ნოდარი და იმას მოჰქონდა საჭმელი.

ბოლოს ნოდარზეც ეჭვიანობდა, თქვენ აქ ერთად ხართ, ჭამთ და მე გარეთ უნდა ვიყოო. იმ ღამესაც, დანა რომ დამარტყა ყელში, ნოდარი ახალი წასული იყო. არ ვიცი, როგორ მოვისაზრე: ყელში მივიჭირე ხელი, რომ სისხლისგან არ დავცლილიყავი, მერე აღარ მახსოვს…

საავადმყოფოში პოლიციელებმა თქვეს, რომ თქვენი ტელეფონიდან შემოვიდა ინფორმაციაო. მე არ დამირეკავს და არ ვიცი, ალბათ, მეზობელმა დარეკა იმ დღეს.

ყველას უკვირდა საავადმყოფოში ჩემი გადარჩენა. დაცვის ბიჭმაც მომილოცა. ვუთხარი, მე და ღმერთი ერთად დავდივართ-მეთქი.“

„ჯერ ჯგუფურად გამაუპატიურეს, მერე ფსიქიატრიულში მოთავსებას მიპირებდნენ“

„მე ჯგუფურად გამაუპატიურეს ადრე,“ – თქვა მან პაუზის შემდეგ, როცა შვილზე საუბარი დაასრულა, მიწურს ხელჯოხი რამდენჯერმე წრიულად მოუსვა და ჩაფიქრებულმა განაგრძო, რომ ამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი – შიში დაამარცხა.

„მოგიყვებით, ეს 1994 წლის ამბავია,“ – დაიწყო და თან საწოლზე მიყრილი კარტის ჩალაგება წამოიწყო:

„იმ პერიოდში ხან ერთ ახლობელთან ვიყავი, ხან – მეორესთან. ხან სოფელში ვეხმარებოდი ნათესავებს და ისინი მჩუქნიდნენ ფულს, ხან ქალაქში – კაფეში ვმუშაობდი. ერთ დღეს მოტყუებით წამიყვანა ახლობელმა მანქანით ვითომ საქმეზე და ადლიაში ჯგუფურად გამაუპატიურეს, პოლიციელიც მონაწილეობდა ამაში. იმ ღამით იმ შენობის მესამე სართულიდან გადმოვხტი, ეგონათ, რომ მოვკვდი. ხელ-ფეხი მოვიტეხე, ამიტომაც მაქვს ეს [შშმ პირის] სტატუსი დღეს.

საავადმყოფოდან პოლიცია გამოვიძახე, მაგრამ ხომ იცით, რა დრო იყო მაშინ. ყველას ვუჩივლე, მაგრამ დასჯა ვინმეს არ უნდოდა. იძახდნენ, ეს ქალი გიჟია და გვიგონებს რაღაცებსო. ვიდრე საავადმყოფოდან გამომწერდნენ, ფსიქიატრიულის ექიმი მოვიდა და მეკითხება, ჭას რომ ჩასძახო, რა ხმას გაიგონებო. ვუთხარი, ჭას რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს-მეთქი. არაა ეს ქალი გიჟიო, გადახედა სხვებს და მხრები აიჩეჩა.

საავადმყოფოდან როცა გამოვედი, პირდაპირ ფსიქიატრიულის დირექტორთან მივედი. ვუთხარი, ვიცი, რასაც აპირებთ და თუ აქ მომათავსებენ, ჩემი ხელით მოგკლავ-მეთქი. მერე მიგზავნიდნენ ხალხს, ჩვენ გარჩენთ მთელი ცხოვრება და დაგვანებე თავიო. ბოლოს შევცვალე ჩვენება და ვთქვი, რომ ჩემი ნებით მოხდა ყველაფერი.

ამ შემთხვევიდან ორი წლის შემდეგ გავაჩინე კახა. დიმას ცოლად არ გავყოლივარ, ისე მინდოდა შვილი და გავაჩინე.

დიმამდე გათხოვილი ვიყავი, ქმარი მყავდა, მაგრამ იქ შვილი არ გამჩენია. ჩემი ქმარი ფსიქიატრიულში მოხვდა და თავი ჩამოიხრჩო, მე ოჯახიდან წამოვედი.

მიკვირს, რომ არასდროს ვამბობ სიცოცხლეზე უარს, სულ მიხარია რაღაც… ახლაც მგონია, რომ კარგად ვიქნები, ფეხზე დავდგები. აი, ამ საღამოსაც ნოდარი გამოივლის, კარტს ვითამაშებთ. არა, კარტს გავშლი და ვუმკითხავებ,“ – დაასრულა მან ღიმილით და კატა აიყვანა ხელში.

„ეს მიყვარს მე. მეზობელი მიყვებოდა წაღან, საავადმყოფოში როცა იწექი, სულ აქეთ-იქეთ მოუსვენრად დადიოდაო, ვენატრებოდი…“

რამდენი ქალი მოკლეს წელს

რამდენი ქალი მოკლეს წელს, სამართალდამცავ უწყებებს ჯერ ამ წლის სტატისტიკა არ გამოუქვეყნებიათ. პროკურატურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 12 ქალი მოკლა ოჯახის წევრმა, 2016 წელს – 13, 2015 წელს – 7, 2014 წელს – 12.

სახალხო დამცველის მონაცემებით, 2015 წელს სულ 18 ქალი მოკლეს, 2016 წელს – 32, ხოლო გასულ წელს – 26.

ქალთა მკვლელობების, ან მკვლელობის მცდელობის დროს ისევ აქტიურდება კითხვა: რა შეიცვლებოდა, თუკი პარლამენტი მიიღებდა კანონს ფემიციდის შესახებ. ეს გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალთა განზრახ მკვლელობის დასჯას გულისხმობს.

2016 წლის 10 ივნისს ფემიციდის შესახებ კანონპროექტი ორი ხმით ჩავარდა. მას მხარი 48 დეპუტატმა დაუჭირა 1-ის წინააღმდეგ, როცა დასამტკიცებლად საჭირო იყო 50 ხმა.

პარლამენტს ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით “რესპუბლიკელებმა” 2017 წლის იანვარშიც მიმართეს. ცვლილებები ასევე მოიცავდა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას. თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ითვალისწინებდა ფემიციდისთვის ცალკე დანაშაულის კატეგორიის მინიჭებას.

ფანჯარა, საიდანაც მკვლელობის მცდელობის ღამეს ბიჭი დედის საცხოვრებელ ბინაში შევიდა.


სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი