განათლება,მთავარი,სიახლეები

როცა უნივერსიტეტი 100 პროცენტით აფინანსებს, მაგრამ სტუდენტი სწავლას მაინც ვერ აგრძელებს

21.09.2018 • 20960
როცა უნივერსიტეტი 100 პროცენტით აფინანსებს, მაგრამ სტუდენტი სწავლას მაინც ვერ აგრძელებს

19 სექტემბერს საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, სან დიეგოს უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში მივიდა და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინჟინრების, ტექნოლოგების და სამეწარმეო მიდგომების მქონე ახალგაზრდები. ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ტექნოლოგიურად კონკურენტუნარიანი ქვეყანა, სადაც თქვენ, სტუდენტებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გეკისრებათ! “ – ასე მიმართა მინისტრმა სტუდენტებს.

ამ სტუდენტებს შორის იყო 17 წლის ბათუმელი მილენა ვარდანიანიც, რომელმაც წელს სან დიეგოს უნივერსიტეტში სამშენებლო ინჟინერიის სპეციალობაზე ჩააბარა.

ამერიკულმა სან დიეგოს უნივერსიტეტმა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და აშშ-ს მთავრობის ჩართულობით გაიხსნა საქართველოში, მილენას სწავლის საფასური, წელიწადში 7 500 დოლარი დაუფინანსა, მაგრამ მილენამ, რომელმაც ოქროს მედალზე დაამთავრა ბათუმის #7 საჯარო სკოლა, ჯერ კიდევ არ იცის, გააგრძელებს თუ არა სწავლას, რადგან მის ოჯახს არ აქვს საშუალება დაფაროს თბილისში ცხოვრების ხარჯები.

მილენას ძალიან უჭირს ამ თემაზე საუბარი. შეკითხვებზე ჯერ უხერხულად დუმს და მერე ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვება, რომ მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა და და ბათუმში ცხოვრობენ, ოჯახის შემოსავალი მხოლოდ დის ხელფასია, რომლის დიდი ნაწილიც აქამდე გადასახადებს და ოჯახის აუცილებელ საჭიროებებს ძლივს ჰყოფნიდა. ახლა ეს ხელფასი ორ ნაწილად უნდა გაიყოს, რომ მილენას თბილისში ცხოვრების ხარჯს: ბინის ქირას, საკვებისა და გზის ფულს გასწვდეს, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

„სწავლაზეც აღარ ვფიქრობდი წელს, რადგან არ იყო ამის საშუალება. ახლა დროებით ვცხოვრობ სხვებთან. ბინა უნდა ვიქირავო სხვა სტუდენტთან ერთად, ასე უფრო იაფი იქნება, მაგრამ მაინც ძვირია და არ ვიცი რა იქნება.

სამშენებლო ინჟინერია ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა და უკვე რამდენი ხანია ამ მიმართულებაზე მინდა სწავლა, მიყვარს მათემატიკა და ფიზიკა. კურსზე უმეტესობა ბიჭია, თუმცა გოგოებიც არიან“, – ყვება მილენა.

მილენამ არ იცის, ვის შეიძლება მიმართოს დახმარებისთვის, სწავლის გაგრძელება რომ შეძლოს.

მართალია, აჭარის განათლების სამინისტროს აქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აჭარაში მცხოვრებ სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის ან ცხოვრების ხარჯების დაფარვაში ეხმარება, მაგრამ ეს პროგრამა მილენაზე ვერ გავრცელდება – მიუხედავად იმისა, რომ მილენა ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს, რომლის პროგრამებს საერთაშორისო აკრედიტაცია აქვთ, აჭარის მთავრობა მას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარებოდა, თუ მილენა კალიფორნიაში, სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლიდა და არა თბილისში – ასეა გაწერილი პროგრამაში. გარდა ამისა, პროგრამა არ ვრცელდება ბაკალავრიატის სტუდენტებზე.

აჭარის მთავრობას არ აქვს სხვა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მილენას და მის სტუაციაში მყოფ წარმატებულ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ სახელწიფო ან საუნივერსიტეტო გრანტი, მაგრამ არ აქვთ სხვა ქალაქში ცხოვრების ხარჯების დაფარვის საშუალება, შეეძლო დახმარება ან სტიპენდია მიეღო.

უნდა ჰქონდეთ თუ არა წარმატებულ, მაგრამ ღარიბ სტუდენტებს სახელწიფოს ხელშეწყობა სწავლისას და რას ურჩევდა თავად მილენას და მის სიტუაციაში მყოფ სტუდენტებს? – ეს შეკითხვები აჭარის განათლების მინისტრისთვის, ინგა შამილიშვილისთვის გვინდოდა დაგვესვა. მინისტრმა თემაზე კომენტარი პირადად არ გააკეთა, პრესსამსახურის მეშვეობით კი მოკლედ გვიპასუხა.

„სამინისტრო აფინანასებს ორ პროგრამას: სტუდენტთა დახმარების პროგრამას, რომელიც ხედავს სოციალურად დაუცველების კომპონენტსაც, მრავალშვილიანსაც, ხედავს დედ-მამით ობოლსაც და ხედავს ქედა-შუახევ-ხულოსაც. ასევე, აფინანსებს სწავლას საზღვარგარეთ. ეს არის მინისტრის პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით“, – გვითხრა აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, თეა ვადაჭკორიამ.

ოქროს მედალი, რომელიც ადასტურებს, რომ მისმა მფლობელმა სკოლაში ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო, მილენას ჯერ არ მიუღია. ოქროს მედლების გადაცემის ცერემონია ბათუმში, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გაიმართება. ამ ცერემონიას, ტრადიციულად, ესწრებიან აჭარის მთავრობის წევრები. დაჯილდოებულებს შორის იქნება მილენაც, რომელსაც იმ დროისათვის სტუდენტის აქტიური სტატუსი შესაძლოა აღარ ჰქონდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: