მთავარი,სიახლეები

ადვოკატი კონკრეტულ გამომძიებლებზე, რომლებიც მას საქმიანობაში ხელს უშლიან

13.09.2018 • 4443
ადვოკატი კონკრეტულ გამომძიებლებზე, რომლებიც მას საქმიანობაში ხელს უშლიან

ადვოკატი ზაზა პაპიძე პროფესიული საქმიანობის შეზღუდვაზე, ასევე პროკურორების და გამომძიებლების მხრიდან სახელმწიფო რესურსის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. პროკურორმა მას მტკიცებულებები ბათუმში არ ჩააბარა, სამაგიეროდ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე პატიმარს ჩაუტანა – ქუთაისში.

გუშინ, 12 სექტემბერს „ქურდული სამყაროს წევრობის საქმის“განხილვის დროს, მოსამართლეს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ უთხრა, რომ მტკიცებულებები პროკურატურამ უშუალოდ პატიმარს ჩააბარა, რადგან ადვოკატი პროკურატურაში არ გამოცხადდა.

„მე არ მაქვს ვალდებულება, რომ პროკურატურაში, ან პოლიციის სამმართველოში მივიდე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ბრალდების მხარე ვალდებულია გადმოგვცეს მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია. მე როცა გადავცემ მტკიცებულებას პროკურატურას, მივდივარ პროკურატურაში, ან პოლიციის მთავარ სამმართველოში. როცა ბრალდების მხარე მაძლევს მტკიცებულებებს, რატომ არ შეიძლება, მაგალითად, საადვოკატო ბიუროში მოვიდეს?“ – კითხულობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

რატომ არ სურს ადვოკატს პროკურატურაში ან პოლიციის სამმართველოში მისვლა? – ადვოკატი განმარტავს, რომ საგამოძიებო ორგანოში მტკიცებულებების ჩასაბარებლად მას შემდეგ აღარ მიდის, როცა იქ შესვლისას მუდმივად ატოვებინებენ მობილურ ტელეფონს, ჩანთას, ხოლო შიგნით შესული „უკანონო საუბრების“ შემსწრე ხდება.

ზაზა პაპიძე: „შესასვლელთან შესანახი კარადაც არ არის. ადვოკატები ძირითადად მობილურს და ჩანთას მანქანაში ტოვებენ. რატომ ვარ ვალდებული ავტომანქანით მივიდე პოლიციაში? ამას იმიტომ აკეთებენ, რომ რეალურად არ იქცევიან ისე, როგორც გამომძიებელი უნდა იქცეოდეს. ხშირად არის უკანონო საუბრები, რომ ამა თუ იმ ფაქტზე ვერ დაიწყება გამოძიება, რომ შედეგი არ დადგება, აზრი არ აქვს და ასე შემდეგ. ისინი არ გესაუბრებიან, როგორც საჯარო მოხელეები და კვალიფიციური გამომძიებლები. ისეა, თითქოს ქუჩაში გაგაჩერა ვიღაცამ და გამოგელაპარაკა.“

სად უნდა გადასცეს პროკურორმა ადვოკატს მტკიცებულებები?

ადვოკატისგან განსხვავებით პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე ამ კითხვაზე საპასუხოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა მუხლზე მიუთითებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის შეფასებით კი, პროკურორი მტკიცებულებების გაცვლის მიზნით ადვოკატთან უნდა მივიდეს.

ფრიდონ ქარცივაძე, პროკურორი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. მიუხედავად ჩვენი არაერთი ოფიციალური გაფრთხილებისა, იგი არ გამოცხადდა და არ შეასრულა კანონით დაკისრებული მოვალეობა, ამიტომ ბრალდებულს გადავეცით მტკიცებულებები“.

პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი:  მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, ადვოკატი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილზე და სასამართლოში, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის მტკიცებულებათა გაცვლის ეტაპზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილს სავალდებულოდ პროკურატურის შენობა წარმოადგენს.

ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი უნდა განიმარტოს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით – მტკიცებულებათა გაცვლის, როგორც საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად. ამდენად, სრულიად შესაძლებელია, რომ მტკიცებულებები გაიცვალოს არა პროკურატურაში, არამედ საადვოკატო ბიუროში.”

როცა პროკურორი საქმის მასალებს ბათუმში მყოფ ადვოკატს არ აბარებს და ბიუჯეტის ხარჯზე ქუთაისში ჩადის

ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე, რაც „ქურდული სამყაროს წევრობის“ ბრალდებას უკავშირდება, პროკურატურას მტკიცებულებების გადმოცემის მოთხოვნით აგვისტოში ოთხჯერ მიმართა, მაგრამ არ მიაწოდეს. სამაგიეროდ, 3 სექტემბერს გამომძიებელი უჩა კახიძე ქუთაისის საპატრიმრო დაწესებულებაში ბრალდებულს შეხვდა და მტკიცებულებები მას გადასცა.

„პროკურატურა ვერ იტყვის, რომ მე უარი ვთქვი მტკიცებულებების ჩაბარებაზე. ვუთხარი, რომ ჩავიბარებდი საადვოკატო ბიუროში, რომელიც სასამართლოს გვერდით მდებარეობს. პროკურორებს და გამომძიებლებს მუდმივად უწევთ აქ მოსვლა,“ – ამბობს ზაზა პაპიძე.

„ჩვენ არ ვართ ვალდებული, რომ საადვოკატო ბიუროში ადვოკატს მივუტანოთ მტკიცებულებები“, – მოკლედ უპასუხა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ჩვენს შეკითხვას, თუ რატომ არ დაუტოვა მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანომ ბათუმში მყოფ ადვოკატს. პროკურორმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა სახელმწიფო ხარჯის მიზნობრიობასთან დაკავშირებით – რატომ იყო საჭირო გამომძიებლის ქუთაისში ჩასვლა და პატიმართან შეხვედრა სახელმწიფოს ხარჯზე.

„პატიმარს გამომძიებელმა უჩა კახიძემ უთხრა, რომ ცუდი ადვოკატი ვარ, საქმეს ვუფუჭებ და აცილება უნდა მომცეს… ეს არის ეთიკის დარღვევა. მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ამ საქმეზე,“ – გვითხრა ზაზა პაპიძემ. ადვოკატს სჯერა, რომ ამ გზით პროკურატურა მის დისკრედიტაციას ცდილობს.

საია: თანხის არაგონივრული ხარჯვის გარდა, იზღუდება დაცვის უფლება

კანონის მიხედვით, პროკურატურამ მტკიცებულებები დაცვის მხარეს უნდა ჩააბაროს. დაცვის მხარეს წარმოადგენს როგორც ბრალდებული, ისე მისი ადვოკატი.

საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე გვიყვება, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ბრალდების მხარე ადვოკატს არ უცვლის მტკიცებულებებს. „ამის გამო ხდება თანხების არაგონივრული და არამიზნობრივი ხარჯვა,“ – ამბობს ის.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგზე – დაცვის უფლება. როცა მტკიცებულებები ადვოკატისთვის უცნობია, როგორ დაიცავს იგი ბრალდებულს?

„ამ დროს ხშირად ადვოკატისთვის უცნობია, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებები უნდა გაუცვალოს ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში. გამოდის, რომ ბრალდების მხარე ადვოკატის ინფორმირების გარეშე ახდენს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილის შეცვლას, ბრალდებულს კი, ადვოკატის დასწრების გარეშე უცვლის მტკიცებულებებს, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლება,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

ადვოკატ ზაზა პაპიძის თქმით, მან 20 დღის წინაც მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და კონკრეტული გამომძიებლების საქმის შესწავლა მოითხოვა.

„სხვა შემთხვევაც იყო, როცა პირდაპირ პატიმარს გადასცეს მტკიცებულებები, ან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ურჩიეს, რომ ჩემი აცილება მოითხოვოს… ესენი არიან გამომძიებლები: არჩილ სურმანიძე, გურამ დიასამიძე, ზაურ შავიშვილი. 20 დღის წინ მივმართე გენერალურ ინსპექციას, თუმცა ამ დრომდე არავინ შემხმიანებია,“ – აღნიშნავს ზაზა პაპიძე.

დაიწყო თუ არა რაიმე სახის მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ, ან ხომ არ დაისაჯა რომელიმე გამომძიებელი ადვოკატისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის გამო? – „ბათუმელების“ ეს შეკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა უპასუხოდ დატოვა.

„ბათუმელები“ გამომძიებელ უჩა კახიძესაც დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, ურჩია თუ არა კონკრეტულ ბრალდებულს, ქუთაისის ციხეში შეხვედრის დროს, ადვოკატის გამოცვლა.

„სამწუხაროდ, პრესსამსახურის ნებართვის გარეშე ვერ გიპასუხებთ,“ – გვითხრა მან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: