აჭარის მთავრობა მეთხილე ფერმერებისთვის კომპენსაციის საკითხს არ განიხილავს

მეთხილე ფერმერებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი აჭარის მთავრობაში არ განიხილება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მამუკა თურმანიძემ უთხრა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მთავრობა მხოლოდ საბანკო ორგანიზაციებთან აწარმოებს მოლაპარაკებას მეთხილე ფერმერების მიერ აღებული სესხების გადავადების მოთხოვნით.

მინისტრის მოადგილე თხილის მოსავლის მასობრივად გაფუჭებას ფერმერების მხრიდან აგროწესების დარღვევას უკავშირებს.

„ახლა რომ მიხვიდეთ რომელიმე ფერმერის საკარმიდამო ნაკვეთში, ყველა აგროწესი არის დარღვეული აბსოლუტურად, რაც თხილის წარმოებისთვისაა აუცილებელი. შესაბამისად, ასეთ პირობებში თხილის წარმოებაში სათანადო შედეგის მიღწევა იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მეთხილე ფერმერებმა საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან დღეს, 23 აგვისტოს, გამართეს. ისინი კომპენსაციის მიღებას ითხოვენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ფერმერებს მოუწოდებს, ჩაერთონ აგრარული ექსტენციის პროგრამაში, რაც საველე პირობებში აგროსწავლებას გულისხმობს.

„ეს მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რაც უკავშირდება ნიადაგის დამუშავებას, მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს და მოსავლის აღებას… სამწუხაროდ ამ პროგრამის მიმართ ჩართულობა არ არის შესაბამისი. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს  სპეციალისტები ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე სოფლის რწმუნებულები, რომ ფერმერებს ამ პროგრამის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია,“ – გვითხრა მამუკა თურმანიძემ.

ფერმერებს ასევე შეუძლიათ შესაწამლი ტექნიკური საშუალებები შეიძინონ. ღირებულების 80 პროცენტს სახელმწიფო ფარავს.

რატომ გაუფუჭდათ თხილის მოსავალი ფერმერებს, რომლებსაც წინა წლებში კარგი მოსავალი ჰქონდათ? – მამუკა თურმანიძემ გვითხრა, რომ თხილის ბაღების რაოდენობა გაიზარდა და „მავნებელი დაავადებების რისკიც შესაბამისად გაზრდილია. თანამედროვე სამყაროში, როცა ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება, შეუძლებელია, ფერმერმა დარგოს თხილი და შემდეგ მხოლოდ მოსავლის აღების დროს მიაკითხოს,“ – ამბობს ის.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ფერმერებს საყვედურობს იმასაც, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების ნაწილი არ გამოუყენებიათ.

„ჩვენ ვებრძვით აზიურ ფაროსანას სახელმწიფო მიწის ნაკვეთებში, იქ, სადაც ფერმერს შესვლა არ შეუძლია. საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისთვის ჩვენ დავურიგეთ ფერმერებს შესაბამისი პრეპარატები და 10 ფერმერისთვის თითო შესასხურებელი აპარატი, მაგრამ დღეს ეს პრეპარატები ისევ არ არის გამოყენებული… საჭიროა 10 ფერმერის მობილიზება და 2 დღეში სრულად შეწამლული იქნება მათი მიწის ნაკვეთები. სათხოვარი გვაქვს ფერმერებთან, იაქტიურონ!“ – აღნიშნა მამუკა თურმანიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი