მთავარი,სიახლეები

რა გავლენა იქონია ლარის კურსზე თურქულმა ლირამ – ფინანსისტის შეფასება

18.08.2018 • 3171
რა გავლენა იქონია ლარის კურსზე თურქულმა ლირამ – ფინანსისტის შეფასება

თურქული ლირის ამერიკულ დოლართან მიმართებაში მკვეთრი გაუფასურების პარალელურად დოლართან მიმართებაში დაეცა ქართული ლარის კურსიც. არის თუ არა ლარის გაუფასურება პირდაპირ კავშირში ლირის გაუფასურებასთან?

ფინანსისტი გიორგი ქათამაძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში ახსნადია, ლირისა და ლარის დამოკიდებულება კი მეტ ანალიზს მოითხოვს. თუმცა, როგორც ფინანსისტი ამბობს, ლირის გაუფასურება დოლართან დროში საეჭვოდ დაემთხვა ლარის გაუფასურებას და პირიქით, ბოლო დღეებში ლირის კურსის გამყარება, ასევე, დაემთხვა ლარის გამყარებას დოლართან.

„ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო და არა მხოლოდ თურქული ლირის გაუფასურების ფაქტორი, მათ შორის, ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებებიც. მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, ასევე ვალუტის შეძენა რეზერვისთვის; შესაძლოა ამ პერიოდში მოხდა საგარეო ვალის დაბრუნებაც სახელმწიფოს მიერ [რაც ასევე იწვევს კურსის ცვლილებას]“, – ამბობს გიორგი ქათამაძე.

რეფინანსირების განაკვეთი, ფინანსისტის თქმით, გაიზარდა იმიტომ, რომ ლარზე ხელმისაწვდომობა ყოფილიყო ცოტათი შეზღუდული, შესაბამისად, ლარზე მოთხოვნა იზრდებოდა. როცა მოთხოვნა იზრდება, ვალუტა მყარდება. მაგრამ რახან რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა, ხელმისაწვდომობა ლარზე პირიქით, გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს მისი გაუფასურების.

იმ შემთხვევაში კი, როცა ეროვნული ბანკი რეზერვებს ზრდის, ის ყიდულობს დოლარს [იღებს მიმოქცევიდან], შესაბამისად, დოლარის მასა მცირდება, იზრდება მოთხოვნა დოლარზე, რაც მის კურსს ზრდის.

რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც 2018 წლის იანვრიდან უცვლელი იყო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 27 ივლისს 0,25%-ით შეამცირა. 27 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით კი, ეროვნულმა ბანკმა 27,5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

ლარმა გაუფასურება 9 აგვისტოდან დაწყო. ეროვნული ვალუტა თითქმის 7 თეთრით გაუფასურდა. ეროვნულ ბანკს [სები] „ნეტგაზეთმა“ ჰკითხა უკავშირდება თუ არა ლარის გაუფასურება აგვისტოს დასაწყისში ბანკის მიერ მილიონობით დოლარის შესყიდვას, თუმცა სებისგან პასუხი ვერ მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსზე კომენტარს არ აკეთებს.

„ეს ორი ფაქტორი შესაძლოა ყოფილიყო გადამწყვეტი, რამაც გააუფასურა ლარი. მაგრამ ლირის პროცესებს რატომ დაემთხვა ლარის უკუსვლა, უფრო ღრმადაა გასაანალიზებელი. თუ აღმოჩნდა, რომ ლირის ასეთი მკვეთრი რყევით ჩვენი ეკონომიკური პროცესები მიდის უკან და თუ ეს მხოლოდ ლირის კურსის ცვალებადობამ განაპირობა, გამოდის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თურქეთში ლირის კურსის ცვალებადობა გამოიწვევს ჩვენს ეკონომიკურ პროცესებზე პირდაპირ დარტყმას. ეს კი ნიშნავს, რომ მოგვიწევს რაღაც ღონისძიებების გატარება – მაკროეკონომიკური ღონისძიებები იქნება უფრო მკაცრად დასაგეგმი, ქვეყანას დასჭირდება ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა და სხვა“, – ამბობს გიორგი ქათამაძე.

ფინანსისტის თქმით, ბოლო პერიოდში თურქეთში ლირის კურსის ვარდნა იყო ძალიან მკვეთრი, მოკლე დროში და სწრაფი: „თურქეთში არა მხოლოდ მაკროეკონომიკური, თუ, ზოგადად, ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროცესებიც ძალიან სწრაფად იცვლება და იძაბება. ვალუტის გაუფასურების პროცესი საქართველომაც გაიარა, მაგრამ ეს პროცესი არ იყო ისეთი სწრაფი, როგორც ახლა თურქეთში. პროცენტულად, ის, რაც საქართველოში, ვთქვათ, 2 წლის განმავლობაში მოხდა, თურქეთში მოხდა რამდენიმე დღეში. ჩვენთან ეს პროცესი ფასდებოდა და ყველაზე მკვეთრი რაც მივიღეთ იყო ჭარბვალიანობა, ფასების ზრდა  და სხვა“.

გიორგი ქათამაძე ამბობს, რომ აშშ-ის სანქციებით თურქეთის მიმართ და თურქეთის საპასუხო რეაქციით, საქართველო რეგიონში აღმოჩნდა ორ ქვეყანას [თურქეთსა და რუსეთს] შორის, სადაც არის ანტიამერიკული განწყობები, რომლებსაც ურთიერთსანქციების პროცესში უწევთ ამერიკასთან ურთიერთობა. ეს კი პირდაპირ აისახება საქართველოზე, ვინაიდან იმპორტ-ექსპორტის მხრივ თურქეთი, ასევე რუსეთი, ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა.

„თუმცა, აქ არის ერთი საკითხი. მაგალითად, მანათი რომ გაუფასურდა აზერბაიჯანში, ლარს არ ჰქონია ასეთი მკვეთრი ცვლილება დოლართან მიმართებაში. არც რუსეთში რუბლის მერყეობის შემთხვევაში, მაგრამ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსის რყევამ ამ დღეებში აჩვენა, რომ ან დამთხვევაა [ზემოაღნიშნულ ფაქტორებთან], ან პირდაპირდამოკიდებულია ლირის კურსის ცვალებადობა ლარის კურსზე“, – ამბობს გიორგი ქათამაძე.

გიორგი ქათამაძე თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური ბერკეტები გაცილებით მძლავრია, ვიდრე აქამდე იყო, რათა ასეთი საგარეო შოკებისგან ვიყოთ უფრო დაცულები; გარე სავალუტო შოკებისგან კი ღია სავალუტო ბაზარი ეროვნულმა ბანკმა უნდა დაიცვას:

„საქართველოში მცოცავი კურსია, ძალიან კარგია, როცა თავისუფალი სავალუტო ბაზარია ვაჭრობის კუთხით, მაგრამ ექსპერტების შეფასებით უარყოფითი აქ ისაა, რომ რამდენიმე ბანკი ახდენს ამ ბაზრის მართვას, რამდენიმე ბანკი ადგენდა ამ კურსს და ხდებოდა რაღაც თამაში ამ ბაზარზე. უნდა იყოს ისეთი სისტემა, რომელიც მკვეთრად დაიცავს ბაზარს ხელოვნური ფაქტორებისგან. ერთადერთი, ეროვნულ ბანკს აქვს დღეს ბერკეტი ამ კურსზე იმოქმედოს. რეზერვებს რატომ ქმნის ეროვნული ბანკი? – მან უნდა გამოიტანოს ეს რეზერვები საჭიროების შემთხვევაში და შეინარჩუნოს კურსი რაღაც ნიშნულზე. ესაა მისი მიზანი“.

მისივე თქმით, ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურება, თუ ლირის გაუფასურება იგივე დოლართან, მაინც სხვადასხვა პროცესია და პირდაპირ ვერ დავაკავშირებთ ერთმანეთთან. თუმცა, ორივე შემთხვევაში პირდაპირპროპორციულად აისახება ეს მოქალაქეებზე – ლირის გაუფასურებამ პირდაპირ დაარტყა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც მუშაობენ თურქეთში, არიან თვითდასაქმებული, თუ სეზონურ სამუშაოზე [ისინი მუშაობდნენ წინასწარგარიგებულ თანხაზე და შედეგად ღებულობენ იმას, რომ ფაქტობრივად განახევრებულ თანხაზე უწევთ ახლა მუშაობა]; ასევე პირდაპირ იმოქმედა იმათზე, ვისაც ლირაში აქვს შემოსავალი, ვთქვათ, ტურისტული სააგენტოები, ტრანსპორტის სფერო, და ა.შ.

„მაგრამ აქ მეორე მომენტიც არის. ქართულ კომპანიებს თურქეთიდან შემოაქვთ საქონელი და უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება დებიტორულად, ანუ გადარიცხვის მეთოდით ლირაზე. ამ კომპანიებმა ლირის კურსის დაცემით მოიგეს იმით, რომ საქონლის თვითღირებულება მათთვის შემცირდა და ეს არის შესაძლებლობა 20-30%-იანი მოგება ნახონ“, – ამბობს გიორგი ქათამაძე. – „თუ, ვთქვათ, თურქული მიმწოდებელი კომპანიები მოახდენენ იმას, რომ ფასი შეცვალონ, გაზარდეს კიდეც ფასი და ახლა ახალი ფასით მოაწოდებენ საქონელს, ასეთ შემთხვევაში სხვა რისკის წინაშე დგებიან, რადგან შესაძლებელია შეცვლილი ფასების პირობებში უკვე ახალი კონკურენციის მომენტი გაჩნდეს – ან ნაკლებად შეცვლიან, ან არ შეცვლიან ფასს კომპანიები, ამიტომ თურქული კომპანიებისთვის უფრო შეიქმნა ფორსმაჟორი, ვიდრე იმათთვის, რომლებიც ახოორციელებენ იმპორტს თურქეთიდან“.

ლირის გაუფასურება გამოიწვევს თუ არა თურქული ინვესტიციების შემცირებას საქართველოში? – ფინანსისტი ამბობს, რომ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როცა ბიზნესს ერთ ქვეყანაში აქვს კაპიტალი და ამ ქვეყანაში იწყება ეკონომიკური რყევები, სხვადსხვა ქვეყნაში ახდენენ დივერსიფიცირებას მათი ინვესტიციების და შესაძლოა პირიქით ეფექტი გამოიღოს: „როგორც არსებობს იმის ალბათობა, რომ თურქულმა ბიზნესმა შეიძლება საქართველოში ამ რყევების გამო შეამციროს ინვესტიცია, ასევე არსებობს იმის ალბათობაც, რომ პირიქით გაზარდონ ინვესტიციები სტაბილურ ქვეყნებში. მათ შორის საქართველოშიც. ჩვენს ბაზარს იცნობენ, რეგულაციებს იცნობენ, ნაცნობია ეკონომიკური გარემო“.

 

გადაბეჭდვის წესი