სახანძრო უსაფრთხოების კიბე კარის გარეშე – მშენებელი კომპანიის განმარტება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზედაც ჩანს, რომ სახანძრო უსაფრთხოების კიბე შენობის მეორე სართულზე ადის, თუმცა კიბის ბოლოში კარი არ არის და ყრუ კედელია. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალშენის კულტურის სახლის შენობა, რომლის მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერიას 469 ათას 466 ლარზე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ფელიქსთან“.

სახანძრო კიბე ახალშენის კულტურის სახლის შენობაზე / ფოტო: მიშა ბოლქვაძის ფეისბუქგვერდიდან

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სარემონტო სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი შპს „მშენებელთა ჯგუფი“ ასრულებს.

„თუ დააკვირდებით ფოტოს, ჩანს, რომ კიბეს მეორე მხრიდან არ აქვს მოაჯირი. ეს იმიტომ, რომ პროექტის მიხედვით, მაგ ადგილზე [პირველ სართულზე] უნდა აშენდეს საპირფარეშო, რომლის კედლებსაც აუყვება ეს კიბე და საპირფარეშოს სახურავი მოეწყობა ისე, რომ არსებული კიბე დაუკავშირდება იმ კარს, რომელიც დამონტაჟებულია. ამ ეტაპზე აქცენტი გადატანილი გვაქვს შიდა სამუშაოებზე, საპირფარეშოს აშენება კი დარჩენილ ორ თვეში თავისუფლად მოესწრება. სამუშაოების დასრულების ვადა, ხელშეკრულებით, 2018 წლის პირველ ნოემბრამდე გვაქვს“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში შპს „მშენებელთა ჯგუფის“ დირექტორმა გოჩა თავდგირიძემ.

მისივე თქმით, გამორიცხული არ არის პროექტში შევიდეს გარკვეული ცვლილებები და შესაძლოა საპირფარეშოს მოწყობა სხვა პროექტში გადავიდეს, ვინაიდან მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულება არ ნიშნავს რემონტის დამთავრებას: „ცალკე უნდა გამოცხადდეს ტენდერი განათებასა და სხვა სამუშაოებზე, რაც არსებულ პროექტში არ არის გათვალისწინებული. არის ასევე შექმნილი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მერიას სთხოვს გარკვეულ ცვლილებებს პროექტში. სამუშაოების მესამე ეტაპი იქნება საჭირო, რომ კულტურის სახლმა ჩვეულებრივ იფუნქციონიროს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com