ქობულეთის მერი: ქუჩები დაიტბორა, სახლებში წყალია, მდინარე აჭყვამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ქობულეთში დილის საათებშივე დაიტბორა კოსტავას, მეგობრობის, ძნელაძის, სოხუმის ქუჩები:

„ამ ქუჩებზე სახლების პირველ სართულზე შევიდა წყალი. ამ წუთებში იქ მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე მელიორაციის სამსახურები.“

მერის ინფორმაციით, გუშინდელი წვიმის შემდეგ მდინარე აჭყვის კალაპოტში წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, თუმცა კალაპოტიდან ჯერჯერობით არც ერთ მონაკვეთზე არ გადმოსულა.

სტიქიამ პრობლემები მუნიციპალიტეტის სოფლებშიც შექმნა. რამდენიმე საცხოვრებელ სახლთან მეწყრული პროცესები განვითარდა, ასევე დაიმეწყრა სასოფლო გზები ჩაქვისთავისა და გორგაძეების მიმართულებით:

„…მე ახლა ვიმყოფები ზედა აჭყვაში, ვახტანგ აბაშიძის ოჯახში, სადაც მეწყერი სახლთან განვითარდა, რომელიც სახლს უქმნის საფრთხეს. იგივე მოვლენები განვითარდა სოფლებში: საჩინოში, კვირიკეში, ასევე ცეცხლაურში ორ ადგილას. შეფასდება მდგომარეობა და შესაძლოა ეს ოჯახები გავიყვანოთ სახლებიდან“, – ამბობს მირიან ქათამაძე.

ქობულეთში ქუჩები დაიტბორა

ქობულეთში ამ დროისთვის გადაადგილება ყველა ქუჩაზე შესაძლებელია.

რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მერიის ინფორმაციით, ისევ მოსალოდნელია წვიმა, ამიტომაც შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი.

მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 599 79 18 91 – საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია მერიას ამ ნომერზე დაუკავშირდეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი