კაფე k2: მერიამ გაფრთხილების გარეშე დაგვაჯარიმა 500 ლარით

ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე არსებული კაფე „k 2“-ის წარმომადგენელი ლევან ხუჯაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბათუმის მერიის ხმის მონიტორინგის ჯგუფმა გაფრთხილების გარეშე დააჯარიმა.

„გუშინ მოგვივიდა ჯარიმა 500 ლარი. შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რის საფუძველზე დაგვაჯარიმეს. ხმაურის მონიტორინგის სამსახურში გვაჩვენს ოქმი, თუმცა ოქმის ბოლოში ეწერა, რომ ხმაური იყო დასაშვებ ნორმაში. ამის მიუხედავად, ჯარიმა მაინც გამოიწერა“, – ამბობს ლევან ხუჯაძე.

ლევან ხუჯაძის თქმით, ხმაურის გადაჭარბებაზე მონიტორინგის ჯგუფი მოქალაქე  მარიკა ჩაჩიბაიამ გამოიძახა. „თუმცა, როცა მას ვესაუბრეთ, გვითხრა, რომ მან ხალხის ხმაურის გამო გამოიძახა ჯგუფი და არა მუსიკის. ჯარიმა მუსიკის ხმაურზეა გამოწერილი“.

მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით ჩხარტიშვილი ამბობს, რომ კაფე „k2“ დაჯარიმებულია ხალხის და მუსიკის ხმაურის გამო.

„ეს კაფე სისტემატურად არღვევს ნორმებს. დაჯარიმების საკითხი სასამართლოში გაირკვევა“, -ამბობს ის.

გუშინ ლევან ხუჯაძის კიდევ ერთ კაფეს – „ვინილს“  მერიამ ტროტუარზე მაგიდების განთავსებაზე უთხრა უარი. ტროტუარის ეს მონაკვეთი სრულად აქვთ დაკავებული ავტომანქანებს.

სწორედ ამიტომ ლევან ხუჯაძეს ვკითხეთ, ვინმეს პერსონალური ინტერესებში ხომ არ შედის მის მიმართ სანქციების დაწესება. რაზეც მან თქვა, რომ – არა.

„ვინილს“ მაგიდების ტროტუარზე განთავსება მას შემდეგ შეუზღუდეს, რაც დუმბაძის ქუჩაზე არსებული კაფეების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ეს აქცია გააშუქა, როგორც ადგილობრივმა, ისე ნაციონალურმა მედიამ. ლევან ხუჯაძე ამბობს, რომ დღეს მათთან მისულმა მერიის მოხელემ დაჯარიმების აუცილებლობა მედიაგაშუქებით ახსნა. „ახლა მოსული იყო ხმაურის ზომვის განყოფილების უფროსი (ეზოს დასათვალიერებლად სტუმრები მოიყვანა) და მითხრა დაგვაჯარიმეს არა იმიტომ, რომ ვაჭარბებდით დაშვებულ ნორმას (სინამდვილეში არ ვაჭარბებდი თურმე), არამედ რადგან ტელევიზიებმა გააშუქა.

ეგრეც რომ იყოს, როგორც წესი პირველ ჯერზე აფრთხილებენ, ჩვენ კი პირდაპირ დაგვაჯარიმეს გაურკვეველი მიზეზით“, – აცხადებს ლევან ხუჯაძე.

„ვინილი“, ისე როგორც „კ2“ ევროპის მოედანზე მდებარეობს. აქვე არის სხვა კაფეებიც, მათ შორის, მაგალითად, მაკდონალდსი, რომელმაც ფეხითმოსიარულეებისთვის განკუთვნილი სივრცე მთლიანად გადაკეტა, მაგრამ მერიამ შეზღუდვები და სანქციები მხოლოდ „ვინილს“ და „კ2“-ს დაუწესა.

ლევან ხუჯაძე ამბობს, რომ მერიის მონიტორინგის ჯგუფის გადაწყვეტილებას ისინი სასამართლოში გაასაჩივრებენ. ჯერ დაჯარიმების შესახებ წერილი ოფიციალურად არ მიუღიათ.

ამავე თემაზე:

რატომ არ მისცეს კაფე „ვინილს“ მაგიდების ტროტუარზე განთავსების უფლება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com