თურქულ მხარესთან „მინივენებზე“ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს – ეკონომიკის სამინისტრო

თურქული მხარის მორატორიუმი – რომ არ დააჯარიმებდა ქართულ ავტომანქანებს, პირველ აგვისტოს დასრულდა. საკითხი იმ ავტომანქანებს ეხება, რომლებითაც საქართველოდან თურქეთში ტურისტული ჯგუფები გადაჰყავთ და შესაბამისი ნებართვა არ აქვთ. საქართველო-თურქეთის შეთანხმება მგზავრთა გადაყვანისას გარკვეულ შეღავათებს აწესებს, თუმცა არა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

აღნიშნული შეთანხმებით „გადამზიდავმა  უნდა აიღოს ერთწლიანი ნებართვა, რათა მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს რეგულარული რეისები და რეგულარული ტრანზიტული მიმოსვლა. მგზავრთა რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. მგზავრთა კომერციული გადაყვანის განსახორციელებლად შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური უწყებიდან შესაძლებელია ერთწლიანი ნებართვის აღება. თურქეთში ამ დოკუმენტის აღება შესაძლებელია თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროში,“ – აცხადებენ ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოში.

ხელშეკრულებაში, ტერმინი – „სატრანსპორტო საშუალება“ მგზავრთა გადაყვანის დროს ნიშნავს ავტობუსს ან ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გააჩნია არა უმცირეს 8 დასაჯდომი ადგილი მძღოლის ადგილის ჩაუთვლელად. ქართველი მძღოლები კი, რომელთაც ტურისტები გადაჰყავთ თურქეთში, ამბობენ, რომ მათ ექვსადგილიანი მინივენები აქვთ. ამიტომ, ამ ხელშეკრულებით მინივენებით მგზავრთა გადაზიდვა ვერ დარეგულირდება.

„ხელშეკრულებით – კლასი „M1“ [Mini Van], კატეგორია „В“, მგზავრთა რაოდენობა [7+1] – ავტომანქანების რეგულაცია არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მათი კომერციული საქმიანობა რეგულირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით,“ – განმარტავენ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოში. აღნიშნული ხელშეკრულება 1995 წლიდან არის ძალაში.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყოს მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან ზემოხსენებულ საერთაშორისო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და Mini Van-კლასის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგულაციების დაწესების თაობაზე,“ – აცხადებენ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოში.

„ბათუმელები“ აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა.

„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საგზაო მიმოსვლის შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის დეტალებზეც აღნიშნული პროცესის დასრულებამდე ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება ე.წ. „მინივენებს“, უშუალოდ ამ თემაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და ამ ტიპის ავტომობილების საკითხს ხსენებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს,“ – მოგვწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან.

რატომ არ ითვალისწინებს მოლაპარაკებები „მინივენების საკითხს“? – ამ კითხვაზე სამინისტროდან პასუხი არ გვაქვს.

შესაბამისად, „მინივენების“ ქართველი მძღოლები, რომლებსაც ტურისტები გადაჰყავთ თურქეთში, ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ თურქეთის შიდა კანონმდებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქული მხარე უფლებამოსილია ისინი უკანონო საქმიანობისთვის დააჯარიმოს. 

ამ თემაზე:

რატომ აჯარიმებენ ქართველ მძღოლებს, რომლებსაც თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ – იურისტი 

მთავარი ფოტო: დაჯარიმებული ავტომანქანები თურქეთში საჯარიმო ავტოსადგომზე. ფოტო „ბათუმელებს“ დაჯარიმებულმა მძღოლმა მოაწოდა /არქივიდან

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com