50 თეთრი თითოეულ ტრანზაქციაზე იუსტიციის სახლის გავლით

მოქალაქეს, რომელიც იუსტიციის სახლში მომსახურების საფასურს საკრედიტო ბარათით ტერმინალის საშუალებით იხდის, თითოეულ ტრანზაქციაზე ანგარიშსწორების საკომისიოს სახით 50 თეთრს ახდევინებენ, ნაღდი ფულით გადახდის შემთხვევაში კი საკომისიო ერთ ლარს შეადგენს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ  კონკრეტული ტიპის მომსახურების სანაცვლოდ,  რასაც სახელმწიფო სერვისი სთავაზობს, მოქალაქეს  სახელმწიფოსვე დადგენილ ტარიფზე მეტის გადახდა უწევს.

ბანკი ერთ შემთხვევაში მომხმარებელს კონკრეტულ მომსახურებას მომხიბვლელი შეთავაზებით  – საკომისიოს გარეშე სთავაზობს, თუმცა იგივე მომსახურებისთვის წარმატებით მიაქვს თანხა, საკომისიოს სახით იუსტიციის სახლის გავლით.

იმ მთელი რიგი მომსახურებების გათვალისწინებით, რასაც მოქალაქე იუსტიციის სახლის  გვერდის ავლით ვერსად მიიღებს, ეს უნდა იყოს  გარანტირებული სოლიდური შემოსავლის ერთ-ერთი გზა ბანკისთვის.

მოქალაქე ქეთი პაპავა  ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც იუსტიციის სახლში მომსახურების საფასურის POS TERMINAL – ით დაფარვის შემდეგ დამატებით საკომისიოს გადახდის მოთხოვნა გააპროტესტა და მისი „წარმომავლობით“ დაინტერესდა:

„თანხას, რომელიც კონკრეტული მომსახურებისთვის უნდა გადამეხადა, მოყვა მეორე ქვითარი, დავინტერესდი რისი საფასური იყო და აღმოჩნდა, რომ გადასახდელ თანხას დაემატა 50 თეთრი. პირველად როცა ვკითხე კონსულტანტს ამის შესახებ, მითხრა, რომ ეს იყო მომსახურების საკომისიო.  ავუხსენი, რომ ის ცდებოდა, რადგან  ტერმინალით ვიხდიდი და ბანკი საკომისიოს ვერ ჩამომაჭრიდა, როგორც წესი ეს ორგანიზაციების ვალდებულებაა.“

ქეთი ამბობს, რომ იუსტიციის სახლის კონსულტანტმა მას დასაბუთებულად ვერ აუხსნა, თუ რისთვის იხდიდა დამატებულ ორმოცდაათ თეთრს მომსახურების კონკრეტული ტარიფის გარდა და მენეჯერთან გადაამისამართა:

„ მენეჯერი ძალიან დამცინავად მოიქცა, თითქოს ეს 50 თეთრი არ უნდა ყოფილიყო სალაპარაკო ჩემგან, როცა  ამხელა სერვისს ვიღებდი. ავუხსენი, რომ სერვისში თანხას ვიხდიდი და მაინტერესებდა რაში ვიხდიდი ამ 50 თეთრს.“

ამ შემთხვევის შემდეგ ქეთის იუსტიციის სახლის მომსახურება ისევ დასჭირდა, ამჯერად მას გადაახდევინეს არა 50 თეთრი სრული მომსახურებისთვის, არამედ 50-50 თეთრი თითოეულ ტრანზაქციაზე ტერმინალით მომსახურებისთვის.

„ბათუმელებმა“ მოიპოვა ასევე ქვითრები, როცა მოქალაქეს თითოეულ ტრანზაქციაზე დამატებით 50 თეთრი გადაახდევინეს, რომელმაც იუსტიციის სახლის გავლით საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა და ასევე, ქვითრები, როდესაც მოქალაქემ ონლაინ შეიძინა კონცერტის ბილეთები, გადაიხადა ონლაინ მომსახურების საფასური და დამატებით ჩამოაჭრეს მომსახურების საკომისიო – ამ შემთხვევაში მოქალაქე შესაბამისი დოკუმენტების შეგროვებით არის დაკავებული და აპირებს სასამართლოს მიმართოს.

იუსტიციის სახლის განმარტება

იუსტიციის სახლში განმარტეს, რომ მომხმარებლები, ფასიანი მომსახურების საფასურს იხდიან როგორც ფილიალებში არსებული ბანკების სალაროების მეშვეობით, ისე უშუალოდ იუსტიციის სახლის ოპერატორთა მაგიდებთან განთავსებული  ე.წ. POS TERMINAL-ების მეშვეობით. ორივე შემთხვევაში ისე როგორც სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში ბანკს ტრანზაქციაზე დაწესებული აქვს საკომისიო გადასახადი, როგორც სალაროში ნაღდი ფულის გადახდის ისე ე.წ. POS TERMINAL-ებით გადახდისას:

„მოქალაქეთათვის დროის დაზოგვისა და მეტი კომფორტის შექმნის მიზნით და ასევე, მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ერთ-ერთ ბანკთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც ოპერატორთა მაგიდებზე განთავსებულია ე.წ. POS TERMINAL-ები, რაც მომხარებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ მიღებული მომსახურების თანხა იქვე ოპერატორთან გადაიხადოს და არ დახარჯოს თუნდაც დამატებითი რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ მივიდეს სალაროში და იქ განახორციელოს ტრანზაქცია“ – ნათქვამია განმარტებაში, რომელიც იუსტიციის სახლმა წერილობით გამოგვიგზავნა.

განმარტებაში არ არის დასახელებული, თუ რომელ ბანკთან აქვს გაფორმებული იუსტიციის სახლს მემორანდუმი, თუმცა მომხმარებლებმა იციან, რომ სახელმწიფო სერვისების  გადასახადს „თიბისი ბაკის“ ტერმინალების საშუალებით იხდიან. ზემოთ აღწერილ შემთხვევაშიც მომხმარებელმა „თიბისი ბანკის“ ბარათით ისარგებლა, ამიტომაც კითხვით, რა გადასახადი გადაახდევინეს მომხარებელს იუსტიციის სახლში საკომისიოს სახით, „თიბისი ბანკს“ მივმართეთ.

თიბისი ბანკის განმარტება

ბანკის პრესსამსახურში განმარტეს, რომ სტანდარტულად, ნებისმიერ  ობიექტში ბარათით ანგარიშსწორებისას, ბარათის მფლობელი არ იხდის საკომისიოს, გამონაკლისია სახელმწიფო სტრუქტურები. ამ შემთხვევაში კანონი კრძალავს სახელმწიფო ორგანიზაციის მხრიდან საკომისიოს გადახდას, შესაბამისად საკომისიოს იხდის კლიენტი:

„ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, იუსტიციის სახლსა და თიბისი ბანკს შორის  გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ბანკის მომსახურების საკომისიო თითოეულ ტრანზაქციაზე შეადგენს 0.50 ლარს  და  საკომისიოს  იხდის მომხმარებელი. შესაბამისად, იუსტიციის სახლი მომსახურებას ახორციელებს კანონით განსაზღვრულ ფასებში.“

რატომ იხდის მომხმარებელი სახელმწიფო სერვისის მისაღებად სახელმწიფოსვე განსაზღვრულ ტარიფზე მეტს? – სამართლებრივი შეფასება

იურისტის განმარტებით, პირდაპირი საკანონმდებლო რეგულაცია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაეკისროს მოქალაქეს სახელმწიფო სერვისების მიღებისთვის საკომისიოს გადახდის ვალდებულება, არ გვაქვს და ამ შემთხვევაში გამოიყენება წესი, რაც ზოგადად არის დადგენილი კომერციული ბანკებისთვის:

„ … მაგრამ, მიმაჩნია, რომ წესის არ არსებობა უკვე სამართლებრივი ხარვეზია, ვინაიდან როდესაც მოქალაქეს უდგენ მოსაკრებლის ოდენობას, მაგრამ მას დამატებით უწევს გადახდა საკომისიოს სახით, ამან შეიძლება გამოიწვიოს პროტესტი, რაც სამართლიანია. მაგალითად, კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში მოქალაქეს აქვს არჩევანის შესაძლებლობა და იგი თავად საზღვრავს, რა არის მისთვის მისაღები,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. ის დაუშვებლად მიიჩნევს, ასევე, იმ შემთხვევას, რომ ტერმინალით მომსახურების მიწოდების უფლება მემორანდუმის საფუძველზე მხოლოდ ერთ ბანკს მიეცა:

„ ამას ცალსახად დაუშვებლად მივიჩნევ, ვინაიდან ჩვენ სახეზე გვაქვს სახელმწიფო რესურსების ხარჯზე კომერციული ბანკის მიერ შემოსავლების მიღებაზე, რაშიც იგი უკონკურენტოა. დაუშვებელია მხოლოდ ერთ ბანკს მიენიჭოს უპირატესობა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში კომერციული ბანკების საქმიანობის ფართო არჩევანი გვაქვს. ამ ტიპის შესყიდვას, იუსტიციის სახლი საჯარო ფორმით [ტენდერით] უნდა ახდენდეს, რათა ყველა ბანკს მისცეს შესაძლებლობა პროექტში ჩართვის, ხოლო მაღალი კონკურენციის პირობებში არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ გაუმჯობესებული სერვისი და ფასი შესთავაზო მოქალაქეებს, “ – ამბობს იურისტი.

დასკვნის სახით

საქართველოში მოქალაქეს მხოლოდ იუსტიციის სახლის გავლით შეუძლია მიიღოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, დაბადების მოწმობა, ატესტატი, რეგისტრაციის, ან რეგისტრაციიდან მოხსნის, ქონებისა და ბიზნესის, ქორწინების თუ სხვა სახის რეგისტრაციის მომსახურებები. იუსტიციის სახლის პრეროგატივაა სააღსრულებლო და საარქივო სერვისებით მომსახურებაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი