ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას 

კომპანია „ამბასადორი ბათუმს“, რომელიც ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს, აჭარის მთავრობამ ბულვარში არსებული კიდევ ერთი შენობა გადასცა სარგებლობაში. ამ შენობაში ბოლოს ე.წ. საშინელებათა ოთახი მოაწყვეს, თუმცა პროექტმა არ გაამართლა და მალევე დაიხურა. ინვესტორმა სარგებლობაში გადაცემული შენობის ფასადი მოაპირკეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან [კმდს] შეთანხმების გარეშე. შეთანხმება სავალდებულო იყო, რადგან ნაგებობა ძეგლის ტერიტორიაზე მდებარეობს.

სარემონტო სამუშაოების შემდეგ

აუქციონით გათვალისწინებული საიჯარო პირობების მიხედვით, შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ არაკომერციული მიზნებისთვის, საოფისედ გაასხვისა. იქვე მიუთითა, რომ იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე იკრძალება კვების ობიექტის მოწყობა, გარე პერიმეტრზე ან შენობის ფასადზე კი – მესამე პირის რეკლამის განთავსება. მოთხოვნებში იყო 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებაც.

როგორც ბულვარის ადმინისტრაციის იურისტმა, დავით გამრეკელაშვილმა განმარტა, ეს თანხა მოსარგებლეს შენობის გასარემონტებლად უნდა დაეხარჯა, ინვესტორმა პირობა შეასრულა და შენობა გაარემონტა, თუმცა კანონის დარღვევით.

ის, რომ შენობა ძეგლის ნაწილია და მასზე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას სააგენტოსთან შეთანხმება სჭირდება, აუქციონის პირობებში მითითებული არ ყოფილა, იყო მხოლოდ ჩანაწერი, რომ მოსარგებლემ არ უნდა განახორციელოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საიჯარო ქონების მიმართ.

ბულვარის ადმინისტრაციის იურისტის განმარტებით, კომპანიამ მათ წარუდგინა ქონების მესაკუთრის – ბათუმის მერიის თანხმობა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამავე წერილში ეწერა, რომ კომპანიას სააგენტოსთან შეთანხმებაც დასჭირდებოდა, თუმცა ასეთი თანხმობა კომპანიას არ ჰქონია.

ინვესტორმა შენობის შიდა ინტერიერის რემონტი და ფასადის შებათქაშება ისე დაასრულა, რომ არც ბულვარის ადმინისტრაცია და არც სხვა რომელიმე სტრუქტურის წარმომადგენელი არ დაინტერესებულა, ჰქონდა თუ არა კომპანიას შესაბამისი ნებართვა და თუ არ ჰქონდა, რატომ?

შენობის იერსახის შეცვლის შესახებ რემონტის დასრულების შემდეგ გაიგო კმდს-მ. შესაბამისად, კომპანია სამუშაოების დასრულების შემდეგ გააფრთხილეს. „გავაფრთხილეთ, როცა გავიგეთ“, – გვითხრა სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მირზა ცეცხლაძემ.

რატომ ვერ შენიშნა ბულვარის ადმინისტრაციამ ძეგლზე მიმდინარე უკანონო სამუშაოები? – ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეთერ მაჭუტაძე პასუხობს:

„ჩვენ შენიშვნა მივეცით კომპანიას, რაზეც გვიპასუხა, რომ პროექტს ამზადებდა სააგენტოში წარსადგენად… ეს იყო ძალიან უსახური შენობა და გველების ბუდე, მაგრამ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ოფისად ისარგებლებდა. დიდ თანხას დავხარჯავ და კარგ ოფისად გადავაქცევო. რეაგირება შეიძლება დაგვიანდა, მაგრამ ჩვენ ველოდით დღე-დღეზე პროექტს. ხანდახან ხდება რომ გვიანდება. გეთანხმებით, ჩვენ დავინახეთ, მაგრამ ვიცდილეთ, რომ მას დაესრულებინა პროექტი, სააგენტომაც გაიგო ამის შესახებ, როგორ არ გაიგო… გარდა ამისა, უამრავი საქმეა და ხანდახან რაღაც გამოგრჩება. მე ამ შენიშვნას ვიღებ ჩემს თავზე“.

კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, სინამდვილეში კარგად იციან, რომ ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ნებისმიერი სამუშაო, მსუბუქი კონსტრუქციის განთავსებაც კი, სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს: მათ ერთ-ერთი სამშენებლო პროექტი, რაც ძველი პოლიკლინიკის შენობის დემონტაჟს და ახალი მშენებლობის დაწყებას ითვალისწინებდა, სააგენტოს შეათანხმეს და ნებართვაც ამ უწყებისგან მიიღეს.

ამის მიუხედავად, კომპანიის იურისტი, გოჩა კამკია ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ „ამბასადორ ბათუმს“ კანონი არ დაურღვევია. მისი არგუმენტია: „ბათუმის მერიიდან პირველადი თანხმობა მიღებული გვაქვს, არ შეგვიცვლია ნაგებობის მასშტაბი, პირიქით, ხდება მისი გაუმჯობესება. სააგენტოს ქონდა შენიშვნები და ორთვიანი ვადა განგვისაზღვრა, შევავსებთ ამ დოკუმენტებს და დავასრულებთ იმ სამუშაოებს, რაც დაგვრჩა. რატომ არ წარუდგინა მანამდე? – ალბათ რაღაც შეფერხება ჰქონდა კომპანიას.“

კომპანიამ ბულვარში მთავარი მშენებლობის ფარგლებს გარეთ კიდევ ერთი, დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი ტერიტორია შეღობა და მშენებლობა წამოიწყო, ამ შემთხვევაშიც უნებართვოდ. არავინ იცის, რას აშენებს ამ ადგილზე კომპანია. აქ არ არის გამოკრული საინფორმაციო ბანერი და პროექტის ე.წ. რენდერი. კმდს-მ ამ მშენებლობის გამოც გააფრთხილა „ამბასადორი ბათუმი“ და მისი შეჩერება მოითხოვა. შეჩერებულია თუ არა ეს მშენებლობა „ბათუმელებმა“ ვერ გაარკვია – მშენებლობას მაღალი ხობე აქვს გარს შემოვლებული.

უკვე ჩატარებულ სამუშაოებზე ნებართვის მიღების მიზნით ახლა კომპანიამ სააგენტოს შესაბამისი პროექტით უნდა მიმართოს. ამის შემდეგ, პროცედურულად, უკვე ჩატარებული სამუშაოების შესახებ წარდგენილ პროექტს  სააგენტოს საბჭო განიხილავს და იმსჯელებს იმაზე, რა სახის ზიანი მიადგა ძეგლს:

„თუ ეს ძეგლის ინტერესებს შეესაბამება, დამატებით არაფერს აღარ მოვთხოვთ. თუ იქ ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე შესაცვლელია, მოვითხოვთ, რომ შეცვალოს“, –  განმარტა მირზა ცეცხლაძემ.

ინვესტორი ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე, ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. კომპანია 2017 წელსაა დაფუძნებული და მისი მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი