ბინები პლაჟზე, რეკრეაციულ ზონაში – რამდენად კანონიერია ერმაკოვის მიერ გაცემული ნებართვა

კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯია“, რომელიც ახალი ბულვარის ბოლოში კომპლექს Batumi View-ს, ოთხ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, შენობების მოცულობის გაზრდაზე ნებართვას ითხოვს. ეს კომპლექსი ზედ პლაჟზე, ველობილიკის გასწვრივ შენდება და მთლიანად კეტავს ზღვისპირა სივრცეს ახალი ბულვარიდან აეროპორტის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ ნაპირსამაგრ სამუშაოებს, გამორიცხული არ არის, ახალი ბულვარისა და მისი გაგრძელების დამაკავშირებელი ზღვის პირას აქ მხოლოდ ველობილიკი დარჩეს.

ვინ გასცა პლაჟთან მშენებლობის ნებართვა

აპარტოტელები და სასტუმრო, ბათუმში, ზღვის პირას, სარეკრეაციო ზონაში შენდება. ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის 2015 წლის აპრილის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამ ზონაში „მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა დასაშვებ სახეობად იქნეს მიჩნეული“.

გიორგი ერმაკოვმა მშენებლობაც „დასაშვებ სახეობად“ მიიჩნია და, 2016 წლის მარტში, პლაჟთან, 48,5 მეტრი სიმაღლის [15-სართულიანი] შენობების აშენების ნებართვაც გასცა.

ბათუმში, სარეკრეაციო ზონაში დასაშვებია მხოლოდ სასტუმროებისა და სარეკრეაციო-გასართობი ობიექტების მშენებლობა. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით კი მერიაში გვითხრეს, რომ „კომპანია მაქ სასტუმროს და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელს აშენებს, რაც არ ნიშნავს საცხოვრებელ ბინებს“.

ყოფილი მერი კომპანიის მიერ წარდგენილ პროექტში ცვლილებების შეტანაზეც დათანხმდა 2017 წლის ივნისში, თუმცა, ახალი პროექტით შენობების მოცულება, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, მაშინ არ შეცვლილა.

კომპლექსი Batumi View / მშენებლობა ბათუმის პლაჟთან / ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“

კომპლექსი Batumi View / მაკეტი / წყარო: google map

ვინ გაყიდა მიწის ნაკვეთი პლაჟთან

პლაჟთან 15 000 კვ/მ ტერიტორია, კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯიას“ სასტუმროსა და აპარტოტელების აშენების პირობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 3 მილიონ აშშ დოლარად 2014 წლის 25 დეკემბერს მიჰყიდა.

ობიექტი 2017 წლის ბოლოს უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში და ნასყიდობის თანხაც ამ დროისთვის კომპანიას სრულად უნდა გადაეხადა. დღეის, 2018 21 ივნისის მდგომარეობით, არც მშენებლობაა დასრულებული და არც თანხაა გადახდილი სრულად.

„რეკან გრუპ ჯორჯიამ“ აღნიშნულ ტერიტორიაზე 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცა უნდა განახორციელოს.

კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „კომპლექსის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს [აჭარის] ფინანსთა სამინისტროსთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, ვალდებულებებით და ეს არის მაქსიმალური ვადა, რომელშიც უნდა დასრულდეს მშენებლობა. სხვა შემთხვევაში, სამინისტროს გადავუხდით პირგასამტეხლოს“.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდა აჭარის მთავრობამ უკვე აპატია.

2,3 მილიონი ლარი ჯარიმა, რომელიც კომპანიას მთავრობამ აპატია

„ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, სამინისტრო კომპანიას დღემდე რამდენჯერმე გაურიგდა და ვალდებულებების შესრულების ვადა გაუხანგრძლივა. ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოსაგან კი გაათავისუფლა. ჩვენ, გადავადებაზე, სამინისტროსა და კომპანიას შორის შეთანხმების შვიდი აქტი მოვიძიეთ.

აჭარის მთავრობის განკარგულებისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე [მიმდინარე წლის მაისში] კი „რეკან გრუპ ჯორჯია“ დარიცხული პირგასამტეხლოსგან იმ პირობით გათავისუფლდა, „თუ შესრულებული იქნება ყველა ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით“.

ჯარიმის ოდენობა, რომელიც კომპანიას მთავრობამ აპატია და არ გადაახდევინა, 1 283 625 ლარი და 415 473 აშშ დოლარია.

„მიუხედავად რეგიონში არსებული რთული გეოპლიტიკური და ეკონომიკური ვითარებისა, მაქსიმალურად ვცდილობთ სამშენებლო სამუშაოების ციკლის დაცვას განსაზღვრულ ვადებში“, – აღნიშნულია კომპანიის დირექტორის 2017 წლის იანვრის წერილში, რომლის ადრესატი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძეა.

ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლებას კომპანია „რთული გეოპოლიტიკური ვითარების“ გამო ითხოვდა. ამასთან, ითხოვდა მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების დასრულების ვადის გადავადებას 2018 წლის 25 აგვისტომდე.

2017 წლის იანვრისთვის კომპანიას, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, ნასყიდობის თანხიდან [3 მილიონი აშშ დოლარი] გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 1 327 230 ლარი.

რა უნდა აშენებულიყო და რა შენდება

ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შენობა-ნაგებობის არანაკლებ 7 700 კვ/მ ფართობი დაკავებული უნდა ჰქონდეს სასტუმრო კომპლექსს, 39 000 კვ/მ – აპარტამენტებს, 5 000 კვ/მ – კომერციულ ფართობებს, არანაკლებ 13 400 კვ/მ ფართობი კი დაკავებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 400 ავტომანქანაზე გათვლილ დახურული ტიპის პარკინგს.

მერიის მიერ შეთანხმებული პროექტის მიხედვით, პლაჟთან შენდება ოთხი შენობა, საიდანაც ერთი სასტუმროა, სამი კი საცხოვრებელი. ამ შენობებში 7 435,2 კვ/მ ფართობი უკავია სასტუმროს ნომრებს,  31 403 კვ/მ – ბინებს, 3336,48 კვ/მ – კომერციულ და საზოგადოებრივ ფართობებს, 2 416,42 კვ/მ – აივნებს, 1 562,96 კვ/მ – კაფე-რესტორნებს.

პროექტით, შენობებში იქნება 806 ბინა, 240 სასტუმრო ნომერი, 308 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი მიწის ქვეშ და 92 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი ეზოში.

კომპანიის ვებგვერდზე კი აღნიშნულია, რომ ბათუმში, ზღვის სანაპიროდან 20 მეტრში და აეროპორტიდან 1 კილომეტრში, მრავალფუნქციური კომპლექსი Batumi View შენდება: „სამი საცხოვრებელი კორპუსი, სულ 810 აპარტამენტი. ბლოკ A და C -ში 11 სართული იქნება, ხოლო B ბლოკში სულ 13 სართული იქნება განლაგებული. ყველა ბინას აქვს აივანი.“ ვებ-გვერდის მონაცემებით, ბინები უკვე იყიდება და ამ დროისთვის გაყიდულია არაერთი ბინა.

რაც შეეხება სასტუმროს, ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სასტუმრო შედგება 13 სართულისაგან, რომელშიც 280 ნომერი განთავსდება. შენობის სახურავზე კი თვითმფრინავის ასაფრენ-დასაჯდომი მოედანი იქნება.

ბინის ფასი

კომპანიის ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე „ბათუმელებმა“ მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ბინების ფასი მოიკითხა. კომპანიაში გვითხრეს, რომ 1კვ/მ ფართობის ფასი [შავი კარკასი] 1 000 აშშ დოლარიდან იწყება:

„გააჩნია სართულს და ხედს. ამ ეტაპზე 1 000 დოლარიანი ბინები მხოლოდ მეორე სართულზე გვაქვს. უკანა ხედით ღირს 1 კვ/მ 1 000 დოლარი, შიდა ხედით – 1 200-1 400 დოლარი და პირდაპირი ზღვის ხედით 1კვ/მ ღირს 1 900 აშშ დოლარი – ეს მეორე-მესამე სართულებზე. შემდეგ სართულებზე უკვე იზრდება ფასები. შავ კარკასში იგულისხმება, რომ შესასვლელი კარი დამონტაჟებულია, აივანი მოპირკეთებულია პროექტის შესაბამისად, კომუნიკაციები მიყვანილია საცხოვრებელ ფართობამდე. შიდა გადატიხვრები და ა.შ. თქვენ, ან შეგიძლიათ, ჩვენი კომპანიის საშუალებითაც გააკეთოთ.“

კომპანიაში გვითხრეს, რომ ერთ წელში დასრულდება ბინების მშენებლობა და თუ კომპლექსი დროულად [2020 წლის აგვისტო] არ დასრულდა, ბინის მყიდველსაც გადაუხდიან პირგასამტეხლოს.

კომპლექსი Batumi View / მშენებლობა ბათუმის პლაჟთან / ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“

კომპლექსი Batumi View / მაკეტი / წყარო: google map

ბათუმის მერის უარი პროექტში ცვლილებაზე

„რეკან გრუპ ჯორჯიამ“, რომელიც მშენებარე კორპუსებში ბინებს უკვე ყიდის, მიმდინარე წლის 2 აპრილს, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა განცხადებით, რათა მერიას შეეთანხმებინა „სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის პროექტში ცვლილებები“.

კომპანიას ბათუმის მერმა ცვლილებების შეთანხმებაზე ამჯერად უარი უთხრა.

„განმცხადებლის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, რადგანაც წარმოდგენილი სახით გეგმარებითი, მოცულობითი და ვიზუალური ცვლილების შეთანხმება ბათუმის მერიისთვის მიუღებელია“, – აღნიშნულია ლაშა კომახიძის 2018 წლის 13 აპრილის ბრძანებაში.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანია ითხოვდა აივნების დამატებას და ერთ-ერთი კორპუსის მოცულობის შეცვლას, თუმცა არა სიმაღლეში გაზრდას, მაგრამ მიუღებელი იყო, ვინაიდან ფასადის ჩაკეტვა ხდებოდა და არ იყო შესაბამისობაში ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებთან: „მოკლედ რომ ვთქვათ, უფრო საცხოვრებელი სახლის ტიპის ფასადი უნდოდათ აივნებით და ასევე, კონდეციონერების სისტემის განთავსების საშუალება რომ ყოფილიყო. პროექტში კი ჩადებულია გათბობა-გაგრილების ცენტრალური სისტემები და ა.შ.“

„რეკან გრუპ ჯორჯია“

„რეკან გრუპ ჯორჯია“ 2014 წლის 22 დეკემბერს დაარეგისტრიტრეს. აქედან სამ დღეში კი ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მასთან ნასყიდობის ხელშეკრულება [პლაჟთან მიწის ნაკვეთის გადაცემაზე] გააფორმა.

ეს კომპანია საქართველოში თურქეთის მოქალაქემ დააფუძნა. დღეს კი „რეკან გრუპ ჯორჯიას“ წილებს ერაყის სამი მოქალაქე იყოფს [25-25 და 50%], რომელთაგან ერთ-ერთი, 25% წილის მფლობელი, ამავე კომპანიის დირექტორიცაა.

„საინვესტიციო კომპანია „შ.პ.ს რეკან გრუპ ჯორჯიას” ისტორია საქართველოს ტერიტორიაზე 2014 წლიდან იწყება. კომპანია ბრენდირებული ქსელის Rekan Group-ის და Hawkary Group-ის მფლობელობაშია და მათ ძირითად საქმიანობას საცხოვრებელი კომპლექსების და სავაჭრო ობიექტების მშენებლობა წარმოადგენს“, – აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე.

ყოფილი ხელისუფლების დროს

ნაკვეთი პლაჟთან, სადაც დღეს „რეკან გრუპ ჯორჯია“ სასტუმროსა და აპარტოტელებს აშენებს, ჯერ კიდევ 2011 წლის 20 დეკემბერს, მიჰყიდეს [სხვა ორ ნაკვეთთან ერთად] შპს „სისთემ ინშაათ“-ს.

14 443 კვ/მ ფართობზე „სისთემ ინშაათს“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა აეშენებინა 150 ნომრით.

მოგვიანებით კომპანიას მიწის ნაკვეთები დაუმატეს და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და „სისთემ ინშაათი“ 2012 წლის მარტში შეთანხმდნენ, რომ აქ კომპანია უკვე 200 ნომრიან 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებდა.

ყოფილი მინისტრის, ვაჟა ბოლქვაძის 2012 წლის აგვისტოს ბრძანებაში კი აღნიშნულია:

„სამინისტროში წარდგენილი იქნა „სისთემ ინშაათ“-ის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ დაკვეთილი იქნა 5-ვარსკვლავიანი 200-ნომრიანი, 40-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტი, თუმცა მშენებლობის ნებართვის პროცესში გაირკვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო მსგავსი პროექტის განხორციელება, ვინაიდან სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ წერილით ირკვევა, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიახლოვეს და აღნიშნულ ტერიტორიაზე შეუძლებელია 45 მეტრზე მეტი შენობის აშენება. შესაბამისად [ბათუმის] მერის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანებით უარი ეთქვათ პროექტის შეთანხმებაზე“.

კომპანიამ, შესაბამისად, უარი თქვა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

სამინისტრო და „სისთემ ინშაათი“ 2012 წლის 10 აგვისტოს შეთანხმდნენ, რომ კომპანია უკან დააბრუნებდა მასზე გადაცემულ მიწის ნაკვეთებს, სამინისტრო კი კომპანიას უკან დაუბრუნებდა მის მიერ გადახდილ ნასყიდობის თანხას – 2 741 401 ლარს.

კომპლექსი Batumi View / მშენებლობა ბათუმის პლაჟთან / ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“

კომპლექსი Batumi View / მაკეტი / წყარო: google map

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com