სიახლეები

არამეგობრული შეხვედრა, რომელიც მინისტრის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო არამეგობრული გახდა

18.06.2018 • 4276
არამეგობრული შეხვედრა, რომელიც მინისტრის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო არამეგობრული გახდა

ავტორი: ესმა გუმბერიძე

2018 წლის 7 მაისს იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის შედგენასთან დაკავშირებულ შეხვედრიდან მინისტრის [თეა წულუკიანი] წასვლის შემდეგ, რომელმაც კანონის თანაავტორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა გარდა სამოქალაქო საზოგადოების ვერც ერთი წარმომადგენლის რეკომენდაციები ვერ მოისმინა, ყოველ შემთხვევაში იმ შეხვედრაზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ შეხვედრაზე არსებული ატმოსფერო კიდევ უფრო არამეგობრული გახდა. შეხვედრას გაუძღვა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. მან პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ ეს კანონი არის შესანიშნავი, რევოლუციური; რომ საერთოდ უნდა გვიკვირდეს და გვიხაროდეს, საქართველოსნაირ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა სახელმწიფომ რომ გამოიჩინა კეთილი ნება ამ კანონის შემუშავებისა; უნდა ვლოცულობდეთ, რომ ეს კანონი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდეს და საკანონმდებლო ინიციატივად იქცეს; რომ ნუ ვიზამთ ახლა იმდენს, ქვეყანა რომ დავღუპოთ; რომ ამ კანონს ყველა შშმ პირი მხარს უჭერს (კი მაგრამ, მაგალითად, მე რომ ბევრი კითხვა დამრჩა ამ კანონთან დაკავშირებით და კიდევ ბევრ სხვასაც?).

ალექსანდრე ბარამიძემ განგვიცხადა, რომ დემოკრატია ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა მოსმენას, მაგრამ არა მაინცა და მაინც მათი ნათქვამის გათვალისწინებას. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ შშმ პირს უთხრა, ყოველგვარ ზღვარს ნუ გადახვალო. კიდევ ერთმა აქტივისტმა კითხვების დასმა რომ დაიწყო, აქ 2 საათი ვერ ვიჯდებითო, უთხრა. ყოველ ნაბიჯზე აწყვეტინებდა. ისეთი განცდა გვქონდა, რომ ჩვენი, მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით დაქირავებულ, ჩვენს წინაშე ანგარიშვალდებულ საჯარო მოხელეს კი არა, ჩვენს კრედიტორს ვესაუბრებოდით ან ჯარში ვიყავით მისი დაქვემდებარებულები, ის კი – მეთაური, ან კიდევ ჩვენ ყმები, ის კი – ფეოდალი. ისიც გულწრფელად გვითხრა, რომ კი მიიღეს ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ არავინ აპირებს მათი ასახვა-არასახვისა და არასახვის მიზეზების ჩვენთვის შეტყობინებას.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 7 მაისის შეხვედრაზე აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები არ განხილულა. მათთან დაკავშირებით საქმიანი მსჯელობა არ ყოფილა: რისი გათვალისწინება შეიძლება, რისი – ვერა და რატომ; არც გაურკვევლობათა დაზუსტება; იმის განხილვა, მაგალითად, თუ რა ფორმით ჩამოყალიბდება მუნიციპალიტეტებთან დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები, რა იქნება მათი დაფინანსების წესი და წყარო.

ბარამიძის ის გაფრთხილებაც ძალიან სიმპტომატურია, რომ თუკი შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მიღების საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობიდან არ შევა, პარლამენტი მას კანონად არ მიიღებს. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა თუ – სამთავრობო? პარლამენტი მოქალაქეების ინტერესების გამტარებელია, თუ – მთავრობის? რატომ უნდა ჰქონდეს მიღების ნაკლები შანსი პარლამენტის რომელიმე კომიტეტში რიგით მოქალაქეთა ან ორგანიზაციათა მიერ შეტანილ საკანონმდებლო წინადადებას, ვიდრე ზუსტად იგივე შინაარსის, მაგრამ მთავრობის მიერ შემოტანილ ინიციატივას?

შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის ჩანასახის ეპოპეა: საკანონმდებლო წინადადების ბედი

რა ბედი ეწია შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიას დღეს? კიდევ რა ცვლილებები შეიტანეს? გაითვალისწინეს თუ არა ჩვენი პლატფორმისა და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციები და რაში? ჩემთვის ზუსტად უცნობია. სამოქალაქო საზოგადოების თანდასწრებით 7 მაისს ჩატარებული შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ კანონის ტექსტთან დაკავშირებით სხვადასხვა სამინისტროს ერთი თვის ვადაში თავიანთი საბოლოო პოზიცია უნდა მიეწოდებინა შეხვედრაზე გაკეთებული განცხადების თანახმად. ამ ვადაში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა აპირებდა, ჩამოეყვანა ექსპერტი, რომელიც ეცდებოდა ამ კანონის მიღების ფინანსური ეფექტის შესწავლასა და გამოთვლას, რასაც ასევე რამდენიმე თვე დასჭირდება სავარაუდოდ. ამის შემდეგ კანონის ტექსტი მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს.

მთავრობის მიერ მისი მოწონების შემთხვევაში ის იქცევა საკანონმდებლო ინიციატივად და გადაეცემა პარლამენტს სამომავლო განხილვებისთვის. ის დიდი ალბათობით ამ წლის საშემოდგომო სესიაზე იქნება პარლამენტში განხილული. კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის ეტაპზე დაინტერესებული საზოგადოების/თემის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შინაარსობრივი და შინაარსიანი განხილვა, დიდი ალბათობით, აღარ მოხდება კანონპროექტის შემუშავებაში რამდენიმე ორგანიზაციის ჩართულობისა და კანონის სწრაფად მიღების აუცილებლობის მოტივით.

ის, რომ საქართველოში დღეს თანამდებობის პირთა უმრავლესობას „პლებსზე“ თავიანთი ხარისხობრივი უპირატესობისა სწამთ, არ მიკვირს, თუმცა ამ შინაგანი რწმენის ასეთი ღია დემონსტრირებისა და წარმოჩენისა კი, როგორც ეს ბატონმა ალექსანდრე ბარამიძემ გააკეთა, ძალიან გამიკვირდა. გულწრფელად მეგონა, რომ საქართველო იმდენად მაინცაა დემოკრატიული, რომ მისი მმართველი ელიტის ყოველ წევრს აქვს რიგით მოქალაქეებთან თავის გაყადრების ილუზიის შექმნის უნარი მაინც. თავის მოჩვენების უნარი მაინც.

წინა კვირას მივედი ზაზა სარალიძის მხარდამჭერ სოლიდარობის აქციაზე. იქ იმდენი გამოუძიებელი დანაშაულის ამბავი მოვისმინე, გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან მოქალაქეთა არმოსმენის, კარჩაკეტილობის შესახებ იმდენი ისტორია გაჟღერდა, რომ მგონია, კარგი იქნება, შეიქმნას ფეისბუკში გვერდი სახელწოდებით „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, სადაც გამოქვეყნდება იმ ადამიანთა ისტორიები, ვისაც არ მოუსმინეს, არ ჩართეს, ვისი საქმეც არ გამოიძიეს.


ავტორის შესახებ

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: