მთავარი,სიახლეები

„ორმაგად გაძლიერებული“ ძალადობის მსხვერპლი ქალები სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე

07.06.2018 • 2865
„ორმაგად გაძლიერებული“ ძალადობის მსხვერპლი ქალები სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე

სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ძალადობის მსხვერპლი ქალები – ყველა თანხმდება იმაზე, რომ ძალადობის მსხვერპლს ეკონომიკური გაძლიერება სჭირდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაზარალებულმა ქალმა დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს და ხელახლა არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი. ეკონომიკური გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია პროფესიული გადამზადება, თუმცა სახელმწიფო ფონდისგან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თავშესაფარში მყოფი არც ერთი ქალი არ ჩართულა პროფესიული გადამზადების რომელიმე პროგრამაში.

„თავად ქალებმა არ ისურვეს,“ – აცხადებენ მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდში. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ ამგვარი მიდგომით სახელმწიფოს საკუთარი პასუხისმგებლობა მსხვერპლ ქალზე გადააქვს.

[red_box]რატომ თქვეს მსხვერპლმა ქალებმა ბათუმში გადამზადებაზე უარი[/red_box]

ამ შეკითხვაზე სახელმწიფოს პასუხი არ აქვს. პროფესიული გადამზადების პროგრამებს ძალადობის მსხვერპლ ქალებს ადამიანით ვაჭრობის [ტრეფიკინგის] მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი სთავაზობს, თუმცა ბიუჯეტის ხარჯზე არა. პროგრამას დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ.

„ჩვენ არ გვიწარმოებია კვლევა, რის გამო თქვეს უარი. ბენეფიციარების სურვილის გარეშე ვერაფერს ვიზამთ,“ – ამბობს ამ ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ირმა ალადაშვილი.

„როდესაც ქალებზე გადააქვთ პასუხისმგებლობა, ეს ნაკლებად ემსახურება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და არის  ქალების შესაძლებლობების დაკნინების მცდელობა. ამის უკან დგას გზავნილი: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ძალადობა გამოვლილი ქალის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, მაგრამ თავად ქალი ამბობს უარს. ეს გზავნილი იმთავითვე  მცდარია: რომელი ქალი იტყვის უარს რეალურ ეკონომიკურ გაძლიერებაზე? – არცერთი. შეუძლებელია ამ ქალების ეკონომიკური გაძლიერების საჭიროებას ვინმე უკეთ ხედავდეს, ვიდრე თავად ეს ქალები, რადგან ამ გაძლიერების გარეშე ისინი ვერ შეძლებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და სრულფასოვან თვითრეალიზებას. თუ რაიმე შეთავაზებაზე ამბობს ქალი უარს, მაშასადამე, ეს მის გაძლიერებას არ ემსახურება. სახელმწიფო სტრუქტურებს ეკისრებათ ვალდებულება გაარკვიონ, რატომ ამბობს ქალი უარს შეთავაზებაზე,“- მიიჩნევს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში მსხვერპლთა თავშესაფარში მოხვედრილი ქალებიდან 10 დასაქმებულა: 3 დამლაგებლად, 3 მეეზოვედ, 2 მზარეულის თანაშემწედ, 1 მიმტანად და ერთიც – სასტუმროს ადმინისტრატორად. ბათუმის თავშესაფარში, მაგალითად, 2016 წელს სულ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 16 ქალი ცხოვრობდა.

რატომ არ ისურვეს ამ ქალებმა პროფესიული გადამზადება უფასოდ და, შესაბამისად, უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურის მიღება? – ფონდში გვითხრეს, რომ ქალებმა, რომლებიც თავშესაფრებში იმყოფებოდნენ, ჟურნალისტთან გასაუბრებაზე უარი თქვეს.

ირმა ალადაშვილი, მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: „ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ქალები, რომლებიც თავშესაფარში ხვდებიან, არავის აქვს განათლება. მათ უმრავლესობას აქვს პროფესია. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ვინც პროფესიულ გადამზადებას გადის თავშესაფარში ცხოვრების პერიოდში, ეს მისთვის მეორე პროფესიის მიღება გამოდის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ბენეფიციარებისთვის უფრო პრიორიტეტულია დასაქმება და შემოსავლის წყაროს გაჩენა, ვიდრე პროფესიული გადამზადების კურსებში ჩართვა. ფონდის ყველა თავშესაფარში ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია ძიძის მომსახურება, რაც მათთვის ხელშემწყობი პირობაა როგორც დასაქმების, ასევე პროფესიული გადამზადებისთვის.“

რატომ შეიძლება ირჩევდეს ძალადობის მსხვერპლი დამლაგებლობას და არ ანიჭებდეს უპირატესობას სხვა, მაღალანზღაურებად სამსახურს?

„შესაძლოა, დამლაგებლად იმიტომ იწყებდეს მუშაობას, რომ ეს მისთვის პირველ სამუშაო გამოცდილებას წარმოადგენდეს ან არ ჰქონდეს სხვა სამსახურისთვის შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. ასევე, შესაძლებელია, რომ მას ჰქონდეს განათლება თუმცა არ ჰქონდეს გამოცდილება, რაც შემაფერხებელი გარემოება შეიძლება აღმოჩნდეს პროფესიით დასაქმებისთვის. ამასთან, წლების მანძილზე პირზე განხორციელებულმა ძალადობამ იმდენად იმოქმედოს, რომ მას მაღალანაზღაურებადი სამუშაოსთვის საჭირო უნარები შეუსუსტოს: როცა 5 და 10 წელი ძალადობრივ გარემოში ცხოვრობ და არ გეძლევა შესაბამისი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობა, რთულია წლების შემდეგ პირდაპირ მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მოძიება“, – განმარტავს ირმა ალადაშვილი.

[red_box]რას სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს?[/red_box]

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დღეს მსხვერპლ ქალს პროფესიულ გადამზადების კუთხით არაფერს სთავაზობს.

მსხვერპლი ქალების პროფესიული გადამზადების პროგრამა ევროკავშირის დაფინანსებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. დღემდე ამ პროგრამით 40 ბენეფიციარი გადამზადდა, მაგრამ მათგან დასაქმებული მხოლოდ ექვსია.

„ზოგი იცვლის რეგიონს, ზოგი ბრუნდება ოჯახში, რა იყო მიზეზი, რატომ ვერ დასაქმდნენ, ამაზე კვლევა არ გვიწარმოებია. ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ სასურველი მიმართულებით მიიღონ პროფესიული განათლება,“ – გვითხრა ნინო ჩიხლაძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა.

რატომ ახორციელებს პროფესიულ გადამზადებას საია და არა თავად სახელმწიფო? – საიას იურისტმა გვითხრა, რომ „სახელმწიფო ბაზაზე მსგავსი პროგრამა არ ხორციელდებოდა, ხოლო პრაქტიკაში მაგალითი ბევრია, როგორ ხვდებიან ძალადობის მსხვერპლი ქალები ისევ ძალადობრივ გარემოში. ამის ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ მათ სათანადო პროფესიული ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა არ აქვთ“, – ამბობს ნინო ჩიხლაძე, პროექტის კოორდინატორი საიაში. 

„არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მოქნილია. ჩვენთან ტენდერი შეიძლება შედგეს, შეიძლება – ჩავარდეს, ამას დრო სჭირდება,“ – გვიპასუხა იგივე კითხვაზე ირმა ალადაშვილმა, მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა.

დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სახელმწიფო ფონდი წელს მზარეულის უფასო კურსებს სთავაზობს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, დაბალია ამ პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა მაჩვენებელი. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი საქართველოს ხუთ ქალაქშია: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში. ხუთივე თავშესაფარში მყოფ ქალს, სადაც დარჩენის მაქსიმალური ვადა ცხრა თვეა, პროფესიული გადამზადების პროგრამაში ჩართვის საშუალება აქვს. სტატისტიკის მიხედვით, აქტივობა ამ მიმართულებით შედარებით მაღალი მხოლოდ თბილისშია.

„ზოგადი ფონი, მენტალიტეტი, საზოგადოებრივი აზრი მაინც უბიძგებს მას, რომ უნდა შეინარჩუნოს ოჯახი. ეს, სამწუხაროდ, აისახება მათ გადაწყვეტილებაზე, რომ დაბრუნდნენ იმავე ოჯახებში. მართალია, თავშესაფრებში დასაქმებული პროფესიონალები ძალიან ბევრს მუშაობენ ბენეფიციარებთან, რათა მათ შეძლონ მოძალადისგან თავის დაღწევა, თუმცა  ეს არც ისე იოლია – საქმე ეხება მათი ოჯახის წევრს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ბრუნდებიან ძალადობრივ გარემოში“, – გვიყვება სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელი, ირმა ალადაშვილი.

„მნიშვნელოვანია ეს ციფრები გავაანალიზოთ კონტექსტში და არა იზოლირებულად. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში მინიმუმ 10-ჯერ და თორმეტჯერ მეტი ქალია განთავსებული. როცა ასეულობით მსხვერპლზეა საუბარი და აქედან სულ რაღაც 5-6 სარგებლობს პროფესიული გადამზადების და დასაქმების სერვისით, ეს ნიშნავს, რომ ეს სერვისი არ მუშაობს. სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ამ სერვისის არსებობისთვის გამოყოფილი თანხაც მეტი ვარაუდით არაეფექტურად იხარჯება,“ – ამბობს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი.

[red_box]მესამე სექტორი: გადამზადება ხდება ფორმალურად[/red_box]

„ეს ციფრები, რომლებიც თქვენ ფონდისგან მიიღეთ, მეტყველებს იმაზე, რომ პროფესიული გადამზადება მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება,“ – მიიჩნევს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი.

ანა არგანაშვილის აზრით, პროფესიული გადამზადება პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან და თუ მსხვერპლ ქალს გადამზადების შემდეგ შესაბამისი დასაქმების მოლოდინი არ ექნება, ის ამაზე უარს იტყვის. ანა ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაზე, რომელთა ვალდებულებაა მსგავსი მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებაზე ზრუნვა.

„პრობლემა ფინანსებში კი არაა, მის ეფექტურად ხარჯვაში. კოორდინაციის სერიოზული პრობლემა არსებობს. ცალკეა სახელმწიფო დასაქმების პროგრამა, ცალკეა მსხვერპლთა მხარდაჭერის პროგრამა, ცალკეა პროფესიული განათლება. ერთ მაგიდასთან რომ დასხდნენ ეს უწყებები, გაცილებით უკეთესი სურათი იქნება. ჯერ უნდა შეირჩეს სამუშაო ადგილი და შემდეგ უნდა იყოს შეთავაზება პროფესიულ განათლებაზე, პროფესიული განათლება უნდა პასუხობდეს ქალის საჭიროებებს, დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს და იყოს ღირსეული შრომის შესაძლებლობების წინაპირობა“, – აღნიშნავს ანა არგანაშვილი.

ნინო ჩიხლაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროექტის კოორდინატორი: „მნიშვნელოვანია არსებობდეს თავშესაფრის შემდგომი პროგრამები, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ხელშეწყობა და დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლონ. თავშესაფრის დატოვების შემდეგ არანაირი პროგრამა აღარ არსებობს, მათ არ აქვთ სამსახური, ამ მხრივ ხელშეწყობა იშვიათად ხდება.“

[red_box]სახელმწიფო ფონდი: თავშესაფრიდან გასული ქალები ისევ ხვდებიან თავშესაფარში[/red_box]

ზუსტი ციფრი ვერ დაგვისახელა, მაგრამ მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის იურისტი ადასტურებს, რომ თავშესაფრიდან გასული მსხვერპლი ისევ ხვდება თავშესაფარში. ირმა ალადაშვილი ამ მოცემულობას არ უკავშირებს იმას, რომ პროფესიული გადამზადების გარეშე დატოვეს ქალებმა თავშესაფარი. მიაჩნია, რომ ქალებს, რომლებიც თავშესაფარში ხელახლა ხვდებიან, „ორმაგად გაძლიერებული“ ხდებიან.

„უკან დაბრუნებული ბენეფიციარებიც გვყავდა. თუმცა თავშესაფარში ცხოვრების გამოცდილებამ და ფსიქოლოგიური დახმარების და რეაბილიტაციის პროგრამებმა უზრუნველყო მათი გაძლიერება იმგვარად, რომ თავშესაფრის დატოვების შემდგომ მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ჰქონდათ საპასუხო რეაქცია და შეძლეს დროულად თავის დაღწევა. შეიძლება ისინი ჩვენთან ისევ ბრუნდებიან, მაგრამ ორმაგად გაძლიერებული ხდებიან,“ – აღნიშნავს ირმა ალადაშვილი, მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელი.

ირმა ალადაშვილის თქმით, ძალადობის მსხვერპლ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სახელმწიფო ფონდის პრიორიტეტია:

„ამ კუთხით ეკონომიკური გაძლიერების სახელმძღვანელო შევიმუშავეთ, ამაში ექსპერტები იყვნენ აქტიურად ჩართულები და ეს ყველა თავშესაფარს აქვს დაგზავნილი… სახელმძღვანელოს ვერ გაჩვენებთ, ეს შიდა მოხმარების დოკუმენტია“.


სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: