რა პრობლემები აქვთ სოფელ ვაშლოვანში – შეხვედრა ჟურნალისტებთან

დისკუსიათა ციკლის „მედია და საზოგადოება“ მერვე შეხვედრა 5 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ვაშლოვანში გაიმართა, სადაც მოსახლეობას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტები შეხვდნენ.

მაგდა მარუაშვილი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი: ჩვენი გადაცემის პრიორიტეტია ხალხი, ადამიანები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აწუხებთ. პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ბაღის ბავშვიდან დაწყებული, უხუცესი ადამიანებით დამთავრებული, მაგალითად: ქუჩები – რომლებსაც არა აქვს ჯებირები, ზებრა გადასასვლელები,  სკოლის პრობლემები,  ბიბლიოთეკები, სპორტული მოედნები და ა.შ. დღემდე ვაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას და ვცდილობთ თანაქალაქელების პრობლემები სხვადასხვა ფორმით გაშუქდეს. ეს ფორმა შეიძლება იყოს  ინტერვიუ ერთ კონკრეტულ ადამიანთან ან  გამოკითხვა, რომელსაც ხშირად ვატარებთ. ახალ წელს ვიყავით ხულოში, გვაინტერესებდა როგორი საახალწლო განწყობა იყო და რის გაკეთებას ისურვებდით. ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია და რისი ძალაც გვაქვს. თუმცა ყველაფერი უშედეგო იქნება, თუკი თქვენ არ გამოიჩენთ ინიციატივას და არ ისაუბრებთ.

ეკა ბარამიძე, „ბათუმელების“ კორესპონდენტი: რეგიონში მომხდარ ყველა ამბავს ვაშუქებთ.  ჩვენი მიზანია ინფორმაცია ობიექტურად მოგაწოდოთ. გვინდა, რომ თქვენი პრობლემები მივიტანოთ საზოგადოებამდე, ხელისუფლებამდე.  ზოგადად, სოფლებში ხშირად გვსმენია საყვედური მედიის მიმართ, რომ მედია არ აშუქებს რაღაც კონკრეტულ პრობლემას. თუმცა, მედია აშუქებს ყველაფერს, რაც ჩვენთვის ცნობილია. თუ თქვენ არ მოგვაწვდით ინფორმაციას  პრობლემების შესახებ,  ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ყველაფრის გაგება.  მზად ვართ მოგისმინოთ, ყველა პრობლემა ჩავინიშნოთ, გავაშუქოთ და ხელისუფლების რეაგირებას დაველოდოთ.

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა. მოსახლეობის განცხადებით, „შუახევიჰესის“ გვირაბის მშენებლობამ მნიშვნელოვნად შეამცირა სარწყავი და სასმელი წყლის რაოდენობა, რის გამოც მაისის თვიდან ოქტომბრის ჩათვლით, ისინი წყლით ვერ სარგებლობენ. მოსახლეობის განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და პროტესტის ნიშნად გზაც გადაკეტეს, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

კახა  რიჟვაძე: წყალი არ არის, რომ მწვანილი მოიყვანო. სოფელში ვცხოვრობთ და შარშან არ მოგვიყვანია კიტრი, პომიდორი… იმიტომ კი არა, რომ მუშაობა გვეზარება, არ გვეზარება, წყალი არ გვაქვს.

მაგდა მარუაშვილი: შეგიძლიათ თქვენს სახლებში მანახოთ ის ჭა, საიდანაც წყალს იმარაგებთ? რომ ეს ყველაფერი უფრო ხელშესახები გახდეს, მხოლოდ ზეპირი საუბარი არ იყოს და  ფაქტები მქონდეს, თუ როგორ ეზიდებით წყალს და რა სახის პრობლემა გაქვთ.

ზურაბ რიჟვაძე: დაახლოებით ერთ თვეში ამობრძანდით და ნახავთ მდინარეებიდან ვედროებით როგორ  ვეზიდებით წყალს.  დღეს მოდის წყალი, მაგრამ ერთ თვეში უკვე აღარ იქნება. ეს გრძელდება მაისის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე.

კახა რიჟვაძე:  ყველამ ვიცით, რომ მუნიციპალიტეტებში ყველამ 100 %-ით გაიზარდა ხელფასები. თუ იღებდნენ 400 ლარს, ახლა 800 ლარს იღებენ. ჩვენც საჯარო მოხელეებს წარმოვადგენთ და ჩვენ რატომ არ გაგვიზარდეს ხელფასები და მიზერულ თანხაზე გვამუშავებენ? მე ბაგა-ბაღების გაერთიანებას წარმოვადგენ.

ეკა ბარამიძე: ადგილობრივ მოსახლეობას ხომ გაქვთ უფლება, ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვოთ?

კახა რიჟვაძე: ოფიციალურად მიმართავ და გეტყვიან, თუ არ გაკმაყოფილებს 150 ლარი, მაშინ წადი სამსახურიდანო. ბევრისთვის 150 ლარი მნიშვნელოვანია.

მაგდა მარუაშვილი: აბიტურიენტები მაინტერესებს. თუ მომეცემა საშუალება, რომ მათ შევხვდე და ვესაუბრო? მაგალითად, ქედაში ვიყავი და იქ ერთ-ერთი ბავშვი ბათუმში დადის, რათა სხვადასხვა საგანში მოემზადოს გამოცდებისთვის.

შეხვედრა სოფელ ქვედა ვაშლოვანში

კახა რიჟვაძე: მასწავლებლებს 800-1000 ლარი აქვთ ხელფასი და რატომ უნდა იარონ ბავშვებმა  რეპეტიტორთან?  ეს რეპეტიტორები ხომ ისევ ამ ბავშვებს ასწავლიან სკოლაში და გამოდის, რომ სათანადოდ ვერ ასწავლიან.  ადრე ერთ კლასში 30-40 ბავშვი სწავლობდა, დღეს ერთ კლასში 5 მოსწავლეა და ამ 5 ბავშვს ვეღარ უნდა მიხედოს მასწავლებელმა?

ეკა ბარამიძე: საინტერესოა, სასწავლებლად ვინც მიდის, უკან თუ ბრუნდებიან? ბევრი სტუდენტი და კურსდამთავრებული მინახავს, რომლებმაც სამუშაო  ბათუმში იპოვეს და სოფელში აღარ დაბრუნდნენ. აქ რა ვითარებაა ამ მხრივ?

მაგდა მარუაშვილი: იცნობთ ვინმე ისეთს, ვინც ისწავლა, შემდეგ დაბრუნდა და აქ მუშაობს?

მსმენელი: აქედან ვინც მიდიან, ოჯახიც მიჰყავთ და ისე მიდიან.

როლანდ აბულაძე:  სამეურნეო საქმიანობით ოჯახს ვერ არჩენ, ესაა დიდი პრობლემა და მეორე ის, რომ სამუშაო ადგილები არ არის.

ადგილობრივების  მიერ დასახელებულ პრობლემებს შორის ასევე გამოიყო ინტერნეტის დაფარვის ზონის სიმცირე, რის გამოც მის გამოყენებას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, სოფელში წუხან ბავშვთა დაზიანებული სათამაშო მოედნის გამო, რომლის მოწესრიგებაც მოსახლეობამ ითხოვა, თუმცა მათი თხოვნა დღემდე არ გაუთვალისწინებიათ.

_________________________

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.