რატომ ჭიანურდება ახალი „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დასრულება

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ვადა 31 აგვისტომდე გადაწიეს. ამასთან, გამორიცხული არაა კორპუსის მშენებლობა ვერც აგვისტოში დასრულდეს.

შპს „სტადიონის“ დირექტორი, ზურაბ ჭურკვეიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მშენებლობის ვადის გადაწევა სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის იმან, რომ პროექტში თავის დროზე არაერთი უზუსტობა იყო დაშვებული. საავადმყოფოს მშენებლობაზე პასუხისმგებელი სწორედ შპს „სტადიონია“. ეს შპს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება.

კითხვაზე, კონკრეტულად რა ხარვეზები იყო პროექტში? – ზურაბ ჭურკვეიძე პასუხობს: „ხარვეზები რაც მახსენდება, ეს არის შიდა დეტალები, ანუ რაღაცები არ იყო გათვალისწინებული.

ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილებები უკვე შესულია, რაც ათი დღის ვადაში აისახება შესყიდვების გვერდზე. როგორც მახსოვს, თავად კომპანია ითხოვდა ვადის გაგრძელებას 31 აგვისტომდე, ვინაიდან პროექტში იყო არაერთი უზუსტობა დაშვებული და პროექტის გადახალისება გახდა საჭირო“, – ამბობს ზურაბ ჭურკვეიძე.

მისივე თქმით, საავადმყოფოს ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით რეგულაციები შეიცვალა, შესაბამისად, „სტადიონმა“ დაიქირავა სამედიცინო ექსპერტი, რომელიც ამზადებს დასკვნებს, ანუ რა ტიპის ცვლილებები უნდა შევიდეს და რა უნდა გადაკეთდეს, რათა საავადმყოფო ადაპტირებული იყოს თანამედროვე სტანდარტებთან, რასაც ლიცენზიის ნებართვა ითხოვს. გარდა ამისა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილია წარმომადგენელი, რომელიც ასევე მუშაობს დასკვნაზე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაშია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საავადმყოფოს პროექტით თავიდანვე არსებული სტრუქტურის ადაპტირებაზე და საავადმყოფოს აღჭურვისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვაზე მუშაობენ.

ზურაბ ჭურკვეიძის განცხადებით, სწორედ საავადმყოფოს დირექტორის და „სტადიონის“ მიერ დაქირავებული ექსპერტის მოსაზრებაა, რომ 31 აგვისტო არის არასაკმარისი ვადა მშენებლობის დასრულებისთვის.

„მათი განცხადებით, შესაძლებელია მშენებლობის დასრულების ბოლო ვადა კიდევ შეიცვალოს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ არ ვიცით სანამდე შეიძლება გადაიწიოს ეს ვადა, ისეთი მოსაზრება ჩამოყალიბდა, რომ ამჯერად გადაიწევს 31 აგვისტომდე, ამის შემდეგ კი, ამ ორმა ექსპერტმა უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრება, რის შემდეგაც შევა პროექტში ცვლილებები, ხარჯთაღრიცხვა გაკეთდება და ამ ცვლილებებისა და ხარჯთაღრიცხვის დადების შემდეგ, რამაც შესაძლოა ერთი თვე გასტანოს, უკვე შეიძლება თქმა, თუ როდის დასრულდება მშენებლობა“, – ამბობს ზურაბ ჭურკვეიძე, „სტადიონის“ დირექტორი, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთი კვირის წინ დაინიშნა.

დეტალები, თუ რაზე შეთანხმდნენ შპს „სტადიონი“ და შპს „საბა კონსტრაქშენი“, რომელიც საავადმყოფოს აშენებს, მაშინ გახდება ცნობილი, როცა ხელშეკრულებაში და პროექტში შესული ცვლილებები შესყიდვების გვერდზე აისახება. აქვე გამოჩნდება, გაიზრდება თუ არა პროექტის ღირებულება.

„საბა კონსტრაქშენში“ „ბათუმელების“ ზარებს არ უპასუხეს. შეთანხმების დეტალებზე არაფერი გვითხრეს კომპანია „ოიკო ჯგუფშიც“, რომელიც საავადმყოფოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველია, რაშიც „სტადიონმა“ მას 494 999 ლარი უნდა გადაუხადოს. „ჩვენ მხოლოდ ტექნიკურ ზედამხედველობას ვუწევთ მშენებლობას“, – გვითხრეს კომპანიაში.

„ოიკო ჯგუფის“ 2018 წლის 17 მაისის ანგარიშში კი აღნიშნულია: „ჩვენი შეფასებით საავადმყოფოს მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოთხოვნებს“, თუმცა იქვე ვკითხულობთ, რომ 17 მაისის მდგომარეობით „სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკი დარღვეულია“.

ტექნიკური ზედამხედველის ანგარიშების მიხედვით, ურიცხავს თანხას „სტადიონი“ მშენებელ კომპანიას, რომელსაც ბოლო გადახდის წინ, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, პირგასამტეხლო – 1,67 ლარი არ ჰქონდა გადახდილი და რომელიც დარიცხულ ჯარიმებთან ერთად გამოუქვითეს.

„საბა კონსტრაქშენს“ საავადმყოფოს მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან სულ 22 172 764 ლარი უნდა გადაურიცხონ. თუმცა, იმ დროისთვის, როცა ხელშეკრულებით მშენებლობა დასრულებული უნდა ყოფილიყო [ანუ 2018 წლის 18 მაისისთვის], კომპანიისთვის გადარიცხულია 14 235 216 ლარი, რაც მთლიანი თანხის 64%-ია. ანუ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მესამედი, ფაქტობრივად, შეუსრულებელია.

ხელშეკრულება „საბა კონსტრაქშენთან“ „სტადიონმა“ 2016 წლის 18 იანვარს გააფორმა, ერთ კვირაში კი 3 325 914 ლარი ავანსად გადაურიცხა. ხელშეკრულებაში ცვლილება ოთხჯერ შევიდა [ბოლო ცვლილება მიმდინარე წლის პირველ მარტს], თუმცა მშენებლობის დასრულების ვადა არცერთი ცვლილების დროს არ შეცვლილა და რჩებოდა 2018 წლის 18 მაისი.

ამავე თემაზე:

ზაალ მიქელაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასა და მომავალზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com