მანდატურები მოსწავლეებს ახალი წესით შეამოწმებენ – პროექტი

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებების პროექტი, რომელიც სკოლებში მოსწავლეების შემოწმებას შეეხება. ცვლილების მიხედვით, „პირადი გასინჯვა“, „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით“ შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეებს მანდატურები აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს.

„მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით განხორციელდეს“, – ამბობს კვირიკაშვილი. მისი თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილება, განათლებისა და შს სამინისტროს ერთობლივი ინიციატივაა.

საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში მანდატური ვალდებული იქნება შეადგინოს წერილობითი ოქმი, მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ. „რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად“.

„პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების, შს სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

ამ ცვლილების მიხედვით, სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება.

ცვლილებების პროექტი უახლოეს მომავალში განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com