მთავარი,სიახლეები

7 წელი და 5 პრემიერ-მინისტრი

02.09.2019 • 2574
7 წელი და 5 პრემიერ-მინისტრი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველომ ოთხი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა და მეხუთეს მოლოდინშია.

2012 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გახდა, რომელიც ამ პოსტს 2013 წლის 17 ნოემბრამდე იკავებდა. ივანიშვილი ქვეყანას პრემიერის რანგში 13 თვის განმავლობაში მართავდა.

2013 წლის ნოემბერში, მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელები ერთხმად სთხოვდნენ არ წასულიყო, ივანიშვილი თანამდებობიდანაც გადადგა და პოლიტიკიდანაც წავიდა. პრემიერის პოსტზე მან ირაკლი ღარიბაშვილი დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობამდე წლების მანძილზე ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ფონდ „ქართუში“ მუშაობდა.

ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრად ორი წელი და ერთი თვე იმუშავა. 2015 წლის 24 დეკემბერს ის თანამდებობიდან მოულოდნელად გაუშვეს. ოფიციალურად ღარიბაშვილმა თქვა, რომ გადადგომა მისი თავისუფალი არჩევანი იყო. მაშინ იმდენად დაუგეგმავი იყო ეს ცვლილებები, რომ საახალწლო მისალოცი ბარათები ადრესატებს ღარიბაშვილის, როგორც პრემიერის ხელმოწერით მისი გადადგომის შემდეგ მიუვიდათ.

ღარიბაშვილმა გადადგომის შემდეგ დიდი მადლობა გადაუხადა უკვე პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს და თქვა, რომ ის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება.

ქართული მედია დღეს აქტიურად წერს, რომ ღარიბაშვილს „ქართული ოცნება“ შს მინისტრის თანამდებობაზე აბრუნებს.

2015 წლის 30 დეკემბერს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდა. ის ამ პოსტს ყველაზე ხანგრძლივად, ანუ 2018 წლის 13 ივნისამდე იკავებდა. 2 წლისა და 7 თვის შემდეგ – 2018 წლის ივნისში კვირიკაშვილიც გადადგა. გადადგომის შემდეგ კვირიკაშვილი დუმილს ინარჩუნებდა და გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობდა. მხოლოდ გადადგომიდან ხუთი თვის  შემდეგ გააკეთა ოფიციალური  განცხადება, სადაც თქვა: „მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე და არც ახლა ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას; და არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და, რა თქმა უნდა, სასინანულოც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა”.

სანამ კვირიკაშვილი პრემიერი გახდებოდა, ის ღარიბაშვილის მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა, მანამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. ეკონომიკის მინისტრობამდე კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ  ბანკ “ქართუს” ხელმძღვანელობდა.

კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მედია წერდა, რომ ივანიშვილმა პრემიერს თიბისის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესთან მეგობრობა ვერ აპატია. მამუკა ხაზარაძე დღეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული. მას აღკვეთი ღონისძიებს სახით 700 ათასი ლარი გირაო შეუფარდეს. პრობლემები შეექმნა თიბისი ჯგუფის საუკუნოვან პროექტს – ანაკლიის პორტის მშენებლობასაც.

2018 წლის ივნისში კვირიკაშვილი პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძემ შეცვალა. ეს უკანასკნელი საქართველოს  მთავრობას წელიწადი და ორი თვე მართავდა. მამუკა ბახტაძე “ქართული  ოცნების” მეორე  პრემიერია, რომელმაც ვერ მოასწრო პარლამენტისთვის წლიური ანგარიშის  წარდგენა. მას პარლამეტში გამოსვლა 27 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ 20 ივნისის მოვლენების გამო ეს გამოსვლა გადაიდო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: