ვის, რა და როგორ გააქვს ევროკავშირის ბაზარზე გასაყიდად – წარმატებული ისტორიები

თხილი, ეთილის სპირტი, ღვინო, წყალი – ეს სოფლის მეურნეობის ის ოთხი ტოპპროდუქტია, ევროპაში რომ გააქვთ საქართველოდან. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყნიდან ევროკავშირის ბაზარზე ჯამში 646 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა. აქედან მხოლოდ 139 მილიონი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმება „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ნაწილია  და ქართველ მეწარმეებს აძლევს შანსს პროდუქცია ევროპაში გაიტანონ.  შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების მხრივაც.

„ბათუმელები“ გთავაზობთ ისტორიებს და გამოცდილებას, თუ როგორ მოახერხეს ქართულმა კომპანიებმა ევროკავშირის ბაზარზე გასვლა.

სურსათის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტოპ ათი პროდუქტი, რომელიც ექსპორტზე გავიდა ევროკავშირის ქვეყნებში 2017 წელს

 

ქართული კივი ევროკავშირიდან იაპონიაში

შპს „ნერგეტამ“, რომელიც ზუგდიდში, სოფელ ინგირში 24 ჰექტარზე გაშენებულ კივის პლანტაციას ფლობს და რომელსაც რამდენიმე წელი ქართული კივი ევროპაში გაჰქონდა, ევროკავშირის ბაზარი მიატოვა და ახლა ექსპორტს იაპონიაში ახორციელებს. გერმანიაში, სუპერმარკეტ „Lidl“-ის ქსელში 1 კილოგრამი ქართული კივის ფასი 1.20 ევრო იყო, ცალობით კი 29 ცენტი ღირდა. რაც შეეხება იაპონიის ბაზარს, კომპანიაში ამბობენ, რომ უფრო ძვირად ჰყიდიან, ვიდრე ევროპაში.

„როცა ისეთ რთულ ბაზარზე შეხვალ, როგორიც ევროკავშირია, ხელ-ფეხი გახსნილი გაქვს, ყველა კარი ღიაა. მერე უკვე შენი ტვინის და მონდომების ამბავია რას იზამ. სტაბილურად ორი-სამი წელი როცა მიაწოდებ პროდუქციას, ხვდები და იცნობ უამრავ ადამიანს, ბიზნესმენს, საქმიანი ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ჩამოდიან შენთან, შენ ჩადიხარ მათთან – თავიდანაა გასვლა რთული, თორემ მერე ჯაჭვური რეაქციაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რომეო ჯაპავა, „ნერგეტას“ ოპერაციების მენეჯერი.

როგორ მოხვდა „ნერგეტას“ კივი ევროკავშირის ბაზარზე
  

რომეო ჯაპავა: „ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმენი ეს კომპანია. თავიდანვე გვინდოდა ევროკავშირის ბაზარი. ვიცოდით, რომ რაც არ უნდა პროდუქცია შეგვექმნა, უნდა გასულიყო ევროპაში. გვინდოდა ევროკავშირი და მორჩა. როცა ევროკავშირი გინდა, ერთადერთი გზა აქ გასვლის არის ხარისხიანი პროდუქციის მოყვანა. ხარისხიანი პროდუქცია როგორ მოგყავს? უნდა მოიწვიო კვალიფიციური კონსულტანტები.

ჩვენ კივი გვაქვს. კივის ამბავში მაგრად არის განვითარებული ახალი ზელანდია. ამიტომ ახალ ზელანდიაში ვიყავით, იქაურ კვლევით ინსტიტუტში, ჩვენი კივის ნიმუში ჩავიტანეთ, იქ ხალხი გავიცანით, ჩვენთან ჩამოვიყვანეთ, იმათი კონსულტაციებით მოვაწყვეთ კივის პლანტაცია. შემდეგი ნაბიჯი იყო Global GAP-ის დანერგვა. ევროკავშირის ბაზარზე რომ გახვიდე, პირველ რიგში, საჭიროა Global GAP-ის სერტიფიკატი. მოვიძიეთ ფირმა, რომელიც გეგმავს ამ სერტიფიკატს საწარმოებში. ჩამოვიდა კონსულტანტი, გვირჩია რა უნდა დაგვეკმაყოფილებინა, იმ კონსულტანტის მოცემულ დავალებებს ვასრულებდით პირნათლად. 2013 წელს სერტიფიკატი დაგვიმტკიცდა.

მოკლედ რომ გითხრათ, Global GAP-ის სერტიფიკატი გულისხმობს იმას, რომ პლანტაციაში ჩატარებული სამუშაო უნდა აღრიცხო. ყოველი ნაბიჯი უნდა იწერებოდეს, თუ ვინ რას აკეთებს კომპანიაში. მუშა იქნება ეს თუ დირექტორი. პლანტაციის ჭიშკარს რომ  გააღებ, იქიდან მიდის აღრიცხვა. მაგალითად, შემოვედი ამ საათზე, ხელს ვაწერ, გავსხალი, ამა და ამ ნომერ ნაკვეთში, გავთიბე ბალახი – აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი იწერება, რაც პლანტაციაში ხდება. სისუფთავე უნდა დაიცვა, სიგარეტი არ უნდა მოწიო, სასუქი და ბენზინი ერთ საწყობში არ უნდა იყოს. ხელები უნდა დაიბანო, მოსავლის აღების დროს განსაკუთრებით. კურდღელი და მწყერი რომ გამოჩნდება პლანტაციაში, თოფით არ უნდა გაეკიდო, გარემო უნდა დაიცვა. უამრავი დეტალია, რომლის დაცვაც ყოველდღიურად გიწევს.

მოკლედ, არის პლანტაციის ხარისხის მართვა, ანუ უნდა დაიცვა პროდუქციის ხარისხი. ამაში შედის სისუფთავე, აღრიცხვიანება, დაფასოება, ევროპული სტანდარტის მიხედვით. ამას გლობალგაფი გიწესებს, შენ მიყვები და ავსებ ამას. წელიწადში ერთხელ ჩამოდიან და ამოწმებენ რამდენად სწორად ასრულებ.

“ნერგეტას” კივის პლანტაცია

პარტნიორის მოძიება

სერტიფიკატის მიღების  შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე ინტერნეტით მოვძებნეთ ერთ-ერთი ფირმა, რომელიც ყიდდა სხვადასხვა ხილს და ბოსტნეულს. გერმანული ფირმა იყო, რომელთანაც  ახალ ზელანდიელებმა გაგვიწიეს რეკომენდაცია. როცა თანამშრომლობაზე შევთანხმდით, მოვიწვიეთ ამ ფირმის წარმომადგენლები საქართველოში. ჩამოვიდა, ადგილზე ნახა, შეამოწმა ყველაფერი და დავიწყეთ გატანა. ასე მოსაყოლად ადვილია, მაგრამ სინამდვილეში რთული იყო.

ინვესტიცია

ფული გინდა. თუმცა ჩვენ, რომ დავიწყეთ, მაშინ არც სახელმწიფო პროგრამები არსებობდა, არც ფონდები, არც ბანკები გასცემდნენ სასოფლო სამეურნეო სესხებს. ახლა ვინც იწყებს, იმისთვის ცოტა თავი თუ აბია, შედარებით მარტივია. ჩვენთვის მთავარი სირთულე იყო თანხების მოზიდვა.

კადრების კვალიფიკაცია

კადრი რა შუაშია? შენ დირექტორი ხომ ხარ, თუ ვარგიხარ, შენი კადრიც ვარგა. თუ არ ვარგიხარ, შენი თანამშრომელიც არ ვარგა.

მენეჯმენტზე არის ყველაფერი დამოკიდებული. ის როგორც წაიყვანს საქმეს, ისე იქნება. კადრი ჩვენც არ გვყავდა, ავიყვანეთ, მოვამზადეთ, გადავამზადეთ, ტრენინგები ვუტარეთ, ვასწავლეთ, ვაჩვენეთ“.

„არომა პროდუქტი“ ევროკავშირში

კომპანია „არომა პროდუქტს“ წლებია ევროკავშირის ბაზარზე გააქვს თავისი პროდუქცია – წვენები, სოუსები, კონსერვები, გაყინული ხილი. კომპანიის  საინვესტიციო პროექტების მართვის მენეჯერი თამარ გუგუშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თუ მეწარმე თანმიმდევრული იქნება, ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, შესაძლებელია.

თამარ გუგუშვილი: „ჩვენ დიდი ხანია ვართ ბაზარზე. პირველ რიგში უნდა შეისწავლო ბაზარი, უნდა დააკმაყოფილო ხარისხი, უნდა დანერგო სტანდარტები, უნდა მიყვე ყველა მოთხოვნილი პროცედურას. რაც მთავარია, უნდა შექმნა იმ ქვეყნისთვის, იმ ბაზრისთვის საჭირო პროდუქტი, რომელზეც გინდა გახვიდე.

ბაზრის მოძიების რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთი არის საერთაშორისო გამოფენები, რომელშიც მონაწილეობს კომპანია და რომელსაც აფინანსებს ექსპორტის განვითარების სააგენტო. სუბსიდირებას უწევს და ყველა კომპანიას შეუძლია ისარგებლოს ამით. ორი-სამი წელი საერთაშორისო გამოფენაზე სიარულისთვის არაფერი არაა. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ შეიძლება მიიღო რეალური შედეგი. ილუზიაა, რომ ერთხელ წავედი გამოფენაზე, არ ვარ კმაყოფილი და მეორედ ამას არ გავაკეთებ. ეს არ არის სწორი მიდგომა.

შემდეგ არის სავაჭრო პორტალები, რომლებშიც შეგიძლია განათავსო შენი კომპანიის და პროდუქციის შესახებ ინფორმაცია. მაგრამ ამ პროცესში უნდა უნდა იყო ოპერატიული, მოქნილი და ექსკლუზიური. განათავსე  შენს შესახებ ინფორმაცია და მიატოვე, ეგრე არა. ყველა გამოხმაურებაზე როგორც ცხელი ხაზი, ისე უნდა რეაგირებდე.

როდესაც მიემგზავრები საერთაშორისო გამოფენაზე, ეს არის კარგი შესაძლებლობა, შეხვდე ბაიერებს და მარკეტოლოგებს. შენ წინ არის ბაზარი თავისი მოთხოვნებით, ტრენდებით. შეგიძლია ამ შეხვედრებით და ტრენდების მოკვლევით მიხვდე, რა მიმართულებით ვითარდება ბაზარი. მნიშვნელოვანია ფეხი აუწყო ყველა იმ სასერტიფიკაცი პროცესს, რასაც ითხოვს შენგან ბაზარი – იქნება ეს ISO სტანდარტი თუ კვების უსაფრთხოების. იმ ქვეყანას, სადაც შენ შეგაქვს  კონკრეტული პროდუქტი, შეიძლება ჰქონდეს თავისი მოთხოვნები დამატებით. უნდა შეგეძლოს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.

არ არსებობს მზა რეცეპტი, როგორ გავიდეთ ევროკავშირის ბაზარზე. თითოეულმა კომპანიამ უნდა იმუშაოს თავის თავზე, თავის თანამშრომლები უნდა დაატრენინგოს და თვითონ უნდა შექმნას თავისი რეცეპტი“.

უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული ევროკავშირის ქვეყნებში 2017 წელს

 

ვინ ცდილობს და რატომ ვერ გააქვს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 2 ათასი ტონა თაფლი მზადდება. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი ფუტკრის სკა კახეთში (45,4), იმერეთსა (41,9) და სამეგრელო-ზემო სვანეთშია (28,2). რაც შეეხება აჭარას, აქ  სულ 14 ათასი ფუტკრის სკაა. 2017 წელს ექსპორტზე სულ 15.8 ტონა თაფლი გავიდა. ექსპორტის უმეტესი ნაწილი საუდის არაბეთზე მოდის.

წყარო: საქსტატი

ქართული თაფლის მომავალი ევროკავშირის ბაზარზე ჯერ კიდევ გაურკვეველია.

„ორი ფაქტორია, რომელიც ხელს გვიშლის თაფლის ევროპის ბაზარზე გასვლაში,  ეს არის  ევროკავშირის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის არ არსებობა საქართველოში და  ქართულ თაფლში მცირე რაოდენობის ანტიბიოტიკების არსებობა,“ – ამბობს თამაზ კახიძე,  შპს „მაჭახელას“ ხელმძღვანელი.

თამაზ კახიძე

თამაზ კახიძე: „ევროკავშირის ბაზარზე თაფლი რომ შეიტანო, აუცილებლად უნდა გქონდეს საწარმო, უნდა იყო რეგისტრირებული rs.gers.ge-ზე, როგორც ბიზნესოპერატორი და უნდა შეგეძლოს თაფლის შეგროვება. საქართველოში იმდენი თაფლი არ არის, რომ ერთმა კაცმა გაიტანოს. მინიმუმ 20 ტონა უნდა წავიდეს ერთი კონტეინერით.

თუმცა მთავარი პრობლემა ჩვენთვის მაინც ხარისხია – ანტიბიოტიკების არსებობა თაფლში. საქართველოში ვეტერინარული სამსახური არაა იმ დონეზე განვითარებული, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში. მეფუტკრე ვერ ახდენს დაავადების იდენტიფიკაციას თავის საწარმოში, ეკითხება გამოცდილ მეფუტკრეებს რა და როგორ გააკეთოს. როგორც ადამიანები  ავად გავხდებით და ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას, ასე უნდა არსებობდეს ვეტერინარი, რომელსაც მეფუტკრე გამოიძახებს, ფულს გადაუხდის, ეს ვეტერინარი მივა საფუტკრეში, აიღებს ფუტკრის ნიმუშებს, გამოიკვლევს სტაციონარულად ლაბორატორიაში, დაუდგენს დაავადებას, გამოუწერს რეცეპტს და ა.შ. ახლა რა ხდება? მეფუტკრეები თვითმკურნალობაზე არიან გადასული. ერთი ურჩევს მეორეს და ასე ხვდება ანტიბიოტიკი თაფლში, რომელიც სკაში დაახლოებით 15 წელი რჩება“.

სახელმწიფოს ჩართულობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ფერმერებს შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ შეუძლიათ თაფლი სხვადასხვა მონაცემზე შეამოწმონ. მათ შორის  ანტიბიოტიკებისა და პესტიციდების ნარჩენებზე. ლაბორატორია არ არის ევროკავშირის მიერ აკრედიტირებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია 2014 წლის მარტში გაიარა ISO 17 025-ის მიხედვით, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის ყველა იმ გამოკვლევის შედეგს, რომელსაც ლაბორატორია ჩაატარებს.

რა გზა უნდა გაიაროს თაფლმა ევროკავშირის ბაზრისკენ

პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეს სურსათის მწარმოებელ ბიზნეს ოპერატორად. დაიცვას სურსათის უვნებლობის მოთხოვნები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული. ექსპორტზე თაფლის გატანის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დაცული იყოს მიკვლევადობის პრინციპი. უნდა შეიცვალოს თაფლის საწური აპარატები, ასევე ის ჭურჭელი, რომელშიც თაფლი ინახება.

რა არის მიკვლევადობა?

2015 წლის 10 ნოემბერს საქართველომ მიიღო #577 დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.

მიკვლევადობა ნიშნავს, რომ დეტალურად არის აღწერილი ექსპორტზე გასატანი პროდუქციის ისტორია ან/და მისი ადგილმდებარეობა წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის თითოეულ ეტაპებზე. ამასთან, ბიზნესოპერატორს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს  ყველა ეტაპზე მოახდინოს უშუალო მიმწოდებლისა და უშუალო მომხმარებლის იდენტიფიცირება, გარდა საბოლოო მომხმარებლისა.

სქრინი International Finance Corporation-ის პრეზენტაციიდან

მოკლედ რომ ვთქვათ, მიკვლევადობა არის ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ მოიყვანა ფერმერმა კონკრეტული პროდუქტი და შემდეგ რა გზა გაიარა ამ პროდუქტმა ფერმერიდან მომხმარებლამდე.

იმისთვის, რომ თაფლში აკრძალული ანტიბიოტიკები არ მოხვდეს, მეფუტკრემ უნდა გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ვეტერინარული პრეპარატები. ამ წამლების სია სურსათის ეროვნული სააგენტოს, ვებგვერდზე  www.nfa.gov.ge -ზეა ხელმისაწვდომი.

დაუშვებელია თაფლში საკვებდანამატების და სხვა საკვები ინგრედიენტების დამატება, თაფლის მჟავიანობის ხელოვნურად შეცვლა ან თაფლის დუღილი.

ევროკავშირის ბაზარზე გასატანად აუცილებელი მოთხოვნაა თაფლი ერთგვაროვანი იყოს და ბაზარს სტაბილურად მიეწოდოს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს კოოპერატივების შექმნის რეკომენდაციას აძლევს. სამინისტროში ფიქრობენ, რომ ერთიანი მენეჯმენტის სისტემაში მოქცევა უზრუნველყოფს მიკვლევადობას, თაფლის ერთგვაროვნებას და ამასთან საკანონმდებლო მოთხოვნებიც დაცული იქნება.

ქართველი მეწარმეები გამოწვევის წინაშე დგანან –  როგორ გავიდნენ ევროკავშირის  ბაზარზე, ანუ როგორ მოიძიონ პარტნიორები და როგორ დააკმაყოფილონ პროდუქციის ხარისხი.

tradewithgeorgia.com – ამ  საიტის დახმარებით მეწარმეებს საშუალება აქვთ უცხოელ მეწარმეებს პირდაპირ დაუკავშირდნენ. een-georgia.ge – ეს კი ევროპის მეწარმეთა ქსელია, რომელიც 600-ზე მეტი ორგანიზაციის დახმარებით 67 ქვეყანაში ოპერირებს. ქსელში ჩართულ კომპანიას საშუალება აქვს გაავრცელოს და მიიღოს ბიზნესწინადადებები და საპარტნიორო შეთავაზებები პლატფორმაში გაწევრიანებული ათასობით უცხოური კომპანიისგან. გარდა ამისა, სავაჭრო-სამრეწველო პალატას აქვს პროგრამა „მოიძიე პარტნიორი“, რომელიც ასევე აძლევს მეწარმეებს საშუალებას ევროპაში პროდუქცია გაიტანონ.

თუმცა მთავარი სირთულე სწორედ აქ ჩნდება – იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე პროდუქცია შეიტანოთ, პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. დაბალი რისკის სურსათი (მაგალითად, ხილი და ბოსტნეული) შედარებით უფრო მარტივად შევა ევროკავშირის ბაზარზე, ვიდრე მაღალი რისკის (მაგალითად, ხორცისა და რძის პროდუქტები).

იმისთვის, რომ გადამუშავებული და მაღალი რისკის მქონე სურსათი ექსპორტზე გაიტანოს, ქვეყანამ სამი მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს:

  • პროდუქტის შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოთხოვნებს;
  • ექსპორტის მსურველს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, როგორც პროდუქტის წარმოების სრული ჯაჭვის, ასევე საკუთარი პროდუქტის უვნებლობის დასადგენად ჩატარებული შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შესახებ;
  • საქართველოში უნდა ფუნქციონირებდეს ევროკავშირში არსებული კონტროლის მექანიზმის (ინსპექტირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ა.შ.) მსგავსი სისტემა.

ცალკეულ საწარმოებს უფლება აქვთ ინდივიდუალურად მოიპოვონ ევროკავშირში მაღალის რისკის სურსათის ექსპორტის უფლება, იმ შემთხვევაში, თუ საწარმო დააკმაყოფილებს გადამუშავებული პროდუქტის უვნებლობისა და ჯანმრთელობის შესახებ ევროკავშირის მოთხოვნებს; საწარმო აწყობილი იქნება ევროკავშირის მოთხოვნების თანახმად; სურსათის ეროვნული სააგენტო შეიმუშავებს ასეთი საწარმოების სიას და ევროკავშირს წარუდგენს გარანტიას, რომ ეს კომპანიები აკმაყოფილებს ევროკავშირში არსებულ უვნებლობისა და ჯანმრთელობის მოთხოვნებს.

ევროპაში გადასახადის გარეშე

2014 წლიდან ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტი ექსპორტზე გადასახადის გარეშე გააქვთ. თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში საბაჟო გადასახადებისგან  მხოლოდ საქართველოში წარმოშობილი პროდუქტია გათავისუფლებული.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DCFTA) ჩამოყალიბდა. DCFTA გულისხმობს როგორც სატარიფო, ასევე არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრას და არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს, მაგალითად, სურსათის უვნებლობა, პროდუქციის უსაფრთხოება, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, საბაჟო საკითხები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.

 


მასალა მომზადებულია პროექტის – „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში “ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი