ხულოს მერიის ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდი – khulo.ge  რამდენიმე დღეა გათიშულია. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მერიამ ახალი ვებგვერდის შესაქმნელად 4 500 ლარი გამოყო; მუშაობა ახალი ვებდიზაინის შექმნაზე მიმდინარეობს და ვებგვერდი დაახლოებით 10 დღეში ამუშავდება.  ახალ ვებგვერდზე მერია პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციასთან ერთად, ტურისტული მარშრუტების განთავსებას გეგმავს.

ხულოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაციით, ტურისტებისთვის გათვლილი ინფორმაცია, რომელიც მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, სამ ენაზე იქნება ნათარგმნი: ინგლისურ, რუსულ და ბერძნულ ენებზე.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ გადაწყვიტა ხულოს მუნიციპალიტეტმა ინფორმაციის ბერძნულ ენაზე გამოქვეყნება. თორნიკე მიქელაძე ამბობს, რომ ის თავად ფლობს ამ ენას: „მუნიციპალიტეტს დამატებით თანხა არ დასჭირდება ინფორმაციის სათარგმნელად და რაც მეტ ენაზე განთავსდება ინფორმაცია, მით უკეთესი“.

„მუნიციპალიტეტს ექნება ახალი ვებდიზაინი, უფრო მოქნილი და საინტერესო ვებგვერდი,  სადაც ეტაპობრივად განვათავსებთ ინფორმაციას ტურისტულ მარშრუტებზე, ღირშესანიშნაობებსა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე,“ – ამბობს თორნიკე მიქელაძე.

ვებგვერდის ახალი დიზაინის შესაქმნელად საჭირო მომსახურებას ხულოს მერია გამარტივებული წესით შეისყიდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი