მთავარი,სიახლეები

უძრავი ქონების არასწორად შეფასებისას კომერციული ბანკის მიმართ სანქცია გატარდება – პროექტი

03.03.2018 • 1875
უძრავი ქონების არასწორად შეფასებისას კომერციული ბანკის მიმართ სანქცია გატარდება – პროექტი

საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო განხილვისთვის „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის“ პროექტს აქვეყნებს. ინსტრუქციის დამტკიცების შემთხვევაში, კომერციული ბანკებისთვის განისაზღვრება უძრავი ქონების შეფასების წესები და პრინციპები. კომერციული ბანკების მიერ კლიენტთა უძრავი ქონების შეფასების პროცესს ეროვნული ბანკი გააკონტროლებს, კომერციული ბანკები კი ვალდებულნი იქნებიან შეასრულონ ეროვნული ბანკის მითითებები.

„ინსტრუქციის მიზანია საბანკო სექტორში უძრავი ქონების შეფასების ხარისხის ამაღლება და შეფასების პროცესისა და პრინციპების მეტი გამჭვირვალობის დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება და დარეგულირდება შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ეთიკის სტანდარტები“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

პროექტის მიხედვით: იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუქციით არ იქნება დარეგულირებული უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხი ან/და არ იქნება მოცემული ტერმინთა განმარტება, კომერციულმა ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით.

უძრავი ქონების შემფასებელი შეფასების დროს უნდა მოქმედებდეს შეფასების საერთაშორისო ეთიკის სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის:

[checklist]

  • უნდა შეინარჩუნოს პატიოსნება/კეთილსინდისიერება და იმგვარად უნდა წარმართოს თავისი საქმიანობა, რომ ზიანი არ მიადგეს კომერციული ბანკის [მათ შორის მისი კლიენტის] კანონიერ ინტერესს;
  • არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც არის შეცდომაში შემყვანი ან თაღლითური;
  • გამიზნულად არ უნდა ასახოს შეფასების დასკვნაში ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ყალბ, არაზუსტ ან/და მიკერძოებულ შეხედულებებსა და ანალიზს.

[/checklist]

ქონების შემფასებლის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე.

ქონების შეფასების ინსტრუქციის პროექტით:

[checklist]

  • ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განახორციელოს მოთხოვნებისა და მითითებების დაწესება კომერციული ბანკების მიმართ, მოითხოვოს შეფასებული უძრავი ქონების გადაფასება და ყველა იმ ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიმართულია საშემფასებლო საქმიანობის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ, კომერციული ბანკი ვალდებულია შეასრულოს ეროვნული ბანკის მითითებები.
  • კომერციული ბანკის მიერ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.
  • კომერციულმა ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად უნდა წარუდგინოს შეფასებული უძრავი ქონების შესახებ ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.

[/checklist]

აღნიშნული ინსტრუქციის პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გაგზავნა ეროვნულ ბანკში შესაძლებელია 2018 წლის 2 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: valuation@nbg.gov.ge  

ბანკის განცხადებით, გამოქვეყნებული პროექტი, განხილვის პროცესში, ექვემდებარება როგორც პრინციპული, ისე შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. ინსტრუქციის საბოლოო ვარიანტს კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაამტკიცებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: