ბათუმის მერი: რეორგანიზაციის შედეგად 101 ადამიანი მერიაში გათავისუფლებულად ითვლება

დღეს, 2 მარტს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მერიის სტრუქტურული ცვლილებები წარმოადგინა. ახალი მოდელის მიხედვით, მერიაში სამსახურები ერთიანდება – ათი სამსახურიდან რჩება მხოლოდ ცხრა.

სტრუქტურულ ცვლილებებამდე მერიაში სულ 217 საშტატო ერთეული იყო, ცვლილებების შემდეგ კი შტატების რაოდენობა 181-ზე ჩამოვიდა. აქამდე მერიაში ხელშეკრულებით 84 ადამიანი იყო დასაქმებული, ამის შემდეგ მხოლოდ 20 ადამიანი იქნება ხელშეკრულებით დასაქმებული.

ლაშა კომახიძის თქმით, გაუქმებული სამსახურების უფროსები გათავისუფლებულად მიიჩნევიან. „თუმცა, მათი რესურსი გამოყენებული იქნება მერიაში“, – ამბობს ის.

ვინ იქნებიან ახალი სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, როგორც ლაშა კომახიძე ამბობს, მოგვიანებით გახდება ცნობილი, ანუ მას შემდეგ, როცა საკრებულო მერიის ახალი სტრუქტურული ცვლილებების გეგმას დაამტკიცებს.

სამსახურის ხელმძღვანელებს აღარ ეყოლებათ მოადგილეები. სამაგიეროდ გაიზარდა განყოფილებების რაოდენობა. ცვლილებების შედეგად გაუქმდა აიპი „ბათუმის კორპუსი“ და „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“, ასევე მერიის კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახური.

ცვლილებების შემდეგ ბათუმს მერს ერთი მოადგილე დაემატა. ვინ დაიკავებს ამ ადგილს, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა როგორც ლაშა კომახიძე აცხადებს, ის მოადგილეს პროფესიული ნიშნით შეარჩევს. ამჟამად მერს ერთი მოადგილე და ერთი ვიცე-მერი ჰყავს.

მერიაში შეიქმნა ახალი – მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური, რომელიც სამი განყოფილებისგან შედგება. ზედამხედველობის სამსახური დაექვემდებარება მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურს, რომელიც ოთხი განყოფილებისგან შედგება. ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის  სამსახურის დაქვემდებარებაში მოექცა ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილება, საპროექტო და ნებართვებისა და სამშენებლო ნებართვების განყოფილება.

„ძირითადი აქცენტი გადადის იმაზე, რომ მერიას ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკა ყველა მიმართულებით, ამიტომ ახალი – მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური დაკავებული იქნება იმის შესწავლით, თუ როგორ ხორციელდება მერიის სტრატეგიული განვითარების გეგმა“, -ამბობს კომახიძე.

ცვლილებები შეეხო მერის რწმუნებულებსაც. ეს სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა მუნიციპალური სერვისების სააგენტო. ახალი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რეორგანიზაციის შემდეგ 30 შტატზე თანამშრომლებს კონკურსით შეარჩევენ, კონკურსი ამ თანამდებობების დასაკავებლად კი მაისში გამოცხადდება.

რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის მერიაში 101 ადამიანი გათავისუფლებულად ითვლება.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com