ბათუმის ტერიტორია შესაძლოა შემცირდეს

ხელვაჩაურის საკრებულოში ე.წ. დაბის ტერიტორიის უკან დაბრუნების საკითხზე მუშაობენ. შესაბამის კომისიაში მიიჩნევენ, რომ 2011 წელს მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიის ბათუმის საზღვრებში მოქცევა არასწორი გადაწყვეტილება იყო.

„ამის შემდეგ ხელვაჩაურის გამგეობის შენობაც კი მოექცა ბათუმის საზღვრებში, რაც არასწორი იყო. არ შეიძლება მუნიციპალიტეტი დაბის გარეშე დატოვო“- განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ. მისივე ინფორმაციით, კომისიას ჯერ არ აქვს განსაზღვრული ზუსტად რომელი უბნები უნდა დაუბრუნდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს: „ საუბარია მახვილაურიდან ჭოროხამდე ან თოდოგაურიდან ჭოროხამდე ტერიტორიაზე, თუმცა ჯერ არ შევჯერებულვართ“.

ბათუმის საზღვრების გაფართოების პროცესი 2011 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად საზღვრები, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ხარჯზე გაფართოვდა.

ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცა  მახინჯაურის, დაბა ჩაქვის ნაწილი, მდინარე ჩაქვისწყლამდე და ბათუმის ადმინისტარციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში ურეხს, მნათობს და ფერიას შორის არსებული ტერიტორია, ასევე თოდოგაურის, შავლიძეების და მახვილაურის მეურნეობის ტერიტორიების ნაწილი, მდინარე მეჯინისწყლის სამხრეთით დაბა ხელვაჩაურის ტერიტორია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი