მთავარი,სიახლეები

ბათუმელმა მოსწავლემ ამერიკულ უნივერსიტეტში $1 მილიონის დაფინანსება მიიღო

21.02.2018 • 53799
ბათუმელმა მოსწავლემ ამერიკულ უნივერსიტეტში $1 მილიონის დაფინანსება მიიღო

ბათუმელი მეთორმეტეკლასელი დავით ჯინჭარაძე, ნიუ იორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რომელიც ქალაქ აბუ-დაბიში მდებარეობს და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში შედის. მან უნივერსიტეტისგან სრული დაფინანსება მიიღო, რაც ჯამში 1 მილიონზე მეტი დოლარია. დათო ამჟამად კერძო სკოლა „გიმნაზია 21 საუკუნეში“ სწავლობს. აბუ-დაბიში კი სკოლის დასრულების შემდეგ წავა სწავლის გასაგრძელებლად.

რამდენიმე კვირის წინ დათო უნივერსიტეტის მიწვევით აბუ-დაბიში გასაუბრებაზეც იმყოფებოდა. უნივერსიტეტმა მისი გასაუბრებაზე ჩასვლის ხარჯებიც აანაზღაურა.

„ნახევარი წელია, რაც ამერიკიდან ჩამოვედი, „ფლექსის“ პროგრამით ვიყავი ფლორიდაში და ვფიქრობ, რომ ამერიკული ცხოვრებით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სწავლა ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, რადგან ქართული უნივერსიტეტებისგან ვერ მივიღებდი იმას, რისი მოლოდინიც მაქვს,“ – გვეუბნება დათო.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რესურსების ძებნა დაიწყო, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებოდა.

„მოხდა ისე, რომ გავიცანი არასამთავრობო ორგანიზაცია Education USA, რომელიც საქართველოშიც არსებობს და უსასყიდლოდ ეხმარება მოსწავლეებს კონსულტაციაში. როგორც მითხრეს, მე მქონდა იმის პოტენციალი, რომ  კარგ უნივერსიტეტებში გამეკეთებინა განაცხადი.  

ძალიან მინდოდა სკანდინავიაში ცხოვრება, მაგრამ არაბეთის საემირატოში აღმოვჩნდი. ჯერ ფლორიდაში გამიჭირდა 40 გრადუსზე ცხოვრება, ახლა კი არაბეთში 45 გრადუსში ვიცხოვრებ, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსიტეტმა ამარჩია,“ – გვიყვება დათო.

როგორც დათო გვეუბნება, აბუ-დაბიში ნიუ იორკის უნივერსიტეტი  ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილი უნივერსიტეტია.

„მილიარდობით დოლარი იხარჯება, სტუდენტებისთვის ყველა პირობაა შექმნილი სწავლისა და განვითარებისთვის. ლექტორები და სტუდენტები, ფაქტობრივად, თანაბარ პირობებში ცხოვრობენ კამპუსში.

უნივერსიტეტი ყველა ხარჯს ფარავს. ძალიან მცირე შანსია, რომ ამ უნივერსიტეტში მოხვდე. ათი ათასი აპლიკანტიდან 150 შეგვარჩიეს მთელი მსოფლიოდან,“ – გვეუბნება დათო.

როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთეს თქვენზე არჩევანი? – ვეკითხებით მას. დათოს აზრით, განსაკუთრებულობა უნივერსიტეტის პოლიტიკაშია, რადგან დიდ ყურადღებას აქცევს პიროვნულ თვისებებს და არა მხოლოდ ქულებს. 

„ტესტებში საშუალოზე ოდნავ მაღალი ქულა მქონდა და ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო გადამწყვეტი. მათ აინტერესებთ ვინ ხარ, როგორი პიროვნება ხარ, რა ინტერესები გაქვს. ვფიქრობ, ამას მიაქციეს ყურადღება“, – ამბობს დათო და თავის გამოცდილებაზე საუბარს აგრძელებს. – „ამაში ამერიკული გამოცდილებაც დამეხმარა. პირველ რიგში, მაჩვენა რა არის ჩვენი განათლების ნაკლი. მაჩვენა, რომ განათლებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრების გაზეპირება, არამედ ფაქტების ანალიზი.

ვინ იყო ირანის სულთანი მე-10 საუკუნეში, ცალკე აღებული ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას, როდის მოხდა დიდგორის ბრძოლა. ამ ყველაფრის ცოდნას მნიშვნელობას სძენს გლობალური კონტექსტი, რომელსაც ჩვენ თითქმის არ ვიაზრებთ. ისტორიის ცოდნა კი ნიშნავს აანალიზებდე მოვლენებს.

გარდა ამისა, წელს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროექტში მივიღე მონაწილეობა, სადაც რამდენიმე სიუჟეტი გავაკეთე, რამდენიმე სტატია დავწერე „ჯორჯია თუდეიშიც“ მოხალისეობრივ საწყისებზე და ვწერდი ბლოგებს ინგლისურ ენაზე საქართველოსა და მსოფლიოს შესახებ. მივხვდი, რომ წერა და, ზოგადად, ჟურნალისტიკა ძალიან მომწონდა. თუ გინდა, რომ რაღაც შეცვალო შენ გარშემო, ამისთვის კარგ შესაძლებლობას გაძლევს მედია. 

გარდა ამისა, უნივერსიტეტში პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვისწავლი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დამეხმარება იმაში, რომ ჩემს ქვეყანაში რაღაც შევცვალო უკეთესობისკენ“.

ამის თქმის საფუძველს დათო ჯინჭარაძეს ის აძლევს, რომ აბუ-დაბის უნივერსიტეტეში მსოფილოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყველაზე კვალიფიციური პროფესორები მუშაობენ. 

„ლექციებს ძალიან გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები კითხულობენ. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო საბერძნეთის პარლამენტის წევრი და ევროკავშირის ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი, რომელმაც გასაუბრების დროს ჩაგვიტარა ლექცია,“ – გვეუბნება დათო.

მისი დაკვირვებით, გასაუბრების დროს მნიშვნელოვანია ბუნებრიობა და უშუალო ურთიერთობის უნარი.

„ჩემი მთავარი პრინციპია და ეს აპლიკაციაშიც მივუთითე, რომ მე არ მივდივარ აბუ-დაბიში იმისთვის, რომ შემდეგ იქ დავრჩე. ლოგიკურია, რომ თუ ჩემს ქვეყანას არ გამოვადექი, სხვა ქვეყანას როგორ უნდა გამოვადგე? ამ უნივერსიტეტში ქართველები საკმაოდ იშვიათად სწავლობენ, მაგრამ წარმატებასაც აღწევენ. არიან წარმოშობით ქართველები, რომლებიც შემდეგ სხვა ქვეყნის სახელით რეალიზდებიან. ერთ ქართველს საკუთარი გვერდიც აქვს ვიკიპედიაზე გახსნილი, სადაც უწერია, რომ ცნობილი რუსი დიზაინერია. როცა ეს ვნახე, უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ სხვა სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი ოკუპანტი სახელმწიფოს სახელით არ ვაკეთო საქმე, არამედ ჩემი ქვეყნის სახელით და ეს არის ჩემი ბუნებრივი არჩევანი.“

როგორ ფიქრობთ, რა არის ამ უნივერსიტეტის მოტივაცია, როცა ის ამხელა ფინანსურ რესურსს დებს სტუდენტების განვითარებაში? ხომ არ არის გარკვეული ვალდებულებებიც უნივერსიტეტის წინაშე? – ვეკითხებით მას.

„ფინანსური რესურსი მართლაც დიდია, წელიწადში 80 ათასი დოლარი მხოლოდ ერთი სტუდენტის სწავლაზე იხარჯება, ამას ემატება მოგზაურობის ხარჯები, ცხოვრება, კვება, საერთო ჯამში უნივერსიტეტში მილიონობით დოლარია ჩადებული. ამ ყველაფერს არაბთა გაერთიანებული საემირო იმ პირობით აფინანსებს, რომ სტუდენტების 15 პროცენტი ემირატებიდან უნდა იყვნენ.

ნიუ იორკის უნივერსიტეტს კი აქვს გლობალური ხედვა და ყველა იაზრებს იმას, რომ თუკი რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობ, ამისთვის, პირველ რიგში, განათლების განვითარებაა საჭირო. არაბებიც მიხვდნენ, რომ მხოლოდ ნავთობი არ არის მთავარი და ცდილობენ ქვეყანა კულტურულადაც საინტერესო გახადონ. ყველაზე ძველი შენობა, რომელიც აბუ-დაბიში ვნახე, 1971 წელსაა აგებული. ერთადერთი ადგილი, სადაც ძველი არაბული კულტურის კვალი იგრძნობა, უდაბნოა, რომელსაც დღეს კულტურული დატვირთვა აქვს.“

დათო მაგისტრატურაში სწავლასაც უცხოეთში აპირებს. „მაგრამ ჩემი საბოლოო წერტილი მაინც საქართველოა“, – ამბობს ის. მანამდე კი, გეგმავს ბევრი იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო.

ნიუ იორკის უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი აბუ-დაბიში 2010 წელს მიიღო. დავით ჯინჭარაძე ერთადერთია, რომელიც ამ უნივერსიტეტში წელს საქართველოდან ჩაირიცხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: