მთავარი,სიახლეები

ანა არგანაშვილი: სააგენტოს განცხადება ბავშვთა დაცვის დაბალი სტანდარტის მაჩვენებელია

29.01.2018 • 4188
ანა არგანაშვილი: სააგენტოს განცხადება ბავშვთა დაცვის დაბალი სტანდარტის მაჩვენებელია

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელს, ანა არგანაშვილს,  „ბათუმელები“ ლენტეხში მშობლების მიერ რვა შვილის სახლში ჩაკეტვის ფაქტთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ესაუბრა. ანა არგანაშვილის თქმით, ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოწვეულია დაბალი კომპეტენციით და იმ გარემოებით, რომ სააგენტო ბავშვთა დაცვის მიმართულებით ძალიან დაბალი სტანდარტით მუშაობს:

„კონკრეტულად ამ საქმეს ვერ შევაფასებ, რადგან არ მაქვს გადამოწმებული ინფორმაცია და ზუსტად არ ვიცი, იქ რა ხდება, მაგრამ შემიძლია ვისაუბრო სახელმწიფოს უმოქმედობაზე იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მათ თავად გაავრცელეს.

ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე მერამდენედ ვხედავთ, რომ სოციალური სამსახური ვერ ასრულებს თავის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის სახელმწიფო ორგანოს მოვალეობას ვერც ერთი მიმართულებით. ეს აშკარაა, როცა  ქუჩაში გაყინულ ბავშვებს ვხედავთ, აშკარაა, როცა შშმ ბავშვების მძიმე მდგომარეობას ვხედავთ და აშკარად გამოჩნდა ამ შემთხვევაშიც“.

ანა არგანაშვილის შეფასებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ძალიან სერიოზული ხარვეზები ბავშვთა უფლებების კუთხით, რადგან განცხადებაში სააგენტო აქცენტს აკეთებს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე და ავიწყდება სხვა უამრავი სახის ძალადობა, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს.

„ძალადობას აქვს ბევრი ფორმა, არის ფსიქოლოგიური, ემოციური, ეკონომიკური და ა.შ.  ბავშვისთვის განათლების უფლების შეზღუდვა არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც უგულებელყოფა ჰქვია.  ამიტომ ეს განცხადება, ჩემი აზრით, ძალიან სუსტი და ქვეყანაში ბავშვთა დაცვის დაბალი სტანდარტის ამსახველია და კიდევ ერთხელ ავლენს სახელმწიფოს უმოქმედობას ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.

განცხადებაში ჩანს, რომ სააგენტო კმაყოფილდება მშობლების მიერ მიცემული განათლებით, რასაც სამართლებრივად ვერ ექნება შედეგი, თუ ბავშვებმა არ ჩააბარეს გამოცდები ექსტერნის წესით და არ აიღეს შესაბამისი კლასისა თუ სკოლის დასრულების დიპლომი. ეროვნული კანონმდებლობა შინ სწავლებას სპეციალური წესით აწესრიგებს და პროცესი ვერ იქნება სახელმწიფოს კონტროლის მიღმა, ვინაიდან განათლების მიღება ბავშვებისათვის ჩვენს ქვეყანაში სავალდებულოა. შემაშფოთებელია, როცა სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებული განათლების მიღების წესზე არ მიუთითებს თავის განცხადებაში და კმაყოფილდება ერთ-ერთი მშობლის პროფესიის მითითებით, თითქოს ერთ ადამიანს ყველა კლასის, ყველა საგნის სწავლება ხელეწიფებოდეს და ბავშვთა განათლების ხარისხს  კანონი არ აწესრიგებდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.“.

ანა არგანაშვილის შეფასებით, სერიოზული ხარვეზია ის, რომ სააგენტომ თითქმის ათი წლის განმავლობაში ვერ შეძლო შედეგის მიღწევა და ვერ დაიცვა ბავშვები:

„ამდენი წელი ვმუშაობდითო, ამბობს სააგენტო და „მუშაობაში“ გულისხმობენ მხოლოდ საუბარს. მხოლოდ საუბარი მუშაობა არ არის. უნდა ვიცოდეთ, იყო თუ არა სამართლებრივი დასკვნა იმაზე, რომ ამ ბავშვების უფლებები ირღვეოდა  და რამდენად ადეკვატური იყო უწყების შეფასება.

ლაპარაკი და მოლაპარაკება შეიძლება იყოს მუშაობის ერთი მიმართულება, მაგრამ როდესაც ბავშვების უფლების სავარაუდო დარღვევაზე ვსაუბრობთ, აქ სამართალის სავალდებულო მოქმედება შემოდის.“

არგანაშვილის თქმით, სააგენტოს განცხადებაში ჩანს,  რომ სააგენტო ორიენტირებულია არა იმაზე, თუ რა საჭიროებები  ჰქონდათ ბავშვებს, არამედ იმაზე, თუ რა შეეძლოთ შეეთავაზებინათ არსებული რესურსების ფარგლებში.

„მათ მიერ აღწერილი  პროგრამები, სადაც ოჯახი ჩაერთო, ვერ ანაცვლებს ბავშვის საჭიროებას და უფლებას ჰქონდეს  სოციალური ურთიერთობები, არ იყოს შეზღუდული მისი გადაადგილება, ხელმისაწვდომი იყოს მისთვის მართლმსაჯულება, ჰქონდეს განვითარების სრულფასოვანი პირობები და სხვა. ამიტომ ამ პროგრამების დასახელება არის თავის მართლების რეჟიმი, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სააგენტოს უმოქმედობის გადაფარვა ხდება.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ მოახერხეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რაც ასევე სერიოზულ კანონდარღვევას წარმოადგენს და ამას არ მოჰყოლია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.“

ანა არგანაშვილის შეფასებით, თუ დადასტურდება მითითებული გარემოებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე სახეზეა სკოლის დირექტორის, სოფლის ექიმისა და ყველა ოფიციალური პირის გულგრილობა.

„ყველა ოფიციალურ უწყებას აქვს ოფიციალური რეაგირების ვალდებულება, ესენი კი რეაგირების ნაცვლად წლების განმავლობაში გულგრილად ეკიდებოდნენ ამ ინფორმაციას. სახეზეა უმოქმედობის ბევრი ნიშანი და სააგენტოს ეს განცხადება არის ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის ძალიან დაბალი სტანდარტის გამოხატულება.“

 

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/113021/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/113054/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: