კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ისტორიულ ქალაქს მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ ქმნიან – „ბათომის“ ღია წერილი მერს

22.01.2018 • 2915
ისტორიულ ქალაქს მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ ქმნიან – „ბათომის“ ღია წერილი მერს

ორგანიზაცია „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, ღია წერილით მიმართავს და ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობების, ეგრეთ წოდებული ფონური ნაგებობების, ისტორიული სახლების დემონტაჟის გაცემული ნებართვების გადახედვას და ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცებას სთხოვს.  „ბათუმელები“ ორგანიზაციის ღია წერილს სრულად გთავაზობთ.

„ბატონო ლაშა!

2018 წელს, თქვენი მერად არჩევის შემდეგ, ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში  ისტორიული სახლების დემონტაჟი ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს გვაფიქრებინებს, რომ თქვენი დაპირება ძველი ბათუმის დაცვისა და შენარჩუნების შესახებ, არ ან ვერ იქნა აღქმული შესაბამისად იმ საბჭოს მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია მერიის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებით.

ამასთან, რჩება შთაბეჭდილება, რომ ქალაქის მმართველობა ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, როგორ აპირებს ისტორიული გარემოს შენარჩუნებას. ისტორიული შენობების ნგრევისას მერია თავს იმართლებს, ნაცვლად იმისა, რომ გააკრიტიკოს საბჭოს გადაწყვეტილება და დაანონსოს ქმედითი ნაბიჯები აქამდე გაცემული ნებართვების შესწავლის შესახებ.

სადავო არ არის, რომ ურბანულ კრიზისამდე მიყვანილ მდგომარეობას ამძიმებს ნებისმიერი დანგრეული შენობა, რომელიც პირდაპირპროპორციულია ძველი ქალაქის  ფასეულობებისა და თვითმყოფადობის განადგურების.

ორგანიზაცია „ბათომის“ და ისტორიული  ქალაქის დამცველებისთვის უცნობია კიდევ რამდენი ისტორიული სახლის დანგრევის „კანონიერი“ ნებართვაა გაცემული მერად თქვენ არჩევამდე.

დანგრეული სახლების თაობაზე რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ამ სახლების დანგრევის ნებართვა თქვენი მერობის პერიოდში არ გაცემულა, თუმცა თქვენ ხართ მემკვიდრე ბათუმის მერიის ყველა გადაწყვეტილების და გაქვთ ქალაქის ღირებულებების დაცვის ვალდებულება.

თუ თქვენც ფიქრობთ (და ეს არაერთხელ აღნიშნეთ), რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების შენარჩუნება, აუცილებელია სასწრაფოდ იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი ზომები:

  1. უნდა გადაიხედოს მშენებლობისა და დემონტაჟის ნებართვები, რომლებიც ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გაიცა და ჯერჯერობით სისრულეში არ არის მოყვანილი.
  2. მერიამ უნდა შეძლოს და ქალაქის შენარჩუნებისთვის მოძებნოს საკანონმდებლო საფუძველი ამ ნებართვების გაუქმებისთვის, შესთავაზოს მენაშენეებს ალტერნატივა.

თქვენი განცხადება, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს არ ანგრევთ, კულტურული მემკვიდრეობის დამცველებისთვის გაუგებარია. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ქალაქის მმართველობაში ვერ ან არ იაზრებთ ფაქტს, რომ ისტორიული ქალაქის შემადგენელი ნაწილი მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ არის.

შეგახსენებთ, რომ ისტორიული განაშენიანება შედგება როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ასევე ასეთი სტატუსის არმქონე, ე.წ. ფონური, ისტორიული შენობებისგან. ყველა ის ბელეტაჟი თუ ორსართულიანი სახლი, რომელიც ქმნის ძველი ბათუმის ქუჩების ხასიათს და დინამიკას, უნარჩუნებს ქალაქს მის პირვანდელ სახეს და განწყობას. თუ ამ შენობებს დავანგრევთ, გავანადგურებთ ქალაქის ისტორიულ კონტექსტს. ცალკე აღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კი არ ქმნის ქალაქის ურბანულ ქსოვილს, არამედ მთლიანი განაშენიანება. ამიტომ აუცილებელია სწორედ ეს ისტორიული, ურბანული განაშენიანება ვაღიაროთ მემკვიდრეობად და ყველაფერი გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად.

ისტორიული სახლის დემონტაჟი ფარნავაზ მეფის #52-ში

თუ ეს მიდგომა არ გავითავისეთ და ნგრევის პოლიტიკა გაგრძელდა, ჩვენ დავუკარგავთ ქალაქს მდგრადი ეკონომიკური, კერძოდ, ტურისტული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რესურსს, რომელსაც სწორი განვითარების შემთხვევაში უნდა მოეტანა კეთილდღეობა, ეკონომიკური აღმავლობა და დასაქმება, პირველ რიგში ამ უბანში მცხოვრები ადამიანებისთვის.

ვითხოვთ, სასწრაფოდ დამტკიცდეს ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონა  შესაბამისი რეგულაციებით. მერიამ ამისთვის რამდენჯერმე დახარჯა საბიუჯეტო თანხები და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი დოკუმენტიც (ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა) არსებობს.

ბათუმის მერიის და ქალაქის მერის ძველი ბათუმის გადარჩენის ყველა მცდელობა ამაოა ბათუმის ისტორიული ზონის გამოცხადებისა და სამართლებრივი დაცვის, რეგულაციების დაწესების გარეშე. ასევე, შეუძლებელი გახდება თქვენს მიერ შემოთავაზებული წინადადების განხილვა საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისას, რაც დარწმუნებულები ვართ, თქვენი გულწრფელი პოზიცია იყო.

როგორც იცით, 2018 წელი ევროკავშირმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წლად გამოაცხადა. ეს არის ძალიან კარგი შანსი ბათუმისთვის, ჩვენთვის და თქვენთვის,როგორც ქალაქის მერისთვის, ყველაფერი გავაკეთოთ იმის დასამტკიცებლად, რომ ბათუმი ევროპული ღირებულებების მქონე ქალაქია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და

თუნდაც დაზიანებული ისტორიული გარემოს შესანარჩუნება და განვითარება.

ეს თქვენი გამოწვევა და ჩვენი მოთხოვნაა.

აქვე შეგახსენებთ, კულტურული მემკვიდრეობა ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს რესურსად არის აღიარებული და ამაზე მსოფლიოში აღარ კამათობენ. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო კონვენციები, ქარტიები თუ რეზოლუციები, რომლებსაც საქართველოც არის მიერთებული (მაგ.: ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია საზოგადოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ (2005 წ.) და გაეროს რეზოლუცია – „ახალი ურბანული დღის წესრიგი“.) საქართველოს აღებული აქვს მათი შესრულების ვალდებულება უპირველ ყოვლისა საკუთარი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად.“

ღია წერილს ხელს კულტურული მემკვიდრეობის დამცველების სახელით, ორგანიზაცია „ბათომი“ აწერს.

„ბათომის“ ღია წერილს წინ უძღოდა რამდენიმე ისტორიული, ფონური ნაგებობის დანგრევა ბათუმში. გასულ კვირას დაიწყო მე-19 საუკუნეში აგებული ბელეტაჟის დემონტაჟი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. ამ ადგილას შვიდსართულიანი სახლის აშენება იგეგმება. ასევე, ანგრევენ ერთსართულიან, ფონურ შენობას ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, სადაც ხუთსართულიანი სახლის აგება იგეგმება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ისტორიული განაშენიანება მსგავსი, ფონური შენობების გარეშე არ არსებობს, ამიტომ, მათი შენარჩუნება აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

_______________________________________

წაიკითხეთ ამ თემაზე: 

ლაშა კომახიძე “ბათომის” წევრებს: მაჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ

ქალაქი შენი ფანჯრიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: