KIA CERATO – მანქანა, რომელიც დეპუტატმა სამინისტროდან წასვლის შემდეგ თან გაიყოლა

რატომ გაუცვალა აჭარის განათლების სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს თავის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა, რომელიც, თავის მხრივ, „ტრანსფერის“ გზით მიიღო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან? საუბარია KIA CERATO-ზე, რომელიც უკვე მესამე უწყებას გადაეცა – ამ მანქანით სამინისტროშიც [მინისტრის მოადგილის რანგში] და უმაღლეს საბჭოშიც დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი გადაადგილდება.

ლადო მგალობლიშვილი 2016 წლის ოქტომბრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და, შესაბამისად, განათლების კომისიის თავმჯდომარეა. მას ახალ სამსახურში დახვდა „მიცუბიშ აუთლენდერი“, მაგრამ ამ მარკის მანქანას დეპუტატმა თავისი ყოფილი სამსახურის მანქანა ამჯობინა. შესაბამისად, უმაღლესმა საბჭომ მიმართა ლადო მგალობლიშვილის დასაქმების ყოფილ ადგილს – აჭარის განათლების სამინისტროს, სადაც ის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და შესთავაზა, მანქანები გაეცვალათ.

„ტრანსფერი“ შედგა.

რატომ გადასცა სამინისტრომ KIA CERATO [სახელმწიფო ნომრით PS 819 SP] უმაღლეს საბჭოს „მიცუბიშ აუთლენდერის“ სანაცვლოდ? – ამ კითხვის პასუხად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ჯემალ სურმანიძე შემდეგ არგუმენტს იშველიებს: „ლადო მგალობლიშვილი დეპუტატი გახდა და მან იცოდა, რომ მაღალმთიანეთში გადაადგილების საჭიროება ჰქონდა სამინისტროს, გვჭირდებოდა მაღალი გამავლობის მანქანა. ამიტომაც შემოვიდა მომართვა, რომ მსუბუქი ავტომანქანა გაგვეცვალა მაღალი გამავლობის ავტომანქანაში“.

ჯემალ სურმანიძე ადასტურებს, რომ ავტომანქანების შეცვლის იდეა სწორედ უმაღლესი საბჭოდან მოდიოდა – საკანონმდებლო ორგანომ სამინისტროს 2017 წელს ამის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.

თუკი სამინისტროს სჭირდებოდა მაღალი გამავლობის ავტომანქანა, თავად უწყებამ რატომ არ მიმართა უმაღლეს საბჭოს? „ასეთი დეტალები აღარ ვიცი,“ – დასძინა ჯემალ სურმანიძემ.

თავის დროზე, 2013 წელს, KIA CERATO აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 30 100 ლარად შეიძინა. ამ წელს ავტომანქანების შეძენით აჭარის რეგიონმა ქვეყნის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის ნაციონალური მაუწყებლების გასართობი გადაცემებისაც – 2013 წლის ბოლოს უმაღლესი საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ ფეშენებელური, მაცივრიანი ავტომანქანის შეძენაზე გამოაცხადა ტენდერი. ავტომანქანის შეძენა მაშინ ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ გააპროტესტა და ტენდერი შეწყდა.

2013 წლის დეკემბერში მაღალი გამავლობის მანქანაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტროსაც ჰქონდა გამოცხადებული. მაშინ ლადო მგალობლიშვილმა მინისტრის მოადგილის რანგში „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „73 500 ლარად ღირებული მაღალი გამავლობის ჯიპის შეძენა ხარჯების დაზოგვით მოხდებოდა და სამინისტროს ეს ავტომანქანა მაღალმთიანეთის 400 სკოლამდე მისასვლელად სჭირდებოდა“.

2013 წელს, ანუ მაღალი გამავლობის მანქანის შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებამდე, განათლების სამინისტრომ პირველი „ტრანსფერი“ განახორციელა – თავის ბალანსზე არსებული მაღალი გამავლობის ავტომანქანა „მიცუბიშ L 200“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გაუცვალა მსუბუქ  KIA CERATO-ში. მსუბუქი ავტომანქანა მინისტრის მოადგილეს, ლადო მგალობლიშვილს შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიან აჭარაში, ძირითადად, სწორედ ის გადაადგილდებოდა – სკოლების რეაბილიტაციის პროცესს ზედამხედველობდა.

„სააგენტოს მივეცით მაღალი გამავლობის მანქანა, რადგან იმ მომენტისთვის მათ ჰქონდათ მაღალმთიანეთში გადაადგილების მეტი საჭიროება. ჩვენ წერილობით მოგვმართა სააგენტომ და გვთხოვა ავტომანქანების გაცვლა, დასაბუთება იყო ის, რომ პროგრამის განხორციელებას ხელი ეშლებოდა,“ – გვითხრა ჯემალ სურმანიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა.

რატომ იყიდა მსუბუქი ავტომანქანა სააგენტომ, თუკი მაღალმთიანეთში გადაადგილებისთვის მაღალი გამავლობის მანქანა სჭირდებოდა? – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსი გოჩა კახიძე ირწმუნება, რომ „სააგენტოს საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა მაღალი გამავლობის ავტომანქანის შესაძენად“.

2017 წლის ბოლოს აჭარის განათლების სამინისტრომ „სედანის“ ტიპის ორი მსუბუქი ავტომანქანა შეიძინა, თითო 40 ათას ლარად.

„ლოგიკურია დღეს, რომ ამ თემაზე მირეკავთ,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლადო მგალობლიშვილმა. „ლოგიკაში“ დეპუტატმა პრემიერის მიერ დღეს „შავი ჯიპების ეპოქის“ დასრულების შესახებ გაკეთებული განცხადება იგულისხმა. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, ხომ არ აპირებდა ის ამ განცხადების გამო შავი ფერის KIA CERATO-ს გამოცვლას. 

„არა, ამის გამო ვერ შევცვლი. ისე, სადაც ვყოფილვარ ევროპის ქვეყნებში, ყველგან ღია ფერის მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას… საუბარია ელექტრომობილებზეც, რასაც ნაკლები ხარჯი ექნება და თან ეკოლოგიურად სუფთაა. ამის წინააღმდეგი არ ვიქნები,“ – გვითხრა დეპუტატმა.

როცა KIA CERATO განათლების სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს გადასცა და ეს ავტომანქანა ისევ ლადო მგალობლიშვილს ემსახურება, ბადებს თუ არა ეს კითხვას, რომ ლადო მგალობლიშვილს სურს ამ კონკრეტული მანქანით გადაადგილება? 

„ასე არ არის,“ – გვითხრა ლადო მგალობლიშვილმა. – „როცა განათლების სამინისტროს გადმოგვეცა ეს ავტომანქანა, იქ მემსახურებოდა დაახლოებით ერთი წელი. შემდეგ, დროის რაღაც მონაკვეთში, მემსახურებოდა ორი სხვადასხვა ავტომანქანა. როცა დეპუტატი გავხდი, რამდენიმე თვე დავაკვირდი და მივხვდი, რომ მაღალი გამავლობის მანქანა მე არ მჭირდებოდა. ასეთი ავტომანქანის საჭიროება განათლების სამინისტროს ჰქონდა. ამიტომ მოხდა ავტომანქანების გაცვლა,“ – აღნიშნა ლადო მგალობლიშვილმა.

თუკი სამინისტროს სჭირდებოდა მაღალი გამავლობის ავტომანქანა, რატომ დააყენა ინიციატივა დეპუტატმა სამინისტროს ნაცვლად?

ლადო მგალობლიშვილი: „ვიცოდი მისი საჭიროება და მე შევთავაზე. მე, ძირითადად, სასიარულო მაქვს თბილისში და ქუთაისში. მაღალმთიანეთში წასვლა თუ დამჭირდა, ამის რესურსი აქვს უმაღლეს საბჭოს და მაღალი გამავლობის მანქანით წავალ“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი