ტერიტორია, სადაც „აკავრეთა ჰესი“ უნდა აშენდეს, ოქროს მომპოვებელ კომპანიაზეა გადაცემული

ტერიტორიაზე მერისში, სადაც „აკავრეთა ჰესი“ შპს „Georgian  Shenke Power Investment“-ის მიერ მომზადებული  პროექტით უნდა აშენდეს, წიაღისეულის მოსაპოვებელი ლიცენზიაც არის გაცემული. „აკავრეთა ჰესის“ დამპროექტებელი კომპანიის დირექტორი, შამილ ბირკაძე აცხადებს, რომ მათთვის ეს მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც კომპანია სახელმწიფოსთან ჰესის ასაშენებლად მემორანდუმის გაფორმებას აპირებდა.

მერისის ხეობაში, მდინარეების – აკავრეთასა და ლოდნარის კვეთაზე „აკავრეთა ჰესის“ მშენებლობისთვის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩასატარებლად კიდევ ერთი მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Georgian  Shenke Power Investment“-ს შორის 2017 წლის 2 მაისს არის გაფორმებული.

შამილ ბირკაძის თქმით, ჰესის მშენებლობაზე, რომელმაც 23 მეგავატი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს, 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. ჰესის აშენებას ჩინურ-ქართული კომპანია Georgian  Shenke Power Investment-ი აპირებს. თუმცა ჰესის მშენებლობას კომპანია მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ იწყებს – ტერიტორია მერისში, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, კიდევ ერთ კომპანიაზე – Kinland Georgia Mining-ზეა გაცემული, რომელიც წიაღისეულის, მათ შორის ოქროს მოპოვებაზეც მუშაობს. შპს Georgian  Shenke Power Investment-ს ჰესის მშენებლობის დაწყებაზე სწორედ ეს კომპანია არ თანხმდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  ქედის მუნიციპალიტეტში, მერისში, ტყვიის, სპილენძის, თუთიის, ოქროსა და ვერცხლის მოპოვებაზე ლიცენზია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 4 მაისის #479 ბრძანების საფუძველზე, შპს „მეტალონ ჯორჯიას“ 40 წლის ვადით 10 040 ჰექტარ ტერიტორიაზე მისცა. ლიცენზიის გასაყიდი ფასი იყო 880 000 დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ლიცენზიის გაცემიდან ოთხი წლის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 15 ნოემბრის #13/523 ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული ლიცენზია საკუთრებაში კომპანია „Kinland Georgia Mining“-ს გადაეცა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვკითხეთ, „მეტალონ ჯორჯიაზე“ გაცემული ლიცენზია რატომ გადაეცა საკუთრებაში კომპანია „Kinland Georgia Mining“-ს. ან როგორ მოხდა, რომ იგივე ტერიტორია, სადაც ამ კომპანიას ოქროს მოპოვებაზე უნდა ემუშავა, იგეგმება „აკვარეთა ჰესის“ აშენება?

სამინისტროში განმარტავენ, რომ ჰესის ასაშენებლად საჭირო ტერიტორია კომპანიას ჯერ არ გადასცემია. თუმცა ადასტურებენ, რომ ჰესის მშენებლობაზე მოლაპარაკება კომპანია „ჯორჯიან შენკე ჰაიდრო ფაუერ ინვესტმენთან“ ნამდვილად მიმდინარეობს.

ეკონომიკის სამინისტროს ასევე ვკითხეთ, რა აფერხებს ჰესის მშენებლობის დაწყებას? არაერთი მცდელობის მიუხედავად ამ კითხვებზე სამინისტროებისგან ოფიციალური პასუხი ვერ მივიღეთ. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი პირად საუბარში ამბობს, რომ ორივე კომპანიას – როგორც წიაღისეულის მომპოვებელს, ასევე ჰესის მშენებელს, შეუძლია სამუშაოები აწარმოოს და ლიცენზია პრობლემას არ შექმნის.

თუმცა ასე არ ფიქრობენ „ჯორჯიან შენკე ჰაიდრო ფაუერსში“. „30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იმის გამო ვერ იწყება, რომ ტერიტორია, რომელზეც ჰესი უნდა მოეწყოს, წიაღისეულის მოსაპოვებლად ლიცენზიით არის გაცემული. ამ კომპანიას თანხმობის მისაღებად მივმართეთ, მაგრამ გვაცნობეს, რომ ჩინურმა კომპანიამ ლიცენზია ინგლისელებს მიჰყიდა. ამის გამო „აკავრეთა ჰესის“ სამშენებლო პროექტის განხორციელება ჭიანურდება,“ – ამბობს „აკავრეთა ჰესის“ დამპროექტებელი კომპანიის დირექტორი, შამილ ბირკაძე.

შამილ ბირკაძის ინფორმაციით, „პროექტის სქემა დადგენილია, ენერგეტიკის სამინისტრომ პროექტის ტექნიკური გამართულობა დაადასტურა, მაგრამ ვიდრე საბადოს მომპოვებელი კომპანია მშენებლობის დაწყების თანხმობას არ მოგვცემს, მშენებლობას ვერ ვიწყებთ,  ლიცენზიით გაცემული ტერიტორიიდან ჰესის ასაშენებლად მხოლოდ 1-2 ჰექტარი ტერიტორია გვჭირდება. რაც შეეხება სხვა ტერიტორიებს, მოსახლეობის განსახლება არ არის საჭირო, სოფელ გუნდაურში, სადაც მილსადენი უნდა გავიდეს, მხოლოდ ერთი ოჯახის ეზოს მცირე ტერიტორია გვჭირდება, მიწის მესაკუთრე ოჯახთან მოლაპარაკება გვქონდა და პრობლემა არ არის ნაკვეთის გამოსყიდვაზე“.

პროექტი, რომლის მიხედვითაც მერისში, მდინარე აკავრეთაზე 23 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა აშენდეს, სოფელ მერისში ორი გვირაბის მოწყობას ითვალისწინებს, გვირაბის მთლიანი სიგრძე კი 5 კილომეტრი და 600 მეტრი იქნება.

„აკავრეთა ჰესის“ მშენებლობაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ 2013 წლიდან მიმდინარეობდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი