საოჯახო სასტუმრო, კაკლის ბაღი და გურია-აჭარის ტურები – რას გეგმავს ყოფილი პატიმარი

ყოფილი პატიმრების შესახებ მომდევნო ისტორიის მოსამზადებლად 32 წლის გიორგი უნგიაძე შევარჩიეთ. გიორგი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში ცხოვრობს, მაგრამ ინტერვიუს ჩაწერის დღეს დაემთხვა და ბათუმში აღმოჩნდა. მორიდებით და ხშირ-ხშირად დაჰყურებს საათს – ინტერვიუს  შემდეგ ბუღალტერიის კურსებზე მიდის და არ უნდა დააგვიანდეს. კურსებზე დასასწრებად გიორგი ჩოხატაურიდან ბათუმში კვირაში რამდენჯერმე ჩამოდის.

მომავლის კონტურები გიორგისთვის უკვე გამოკვეთილია და თითქმის ყველა გეგმა მიწას, მეურნეობას, სოფლის გაძლიერებას უკავშირდება.

სამსახურის ძებნის დაუსრულებელი ამბავი, რომელსაც გიორგისგან ვისმენ, თითქოს არ განსხვავდება სხვა ყოფილი პატიმრების ამბებისგან: საზოგადოების უნდობლობა, დამსაქმებლები, რომლებიც მუდმივად ეჭვის თვალით უცქერენ სასჯელმოხდილებს და ა.შ.

„ყველგან ვცადე სამსახურის მოძებნა: გურიაში, ბათუმში, თბილისში, ქუთაისში… ნდობა დაკარგული აქვთ ადამიანებს ყოფილი პატიმრების მიმართ, კაციჭამიები ჰგონიათ ციხიდან გათავისუფლებულები. არ შეიძლება ადამიანების ასე გარიყვა საზოგადოებისგან. სადაც ვიზრდებოდი, იმ ხალხისთვისაც კი შემიმჩნევია, რომ სხვა თვალით მიყურებენ, არადა, ხომ ის ვარ, ვინც ადრე ვიყავი… არავინ იცის, ვის, როდის, რა ელოდება.

პროფესიით სტომატოლოგი ვარ, ლიცენზირებული, მაგრამ მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ორჯერ დამჭირდა ხერხემლის ოპერაცია, მიჭირს დიდხანს დგომა, რის გარეშეც პაციენტთან სტომატოლოგი ვერ იმუშავებს. იძულებული გავხდი, შავი ზღვის კოლეჯში ბუღალტრის კურსებზე მევლო და ახალი საქმე დამეწყო, ძირითადი პროფესიისგან განსხვავებული.

ყოფილი პატიმრებისთვის ეს დიდი პრობლემაა. თუ ადამიანს დასაქმება სურს და თან საპყრობილე აქვს ნანახი, შეუძლებელია მან არ იცოდეს, დროის და შრომის ფასი. გათავისუფლებულს შრომა თუ ჯერ კიდევ შეუძლია, ამაში ხელს არ უნდა ვუშლიდეთ, ხელშემწყობი უნდა იყოს საზოგადოება, რომ დაუბრუნდნენ ყოფილი პატიმრები ცხოვრების ჩვეულ რიტმს, საზოგადოებას.

ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მთავარია იმედი არ გაქრეს, ძალიან ცოდოა და ცოდოსაც რომ თავი დავანებოთ, საშიშია ადამიანი, რომელიც ყველაფერს მუქად, უიმედოდ ხედავს,“ – ამბობს ყოფილი პატიმარი.

სტაბილური სამსახური ვერ იპოვა, მაგრამ თვითდასაქმებაზე ფიქრობს. ამაში გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ეხმარება, ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში გიორგიმ ამერიკული კაკლის ნერგები შეიძინა. გვეუბნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერა სტიმულია ყველა ნასამართლევისთვის, ვისაც რაიმე საქმის წამოწყება სურს და სამოქმედო გეგმა აქვს. გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებისა, გურიის ახალგაზრდულმა რესურცენტრმა გიორგი სამედიცინო მხარდაჭერის პროექტშიც ჩართო, რაც ექიმთან ვიზიტებს, ლაბორატორიულ კვლევებსა და მედიკამენტების შეძენას გულისხმობს.

ჯანმრთელობის პრობლემებს, ხერხემლის არაერთ ოპერაციას, გიორგისთვის ხელი არ შეუშლია მიწის დამუშავებასა და სამეურნეო სამუშაოებზე ეფიქრა: ამერიკული კაკლის ჯიშის, ჩანდლერის შესახებ ბუკლეტებიდან შეიტყო. ამერიკულ კაკალს თხელი ნაჭუჭი, სავსე გული და კარგი მოსავლიანობა აქვს – ერთი ძირი 150, 200 კგ-ს ისხამს ამერიკაში, საქართველოში – 80-დან 120 კგ-მდე ნაყოფი კარგ მოსავლად მიიჩნევა. ბაზარზე კაკლის ამ ჯიშზე მოთხოვნა მაღალია და 1 კგ. დარჩეული ნიგვზის ფასი სტაბილურად 21- 23 ლარია. კაკალი კი კილოგრამი 11-13 ლარი ღირს. შემოსავლიანია ასევე ამერიკული კაკლის ნერგების ბიზნესიც: თითო 20 ლარი ღირს და მოთხოვნა ნერგებზე მაღალია.

ამერიკული კაკალი „ჩანდლერი”

გიორგის 3 ჰექტარი მიწა აქვს, აქედან 1 ჰექტარზე თხილი აქვს გაშენებული, დანარჩენზე  ამერიკული კაკლისა და ხეხილის ბაღის გაშენებას გეგმავს. როგორც თვითონ ამბობს, ნერგი ნიშანს დარგვიდან პირველსავე წელს იძლევა, სრულ მოსავლიანობას კი ექვს, შვიდ წელიწადში ელოდება.

ყოველწლიურად  თხილის ტონა-ნახევარ მოსავალს იღებს, მაგრამ წელს ნახევარი ფაროსანამ გაუნადგურა. გიორგის დიდი იმედი აქვს, რომ სახელმწიფო ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებს მავნებლის გასანადგურებლად.

გიორგიმ ამერიკული კაკლის გაშენებამდე სოფელ ჯვარცხმის ნიადაგი შეისწავლა, თიხნარი, მცირეტენიანი ნიადაგი შესაფერისი აღმოჩნდა ახალი ჯიშისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა რეალურად საქმეს.

სამ ჰექტარ მიწაზე თხილისა და კაკლის გარდა გიორგი ყვავილების სათბურების მოწყობაზეც გვიამბობს:

„მინდა ყველაფერთან ერთად ყვავილების სასათბურე მეურნეობაც მქონდეს: მიხაკის, ტიტებისა და ვარდის სათბურები. პანაშვიდების, ქორწილებისა და დღესასწაულების დროს ხალხი ჩოხატაურში დადის ჩვენი სოფლიდან ყვავილების საყიდლად“.

ეს კიდევ არ არის ყველაფერი: აქტიურობით გამორჩეულ ყოფილ პატიმარს სოფელში სახლი და ეზო აქვს, სადაც სამომავლოდ საოჯახო სასტუმრო და „გურული ეზო“ უნდა მოაწყოს ტურისტებისთვის. სოფელი ჯვარცხმაში კურორტ ბახმაროსა და ნაბეღლავთან დამაკავშირებელი გზა გადის. გიორგი გვეუბნება, რომ აქაურობას ტურისტები არასდროს აკლია. მართალია, სახლი ჯერ არ არის კეთილმოწყობილი და ეზოც მოსაწესრიგებელია, მაგრამ ამერიკული კაკლის ბაღის მსგავსად, ის ამ იდეას აუცილებლად აქცევს რეალობად.

„მინივენი მყავს და როცა საოჯახო სასტუმროს მოვაწყობ, აუცილებლად დავგეგმავ  ტურებსაც.

აქტიურობის გარდა სხვა გზა არ არის. მარტო სოფლის მეურნეობის იმედად ვერ იცხოვრებ, ახლა ფაროსანაა, ხვალ შეიძლება ხმალოსანა გამოჩნდეს და ასეა, ყველაფერს ვერ გათვლი. ამიტომაა საჭირო სტაბილური შემოსავალი, თუნდაც დაბალი ანაზღაურებით, რომელსაც ვერ ვპოულობ. ჩაკეტილმა სამყარომ ადამიანების ამოცნობა, დროის ფასი, დაფიქრება და წინდახედულება მასწავლა. პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე ვარ, რატომ ვერ ახერხებენ დამსაქმებლები წინასწარი განწყობები მოიშორონ, ჩემთვის გაუგებარია“.

გიორგის აზრით, სოფელს ნელ-ნელა დაედება ფასი, შესაბამისად, არ უჭირს საკუთარი მომავალი სოფლის მეურნეობაში დაინახოს. „ქალაქში ჩასულები მალე გახდებიან იძულებულები დაბრუნდნენ სოფელში და მიწას მიუბრუნდნენ. თუ ფერმერები, მეურნეები გაძლიერდებიან და გააქტიურდებიან, ბევრი რამ შეიცვლება უკეთესობისკენ,“ – ამბობს ყოფილი პატიმარი და განაგრძობს ბუღალტრის კურსებზე სიარულს, ახალგაშენებულ კაკლის ნერგებზე ზრუნვას და სოფლის სახლის სასტუმროდ ქცევაზე ფიქრს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან