რატომ ევროპა? – ვისწავლოთ როგორ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო

შოთა მორთულაძე, სტუდენტი

„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“. ეს სიტყვები საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა.

რა არის ევროპა? რა ღირებულებები გააჩნია მას? რას გვთავაზობს ის? კითხვები, რომლებზეც საქართველოს საზოგადოების ნაწილმა პასუხი არ იცის და არც სურს, რომ გაიგოს, ვინაიდან ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის ღირებულებებითა და იდეოლოგიით ცხოვრობენ. ყველაზე ცუდი კი არის ის, რომ ცდილობენ მათი ეს უაზრო, სრულიად არასასურველი და არაფრის მომტანი იდეოლოგიით შეიპყრონ მომავალი თაობის გონება.

2017 წლის ზაფხულში მოსკოვიდან სტუმრად მეწვია მეგობარი, რომელთანაც პოლიტიკაზე, რუსეთ-საქართველოს დღევანდელ ურთიერთობასა და ევროპულ ღირებულებებზე მომიწია საუბარი, თუმცაღა ამას კამათს უფრო დავარქმევდი. მან დაიწყო რუსეთის მაღალფარდოვანი სიტყვებით დახასიათება და მისი ღირებულებების აღფრთოვანებით გადმოცემა. მაგრამ აი, დადგა ჩემი დროც და როდესაც რეალური, ობიექტური და ზუსტი არგუმენტები ჩამოუყალიბე, მან რუსეთი მხოლოდ ერთი რამის გამო აღიარა ევროპაზე უკეთესი ღირებულებებისა და ცხოვრების მომცემად – მან თქვა, რომ რუსეთში ნებისმიერ ადგილას შეუძლია თავისი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რაც ევროპაში შეუძლებელია. მის მიერ მოყვანილ მაგალითს კი ამტკიცებდა, რომ ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების აკრძალვა (ქუჩაში) ადამიანის უფლებების დარღვევაა, რასაც თითქოსდა ევროპა ჩადის.

საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს რუსი ქალების, 37 მანეთის, ქართველების, საქართველოს სიყვარულისა თუ მეორე რუსეთის შესახებ მითები. ამ ყოველივეს კი თან ერთვის წინა თაობის  ნაწილის უაზრო სიყვარული რუსეთის მიმართ, ისინი ჯერ კიდევ მისტირიან საბჭოთა კავშირს, იაფ საჭმელს თუ უფასო ბინებს და დაუსრულებლად ჰყვებიან იმ სიკეთეების შესახებ, რომელიც ,,კეთილმეზობლური ურთიერთობის“ დროს გვქონდა რუსეთთან.

როდესაც ვიწყებთ ევროპაზე საუბარს, ბევრ რამეს უარყოფითად აღვიქვამთ და ევროპას წარმოვისახავთ, როგორც თითქოსდა ძალას, რომელიც გვართმევს ტრადიციებს, სარწმუნოებას, ქართველობას და ამ დროს აღფრთოვანებით გვჯერა ერთმორწმუნე რუსეთის, ქვეყნის, რომელიც ცდილობს გააქროს თითოეული ის ტრადიცია, ღირებულებები და ისტორია, რაც საქართველოს უკავშირდება. მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი მთელი ძალით ცდილობს ქართული კვალის წაშლას, ღებავს უძველეს ფრესკებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს თავზე რუსულ გუმბათებს ადგამს და ანადგურებს, მაშინ, როდესაც არაერთი ქართული ტაძარი, არქიტექტურის ნიმუში თუ რელიქვია, სწორედაც ევროპის მხარდაჭერით, უშუალოდ კი მათი ფინანსებით რესტავრირდება და უბრუნდება თავის პირვანდელ სახეს.

ჩვენ, ქართველებს ევროპა გარყვნილების ბუდედ წარმოგვიდგენია, სადაც ოჯახში თითქოსდა არანაირი პატივისცემა არ გამოიხატება, სადაც ოჯახის წევრებს ერთმანეთი არ უყვართ და შვილებს 18 წლიდან უშვებენ სახლიდან, დამოუკიდებელი ცხოვრების შესასწავლად. ჩვენთან კი, 30 წლის ადამიანები დედასთან ცხოვრობენ. ჯერ კიდევ დედიკოს ბიჭებს რეალურ ცხოვრებაში თავი მაინც მაგარ ბიჭებად წარმოუდგენიათ. ამავდროულად, თუ საყვარელი არ ჰყავთ, არათუ სხვებს, არამედ თავადაც კი ეჭვი ეპარებათ თავიანთ მამაკაცურობაში – საყვარელი ხომ მათთვის მამაკაცურობისა და სიძლიერის ნიშანია. არადა სახლში ცოლ-შვილი ჰყავთ, რომლებიც არა ქმრის/მამის შრომით, არამედ დედის ან ე.წ. მაყუთიანი მამამთილის გასქელებული ჯიბით ირჩენს თავს.

მიგვაჩნია, რომ ევროპასთან მიახლოვება გვაიძულებს ერთსქესიანთა ქორწინებას. აი, ამ ტერმინის გაგონებაზე სისხლი გვიდუღს, რელიგიას ამოფარებულები გავრბივართ ქუჩაში არარსებული გეების დასახოცავად, ქართველობის დაცვის ეგიდით. ვეწინააღმდეგებით ანტიდისკრიმინაციულ კანონს ისე, რომ შიგნით არასდროს ჩაგვიხედავს, არ ვიცით რის უფლებას ან სხვებისადმი რისი მოთხოვნის შესაძლებლობას გვაძლევს ის.

ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სკოლებში სქესობრივი განათლების შესახებ ინფორმაციის შეტანას. ადამიანს ვტოვებთ გამრავლების შესახებ საგანმანათლებლო სახელმძღვანელოებში არსებულ თემებს, თითქოსდა სექსი არ არსებობს, ამაზრზენად ვუყურებთ ადამიანებს, რომლებიც 1000-კაციანი ქორწილის გადახდის და საქორწინო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის (მოწმობის) გარეშეც ცხოვრობენ ერთად, იმავდროულად კი სიხარულით ვთანხმდებით 15-16 წლის არასრულწლოვნების ქორწინებაზე და რუსეთის აღვირახსნილ ცხოვრებაზე მუდმივად ვოცნებობთ.

სინამდვილეში ევროპა თავისუფლებაა, მაგრამ განსხვავებულ ღირებულებებსა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებული. ევროპა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, მაშინ როდესაც, რუსეთში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ტერორში ცხოვრობენ. ევროპა, ეს არის დემოკრატიული ღირებულებები ჰარმონიზაციის სივრცე.

თუნდაც ავიღოთ მედია და შევადაროთ რუსეთისა და ევროპის მედიასაშუალებებს: ევროპაში მედია თავისუფლებაა, ის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, მაშინ როდესაც რუსეთში ჟურნალისტურ საქმიანობას აკონტროლებენ. საქართველოშიც პოლიტიკურ პარტიებს დანაწილებული აქვთ სატელევიზიო არხები – ეს არის პარტიები თავიანთი ტელევიზიებით.

საქართველოში გინახავთ პარლამენტში დებატები, რომელიც წინა ხელისუფლების ლანძღვისგან შორს დგას და მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს? ალბათ არა.

ევროპა მაგალითია იმის, როგორ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო, როგორ ავაშენოთ და გავაძლიეროთ ის, როგორ ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებას კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების უფლებას არ მისცემს. ევროპა მაგალითია იმის, თუ როგორ გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, როგორ დავიცვათ ის, როგორ შევქმნათ ბედნიერი მომავალი და, იმავდროულად, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ირგვლივ მყოფნიც  თავისუფლები იყვნენ.

რატომ გვწყუროდა უვიზო მიმოსვლა? იმიტომ, რომ ეს მოგვცემდა საშუალებას გვენახა რა არის ევროპა, გვენახა როგორია ორგანიზებული, გამწვანებული, მოწესრიგებული და თავისუფალი მოძრაობა, მშვიდი და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხარისხიანი პროდუქტი, რაც მთავარია, კეთილგანწყობილი ხალხი. გვენახა, რომ ცხოვრება 50 წლის შემდეგაც არსებობს, რომ 51 წლის ქალსა თუ მამაკაცს ისევე შეუძლია კლუბში  გართობა, როგორც ასაკით ბევრად ახალგაზრდებს, გვენახა 51 წლის ადამიანები ნათელ ფერებში გამოწყობილნი, ხოლო უკან დაბრუნებულებს ჩვენც გაგვჩენოდა მსგავსი გარემოს შექმნის სურვილი.

აი, რატომ ევროპა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.