ზონალური საბჭოს წევრები ასათიანის #8-ში ისტორიული სახლის შესაძლო დემონტაჟზე

ბათუმში, ლუკა ასათიანის #8-ში, ისტორიული სახლის ნაცვლად ახალი რვასართულიანი სახლის აშენების წინადადებაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ერთხელ უკვე თქვა უარი – სიმაღლის გამო.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ საბჭოს ახალ, „მოსაწონ პროექტს“ წარუდგენენ, ბათუმში კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეიძლება დაანგრიონ?  საბჭო მხოლოდ ახალი პროექტის გაბარიტებზე იმსჯელებს, თუ საკითხს ისტორიული შენობის გადარჩენის ჭრილში განიხილავს? – „ბათუმელები“ საბჭოს თითოეული წევრის პოზიციით დაინტერესდა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს თავმჯდომარე, სააგენტოს ხელმძღვანელი, ლაშა ასლანიშვილია. მან პირველი განხილვის დროს ახალ პროექტს ლუკა ასათიანის რვაში მხარი არ დაუჭირა. ახლა კი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ამ სახლთან მიმართებაში სუბიექტურად არ მიიღებს.

ლაშა ასლანიშვილი

„გადავწყვიტე, რეკომენდაციის მიღების მიზნით, პროექტი გადავაგზავნო რამდენიმე ორგანიზაციაში. ეს ორგანიზაციებია იკომოსი, ჩუბინაშვილის ხელოვნების ინსტიტუტი და ეროვნული სააგენტო, რომ არ ვიყოთ სუბიექტურები. ხშირად ერთი მხარეც და მეორეც, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და ვინც ძეგლს იცავს, არ არიან სპეციალისტები, ამიტომ  მართალი რომ ვიყო, პროექტს გავაგზავნი. მაინტერესებს, როგორც მოსაზრება, ასევე რეკომენდაცია, ანუ რა შეიძლება გავაკეთოთ“.

ლაშა ასლანიშვილის თქმით, სახლი არ ატარებს ძეგლის სტატუსს და ის არც „გეოგრაფიკს“ შეუტანია სარეკომენდაციო სიაში, ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ.

„ეს სიმაღლე ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ რუსთაველის ქუჩიდან მაღალი მასშტაბის შემოტანა იქნება ტენდენციური ამ ქუჩაზე, პლუს ამას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია გვერდით – #7-ში და #11-ში. გარდა ამისა, ეს შენობა შეიცავს ბათუმისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ნიშნებს,“ – აცხადებს ლაშა ასლანიშვილი.

შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარეს, ჯერჯერობით, არ აქვს პასუხი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ სახლთან დაკავშირებით: „ხომ მეუბნებიან – არ ხარ სპეციალისტი და როგორ წყვეტ ამ საკითხებსო, მე ხელოვნებათმცოდნეებისგან მომდის რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ვიღებ გადაწყვეტილებას. ეს პაქტიკა მინდა დავნერგო, ყველამ იცოდეს, რომ მარტო ჩემი, სუბიექტური გადაწყვეტილება არ არის და მე ვეყრდნობი სპეციალისტებს.“

ნებისმიერი პროექტის წარგენის შემთხვევაში ისტორიული სახლის დანგრევის წინააღმდეგი იქნება მირზა ცეცხლაძე – ზონალური საბჭოს წევრი, სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი.

მირზა ცეცხლაძე

„უარი ვთქვი ამ პროექტზე – მინდა, რომ ეს სახლი შენარჩუნდეს. დღეის მდგომარეობით ის ძეგლი არ არის, არც „გეოგრაფიკმა“ არ მიიჩნია სარეკომენდაციოდ  და არც სხვა რაიმე ხელჩასაჭიდი არსებობს, ამიტომ მას განვიხილავთ როგორც ძეგლის ზონაში არსებულ შენობას. მე კონსულტაცია ჩვენს ხელოვნებათმცოდნესთან გავიარე, რის შემდეგაც ჩამომიყალიბდა ხედვა, რომ იმ ძეგლებთან მიმართებაში უნდა შენარჩუნდეს არსებული შენობა. დემონტაჟის წინააღმდეგი ვარ და არც რაიმე სახით იერსახის შეცვლას დავთანხმდები,“ – ამბობს მირზა ცეცხლაძე.

ისტორიული სახლის დემონტაჟის წინააღმდეგია ნუგზარ ძნელაძეც, ზონალური საბჭოს კიდევ ერთი წევრი – ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია:

„წარმოდგენილი პროექტი ვერ აკმაყოფილებდა განაშენიანების კონტექსტს, რაც შეეხება არსებული შენობის ბედს, ალბათ საპროექტოს უნდა ემუშავა სხვა მიმართულებით დამკვეთთან ერთად, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო ძველი. როგორც ჩანს, მისი მდგომარეობა არც ისე ავარიული და სავალალოა. აქედან გამომდინარე დამკვეთსა და პროექტზე მომუშავე ჯგუფსაც მოუწევთ ახალი მიდგომით მუშაობა. ისე, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნას შენობის შენარჩუნება. უამრავი მეთოდი შეიძლება იყოს, რა ფორმატითაც შეიძლება ამ სიძველის შენარჩუნება“.

პირველი განხილვისას ახალ პროექტზე უარი თქვა საბჭოს წევრმა, ბათუმის მერიის ზედამხეველობის სამსახურის უფროსმა ზაალ მამუჭაძემ. მას ახალი რვასართულიანი სახლის პროექტი არ მოეწონა:

„მე რა შუაში ვარ ამ სახლის დანგრევა- არ დანგრევასთან დაკავშირებით. ახალი პროექტის ვიზუალი არ მომეწონა, თუ ახალ პროექტს შემოიტანენ, შევხედავ. კიდევ რა პრობლემაა. ამ სახლის გადარჩენა მნიშვნელოვანია თუ არა მაგაზე კომისიის თავმჯდომარემ უნდა ილაპარაკოს. მე მაგას ვერ გეტყვით. თუ ასე დადგება საკითხი, გავივლი კონსულტაციებს და მერე გადავწყვეტ. მე სამსახური მყავს და სამსახურთან გავდივარ კონსულტაციებს“.

ისტორიული სახლი დასანგრევად არც საბჭოს კიდევ ერთ წევრს – კახა შაშიკაძეს ემეტება, თუმცა არც მესაკუთრის უფლებები ავიწყდება. კახა შაშიკაძე საბჭოში აჭარის მთავრობას წარმოადგენს:

 

კახა შაშიკაძე

„საკითხი არ დგას ისე, თითქოს ეს სახლი განწირულია დასანგრევად, მე არ დავუჭირე მხარი ამ პროექტს, რადგან პროექტი არ მომეწონა. შესაძლებელია სამომავლოდ ისეთი პროექტი იყოს წარმოდგენილი, რომ საერთოდ არ მოხდეს ამ სახლის დემონტაჟი. მაინც და მაინც უნდა დაინგრეს? – ხომ შეიძლება ისეთი პროექტი წარმოადგინოს მესაკუთრემ, რომელიც არ ითვალისწინებს დანგრევას. დასანგრევად არც მე მემეტება, ბათუმისთვის დამახასიათებელი სახლია. გასაგებია, რომ მას არ გააჩნია ძეგლის სტატუსი, ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ გარკვეული ისტორია გააჩნია ამ შენობას. მე დავუჭერ მხარს პროექტს, რომელიც არ გაითვალისწინებს დანგრევას,“ – აცხადებს კახა შაშიკაძე.

კახა შაშიკაძის თქმით, საჭიროა მესაკუთრის უფლებების რეალიზებაც: „ის, რომ ამ სახლის მესაკუთრეა, სასჯელი არ უნდა იყოს მისთვის და თუ ეს პრივილეგიაა – ხელი უნდა შევუწყოთ. მას უნდა მივცეთ საშუალება, ისეთი პროექტი წარმოადგინოს, რომელიც დემონტაჟს არ გაითვალისწინებს… მაინც და მაინც რვა სართული რომ არ ააშენონ. როცა არ აქვს ძეგლის სტატუსი, ამას არც კანონი არ უკრძალავს და ვერ აუკრძალავ მესაკუთრეს, რომ განსახილველად თემა შემოიტანოს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული ვართ ქალაქის ბედით“.

პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ახალაძემ, ის ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსია.

ისტორიული ცნობების მიხედვით, სახლი ლუკა ასათიანის #8-ში მე-19 საუკუნეში აუშენებიათ. ამ სახლში, 1917 წელს ალექსანდრე თიროშვილს უცხოვრია. ალექსანდრე თიროშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი