მთავარი,სიახლეები

საზოგადოებრივი მაუწყებელი 597 ათას ლარად 15 ავტომობილს შეიძენს

17.12.2017 • 2168
საზოგადოებრივი მაუწყებელი 597 ათას ლარად 15 ავტომობილს შეიძენს

საზოგადოებრივი მაუწყებელი 15 ერთეული მე-3 კლასის მსუბუქი ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც სულ 597 ათას 990 ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომობილებს მაუწყებელი თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურებით შეიძენს.

ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია, რომელიც მიმდინარე წლის 26 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა ავტომობილები საზოგადოებრივ მაუწყებელს, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღეში უნდა მიაწოდოს.

სხვადასხვა ტექნიკურ პირობებთან ერთად, მაუწყებელი ითხოვს, რომ ავტომობილების კარებების რაოდენობა „მაუწყებლის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით“ იყოს – 5 [ოთხი მძღოლის და მგზავრების და ერთი საბარგულის კარი]. ამასთან, ავტომობილების ძარის ფერი [სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბრენდის კორპორატიული ფერის გათვალისწინებით] უნდა იყოს – წითელი ან თეთრი [დაუშვებელია სხვა ფერის ავტომობილების შეთავაზება].

ტენდერის პირობების მიხედვით, „გეგმიური ფასიანი მომსახურების დაფინანსება ასევე განხორციელდება 2018, 2019 და 2020 წლებში. ავტომობილების საგარანტიო ვადა უნდა იყოს 5 წელი ძირითად აგრეგატებზე, 3 წელი ან 150000 კილომეტრი – სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა…

მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს ავტოტექმომსახურების გაწევისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობები და ქალაქ თბილისის ფარგლებში გამართული ავტობოქსი, სადაც მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურების გაწევა შემსყიდველის ავტომანქანებზე.


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაღალი გამავლობის, „სუზუკი ვიტარას“ მარკის 20 წითელი მსუბუქი ავტომობილი 728 822 ლარად უკვე შეიძინა.

ამ ავტომობილების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 2017 წლის ივლისში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო – სს „ფრანს ავტომ“ და შპს „ჯი-თი მოტორსმა“. ტენდერში „ჯი-თი მოტორსმა“ გაიმარჯვა. ამ ტენდერში ავტომობილის ფერი [მხოლოდ წითელი ] ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორის, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ერთი ავტომობილი 36 441 ლარი და 60 თეთრი დაჯდა. მისი თქმით, ეს რეალურ საბაზრო ფასზე 12 ათასი ლარით ნაკლებია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წითელი ჯიპები. ფოტო: პირველი არხი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: