მთავარი,სიახლეები

საზმაუ შესყიდვებზე ინფორმაციას ვეღარ გაასაიდუმლოებს – საიამ სასამართლო დავა მოიგო

04.06.2020 • 2661
საზმაუ შესყიდვებზე ინფორმაციას ვეღარ გაასაიდუმლოებს – საიამ სასამართლო დავა მოიგო

საზოგადოებრივ მაუწყებელს შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაავალდებულა. საუბარია კონტრაქტებზე, რომლებსაც მაუწყებელი სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთან აფორმებს. მაუწყებელში მიაჩნდათ, რომ შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ ეხებოდათ და ისინი ამ ტიპის ინფორმაციას ამ დრომდე არ გასცემდნენ. ჯერ უცნობია, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა ზემდგომ ინსტანციაში საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მაუწყებლის მიერ გაფორმებული კონტრაქტების მისაღებად  მას შემდეგ მიმართა, როცა მაუწყებლისგან ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო, მათ შორის, სარეკლამო მომსახურებების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ტიპის ინფორმაცია მაუწყებელმა უნდა გასცეს, რადგან იგი სახელმწიფო ფულს ხარჯავს.

„სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის პოზიცია, რომ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საჯარო ინფორმაციად მიჩნევა დაუშვებელია მასში პერსონალური მონაცემების ასახვის გამო, გაზიარებული ვერ იქნება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული იურიდიული პირის განხორციელებული შესყიდვის შედეგად შეძენილი მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული საჯარო ინფორმაცია და მათი გაცემა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ გამოიწვიოს ხელშეკრულებაში ასახული პერსონალური მონაცემების გამჟღავნება,“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

„ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა და უნდა შეეხოს საჯარო დაწესებულებებსაც,“ – მიიჩნევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნიკა სიმონიშვილი. მისი თქმით, ამ დრომდე მაუწყებელი და საჯარო უწყებებიც, მაგალითად, იურიდიულ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერდნენ, რომ „ინფორმაცია კონფიდენციალურია“ და  უწყება ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობდა კომერციული საიდუმლოების დაცვის მოტივით.

„სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ხელშეკრულებაში ამის ჩაწერა არაა საკმარისი და ადმინისტრაციულმა ორგანომ ცალკე უნდა გამოსცეს აქტი, რატომ მიიჩნევს კონკრეტულ ხელშეკრულებას კომერციულ საიდუმლოებად. ეს დასაბუთება უნდა შეესაბამებოდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, თუ რის გამო შესაძლოა მივიჩნიოთ კონკრეტული ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად,“ – განმარტავს ნიკა სიმონიშვილი.

იურისტის თქმით, ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების კუთხით, მაუწყებელმა ნებისმიერი კონტრაქტი უნდა გასცეს, როგორც საჯარო ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვით.

„აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გასცემდა ტელერადიო პროდუქტის შეძენასთან, ან მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას… სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ მხოლოდ მხარეთა შეთანხმება აღარ იქნება საკმარისი, რომ ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიონ და ეს ხელშეკრულებაში ჩაწერონ,“ – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა „ბათუმელებთან“.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის 27 ნოემბერს მიიღო, თუმცა მხარეს ნახევარი წლის გასვლის შემდეგ – 2020 წლის 29 მაისს გაუგზავნა.

„ეს დარღვევაა ფორმალური თვალსაზრისით, რადგან ერთ თვეში უნდა გაიგზავნოს… სასამართლო ამ კუთხით ხშირად განმარტავს, რომ საქმეთა სიმრავლის გამო ვერ ხერხდება გადაწყვეტილებების დროულად გაგზავნა. გასაჩივრების ვადა კი, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან აითვლება,“ – დასძინა საია-ს იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: